flash

ავტორი სალომე ხაჟომია

24.06.2021 13:40

10 გამოწვევა ონლაინ სწავლების დროს

ონლაინ სწავლება

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

Covid-19-ის პანდემიამ, ისევე როგორც ყველა სფეროზე, განათლების სფეროზეც იქონია გავლენა. ელექტრონულ რეჟიმში სწავლებაზე გადასვლამ ბევრი რამ შეცვალა და ეს ერთგვარი გამოწვევაა როგორც ლექტორებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის. 

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე მთლიანად ელექტრონულ სწავლებაზე გადავიდა. სრულიად განსხვავებული საგაკვეთილო მოდელი შემუშავდა და ასევე აუცილებელი გახდა სასწავლო პროცესში ჩართული პირებისთვის ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობა. 

ონლაინ სწავლების აუცილებელი კომპონენტია ტექნოლოგიები, რის გამოც მოსწავლეები თუ სტუდენტები აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს. 

ელექტრონული სწავლების მეთოდი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მანამდეც არსებობდა, თუმცა ის მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა. 

1.ინტერნეტის პრობლემა მაღალმთიან სოფლებში

მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს, გამორჩეულად მათ, ვინც ცხოვრობს მაღალმთიან სოფლებში, აქვთ ინტერნეტზე წვდომის პრობლემა, შესაბამისად, ონლაინ სწავლება ყველაზე დიდი გამოწვევაა მათთვის. მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ შეწყვიტა სწავლა ამ პრობლემის გამო და ისინი ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს. 

ქვემო ქართლის სოფლებში WiFi სულ რამდენიმე ოჯახს აქვს, დანარჩენი მოსახლეობა მობილურის ინტერნეტს იყენებს. თუმცა, ულიმიტო ინტერნეტის სიძვირის გამო, ისინი ამ ფორმითაც ვერ იყენებენ მას. მსგავსი სიტუაციაა თუშეთის სოფლებშიც, სადაც მობილური ინტერნეტის სრულყოფილი და უწყვეტი მიწოდება ვერ ხერხდება სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის. 

2.გამორთული ვიდეოთვალი

როგორც ლექტორების, ასევე მასწავლებლების შემთხვევაში, ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სტუდენტები და მოსწავლეები არ რთავენ ვიდეოთვალს, რადგან ამ დროს მასწავლებელსა თუ ლექტორს ექმნება განცდა, რომ ისინი თავიანთ თავს ესაუბრებიან. ხშირად დასმულ შეკითხვებზეც კი არ მოდის პასუხი არავისგან და ხელმძღვანელს რამდენიმეჯერ უწევს კითხვის გამეორება. ის ფაქტი, რომ მხოლოდ იმ ადამიანს აქვს ჩართული ვიდეოთვალი, ვინც რაიმეს ხსნის, უხერხულობისა და დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდა მათთვის. 

იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლეს ჩართული აქვს ვიდეოთვალი, მასწავლებელი ამყარებს მასთან ვიზუალურ კონტაქტს და ასე უფრო უადვილდება, გაიგოს, თუ რამდენად კარგად ესმის მოსწავლეს ახსნილი მასალა და ჩართულია თუ არა ის სასწავლო პროცესში. გამორთული ვიდეოთვალის დროს მოსწავლეები შეიძლება სხვადასხვა აქტივობებით იყვნენ დაკავებულები და ვერ ახერხებდნენ გაკვეთილზე ყურადღებით ყოფნას. 

ზოგჯერ იმის დადგენაც რთულია, მოსწავლეს თვალი გამორთული აქვს თუ ტექნიკური ხარვეზია, ან საერთოდ აქვს თუ არა ვიდეოთვალი, აქედან გამომდინარე მისი გამოყენება სავალდებულო ვერ ხდება. 

