flash

ავტორი ნინა აგლაძე

13.04.2021 14:09

5 ფილმი, რომელიც ბულინგის შედეგებზე დაგვაფიქრებს

ბულინგი  ბევრი  ჩვენგანისთვის ნაცნობი მოვლენაა, რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ვეჯახებით. არ აქვს მნიშვნელობა, ვის როლში წარვდეგით - მჩაგვრელისა თუ ჩაგრულის, ანდაც სულაც მაყურებლები ვყოფილიყავით, რადგან ბულინგის შემთხვევაში რთულია გაავლო საზღვარი დამნაშავესა და მსხვერპლს შორის და ეს როლები ხშირად ცვალებადია.  

ჩვენ წარმოგიდგენთ 5 ფილმს ბულინგის სხვადასხვა მხარეზე,  იმაზე თუ რამდენად რთულია მისი დროულად ამოცნობა, რა ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს კონკრეტული სიტუაციების მიმართ გულგრილობამ. ჩვენ მიერ შერჩეული ფილმები,  საკმაოდ მძიმე სანახავია, თუმცა მათი შემქმნელების უპირველესი მიზანიც ჩვენთვის რეალობის შეულამაზებლად გადმოცემაა. შედეგებზე საუბარი მნიშვნელოვანია.

სპილო (ELEPHANT) რეჟისორი - გას ვან სენტი

ფილმი სპილოს მთელი სიმძიმე  რეჟისორის მიერ არჩეულ თხრობის მანერაშიც კი იკვეთება. როგორც მაყურებლები, ჩვენ ბეთჰოვენის “მთვარის სონატის” ფონზე, მშვიდ დინებაში ვეშვებით, რომელსაც არაფრით გამორჩეული სკოლის დერეფნებში მივყავართ. მოსწავლეების ცხოვრებაში ერთი შეხედვით უცნაური არაფერია. რეჟისორი ყველა  პერსონაჟის თვალით ცდილობს, გვაჩვენოს რა ხდება მათ გარშემო. აქ ყველა მოზარდი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგჯერ იჩაგრება, ზოგჯერ კი სხვას ჩაგრავს. ისინი მარტოები არიან, აწუხებთ ის რაც თითქოს ყველა თინეიჯერისთვის მტკივნეულია. საშუალო კლასების ორი მოსწავლე კი გადაწყვეტს სკოლის მშვიდ დერეფნებში ადამიანებზე ნადირობა მოაწყოს. სწორედ მაშინ ხვდება მაყურებელი რამდენად მძიმეა და დაუნდობელი გარემო, რომელშიც მათ არსებობა უწევთ. 

კლასი (Klass) - რეჟისორი ილმარ რააგი

მშობლები, რომლებიც შვილებზე ან გადამეტებულად ზრუნავენ ან ყურადღებას საკმარისად არ აქცევენ, მასწავლებლები, რომლებიც კონკრეტულ საკითხს არასერიოზულად ეკიდებიან, მგრძნობიარე და ემოციური მოზარდები, რომლებიც ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ და ათას ურჩხულს ებრძვიან თავიანთ გონებაში. დამნაშავე, ალბათ ყველა და არავინაა. ფილმში “კლასი”, რეჟისორი არამხოლოდ ბულერებსა და მათ მსხვერპლზე საუბრობს, არამედ გვაჩვენებს რა მოჰყვება უმოქმედობას მაშინ, როდესაც უსამართლობის მომსწრე ხარ და როგორ ისჯება სწორედ ამ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი მოზარდი. 

Bully (2001) რეჟისორი ლარი კლარკი

ფილმი რამდენიმე პრობლემური მოზარდის ამბავს გვიყვება. ისინი არ დადიან სკოლაში, მოიხმარენ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს, ტკბებიან თავისუფლებით ისე, როგორც მათ ეს სიტყვა ესმით.  ბობი და მარტი საუკეთესო, მეგობრები არიან, თუმცა ბობი, რომელიც ძალადობისკენაა მიდრეკილი, აბულინგებს ყველა მეგობარს, განსაკუთრებით კი მარტის, რისთვისაც საბოლოო ჯამში ისჯება. ეს არის ისტორია იმაზე, თუ რაზეა წამსვლელი ადამიანი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აბულინგებდნენ. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თოჯინების სახლში (Welcome to the dollhouse) 1995 - რეჟისორი - ტოდდ სოლონძი

ფილმი  აღგვიწერს ერთი თინეიჯერი გოგოს - დენის ამბავს.  ის თითქოს არავის უყვარს - არც ძმას, არც დას, ყურადღებას არც მშობლები აქცევენ, სკოლაშიც არამიმზიდველი გარეგნობისა და სათვალეების გამო ხშირად დასცინიან. ერთი კლასელი გაუპატიურებითაც კი ემუქრება. სიყვარულისა და დაფასების გარეშე დარჩენილს, მას თავისი ერთ-ერთი მთავარი ბულერი  მოეწონება და მასთან ურთიერთობის დაწყებასაც შეეცდება, თუმცა არც აქ გამოუვა რამე. ფილმი არაჩვეულებრივად გვიხატავს იმ ადამიანის სამყაროს, რომელიც მოკლებულია სითბოსა და თანაგრძნობას.



ტბა (1998) - რეჟისორი კახა კიკაბიძე

ამ სიას ვასრულებთ კახა კიკაბიძის 1998 წელს გადაღებული ფილმით “ტბა”. სიუჟეტის მიხედვით,  მას მერე რაც მამას თვალწინ მოუკლავენ, მთავარი გმირი - ზურა,საცხოვრებლად  სოფლიდან ქალაქში დედასთან ერთად გადმოდის . მძიმედ ტრავმირებული მოზარდი სკოლაში ერთ-ერთი მთავარი ბულერი და ჩხუბისთავია. ბიჭებს სრულიად არაფრისთვის  სასჯელს უგონებს და ყველა უსიტყვოდ ემორჩილება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ  ზურა შეიცვლება და ამჯერად სხვების ნაცვლად საკუთარ თავს დასჯის. 

შოთა

შოთა

თქვენ რატომ იგდებთ მასხრად ქართულ ენას მაგ ,,ბულინგით"? მტრები ხართ თუ ჩლუნგები?

15.04.2021 00