3.ერთი კომპიუტერი და რამდენიმე მოსწავლე ოჯახში

მოსწავლეებისა თუ სტუდენტების დიდ ნაწილს პერსონალური კომპიუტერი არ აქვთ და რამდენიმე ოჯახის წევრს უწევს ერთი კომპიუტერის განაწილება. შესაბამისად, ყველა მოსწავლე ვერ ახერხებს ერთდროულად გაკვეთილებზე დასწრებას. ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახები ქმნიან ინდივიდუალურ ცხრილებს და ბავშვები ინაწილებენ, თუ რომელ გაკვეთილებს დაესწრონ, რაც უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა და სწავლაზე. 

4.ინფორმაციის ათვისება ონლაინ

ელექტრონული სწავლების მეთოდი ტრადიციული მეთოდისგან სრულიად განსხვავებულია. მასწავლებლების ნაწილს მოუწიათ სრულიად შეეცვალათ ის გზები, რომლებსაც მოსწავლეებთან კომუნიკაციის დროს იყენებდნენ, მათ შორის აქტივობები, რადგან ონლაინ მათი განხორციელება შეუძლებელია. მასწავლებლები იყენებენ ელექტრონულ წიგნებსა და დამატებით სასწავლო მასალას, ასევე სხვადასხვა საიტზე აკეთებენ ტესტებს და აქტივობებს მოსწავლეებისთვის. 

რაც შეეხებათ სტუდენტებს, მათი ნაწილისთვის აუდიტორიაში ახსნილი მასალა უფრო გასაგებია, რადგან ყველას არ აქვს უნარი ინფორმაცია ონლაინ აითვისოს. ელექტრონული სწავლების ეფექტურობისთვის აუცილებელია ყველა სტუდენტი უზრუნველყოფილი იყოს კომპიუტერითა და ინტერნეტით. 

5.გარკვეულ შემთხვევაში მოსწავლეები და სტუდენტები გახდნენ ნაკლებად აქტიურები

ონლაინ სწავლებამ, ნაწილობრივ, მოსწავლეთა და სტუდენტთა პასიურობა გამოიწვია. ყველას არ აქვს იმის უნარი, რომ ონლაინ ისე აითვისოს ინფორმაცია და მიიღოს მონაწილეობა სასწავლო პროცესში, როგორც ამას  საკლასო ოთახში  ან აუდიტორიაში ახერხებდა. 

სკოლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა საკმაოდ აქტიურია. მათ გარეშე, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, ბავშვებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ ჩართვა, დავალებების გადმოგზავნა, ატვირთვა და ა.შ, ამიტომ მშობლებს შვილების დახმარება უწევთ ამ კუთხით და გარდა ამისა მასწავლებლები ვერ აკონტროლებენ მოსწავლეებს შინ თუ როგორ მუშაობენ, ნამდვილად ასრულებენ თუ არა მიცემულ დავალებებს, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში აკისრიათ მშობლებს და მათი დახმარება ძალიან  მნიშვნელოვანია.

6.პირვეკლასელები და პირველკურსელები აღმოჩნდნენ უცხო გარემოში, შესაძლოა მოლოდინიც კი გაუცრუვდათ

ონლაინ სწავლებაზე გადასვლა განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა მათთვის, ვინც სრულიად ახალ გარემოში გადაინაცვლა. პირველკლასელებმა ვერ მოახერხეს აღექვათ ის გარემო, რასაც სკოლა ჰქვია. მათ მასწავლებლების გაცნობა ონლაინ მოუწიათ და ასევე პირდაპირ ელექტრონულად დაიწყეს ინფორმაციის მიღება და ათვისება. მათ იმაზე მეტად სჭირდებათ მშობლების მხარდაჭერა, ვიდრე ეს საჭირო იქნებოდა საკლასო სივრცეში ყოფნისას. რაც შეეხებათ სტუდენტებს, რომლებიც ელოდებოდნენ სასურველ უნივერსიტეტებში შესვლას, აუდიტორიის აღქმა მათთვის უცხო დარჩა და ონლაინ მოუწიათ ახალ გარემოში შესვლა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ ორი კატეგორიის ადამიანებს გაუცრუვდათ იმედები და მოლოდინები. 

7.სასწავლო მასალის ონლაინ ჩაბარების პრობლემა

გაკვეთილის ან ლექციის ონლაინ ეფექტიანად ჩატარებას უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ვიდრე სასწავლო ოთახში ან აუდიტორიაში. ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, უფრო მეტი ელექტრონული სასწავლო მასალის მოძიება და განხილვაა საჭირო. დისტანციური სწავლება უფრო მეტ შრომასა და მომზადებას მოითხოვს, რადგან მასწავლებლები და ლექტორები ეკრანიდან ცდილობენ მიაწოდონ ინფორმაცია მოსწავლეებსა და სტუდენტებს. განსაკუთრებით დაბალკლასელების შემთხვევაში, ხშირად საჭიროა მშობლის დახმარება. 

8.სასწავლო პროცესისთვის მყუდრო გარემო 

ყველა მოსწავლესა თუ სტუდენტს არ აქვს იმის საშუალება, რომ იზოლირებულად იყოს საკუთარ ოთახში და ასე ჩაერთოს სასწავლო პროცესში. ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახი ბევრი წევრისგან შედგება და საკმაოდ ხმაურიანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასში რამდენიმე პატარაა. ეს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რადგან არა მარტო ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში მშვიდად ჩართვას, არამედ ბევრი მათგანი ვიდეოთვალსაც ვერ რთავს, რადგან არ აქვს ამის საშუალება. გამორჩეულად რთული სიტუაციაა მაშინ, როცა სახლი არ არის დიდი, ხოლო ერთდროულად რამდენიმე ადამიანია ჩართული როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სამუშაო გარემოში. 

9.მშობლების მოუცლელობა

კომპიუტერის არქონის დროს, ხშირია შემთხვევები, როცა დაბალკლასელ მოსწავლეებს საკუთარი ტელეფონები არ აქვთ და მშობლების ტელეფონებით უწევთ სარგებლობა. იმის გამო, რომ მშობლები სამსახურში არიან, საგაკვეთილო პროცესის დროს ტელეფონს სახლში ვერ ტოვებენ, რის გამოც ბავშვებს უჭირთ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. მასწავლებელთა გამოცდილებით, მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი გაუარესებულია და ამას, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ტექნიკური პრობლემები განაპირობებს. შესაბამისად ბავშვების ნაწილი სრულიად გამოეთიშა სასწავლო პროცესს. მშობლები ხშირად სამსახურის შემდეგაც ვერ ახერხებენ საჭირო დრო გამონახონ შვილებისთვის, რათა ის გაკვეთილები აუხსნან, რომლებზეც ვერ დაესწრნენ. შესაბამისად მშობელთა მოუცლელობა გავლენას ახდენს დაბალკლასელების შემთხვევაში. 

10.ონლაინ პროგრამების გამოყენება

სასწავლო ონლაინ პროგრამების გამოყენება პრობლემური აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის. მასწავლებლების გარკვეულ ნაწილში პრობლემას წარმოადგენს კომპიუტერთან მუშაობა, განსაკუთრებით ეს ეხება ასაკოვან მასწავლებლებს. მაღალმთიანი სოფლების სკოლებში მასწავლებელთა დიდი ნაწილი 60-65 წლისაა ან მეტის, შესაბამისად მათ ნაკლები შეხება აქვთ ტექნოლოგიებთან და საგაკვეთილო პროცესის წარმართვა უჭირთ. მასწავლებლების დიდ ნაწილს არ აქვს კომპიუტერი, ამიტომ მათ სწავლებისთვის სახელმწიფოს მიერ რეკომენდირებულ პროგრამაში Microsoft Team-ში ჩართვა მხოლოდ ტელეფონით შეუძლიათ, რის გამოც პრეზენტაციები, დაფა, კითხვარები გამოუყენებელი რჩება და აისახება სწავლების დონეზეც. მართალია ნაკლებად, მაგრამ მსგავსი პრობლემა შეექმნა ლექტორებს, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ აქტიური შეხება კომპიუტერთან.

ასევე თავიდან საკმაოდ რთული აღმოჩნდა ელექტრონული პროგრამების ათვისება მოსწავლეებისა და სტუდენტების გარკვეული ნაწილისთვის. თუმცა მათ ეს საკითხი შედარებით მარტივად დაძლიეს. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი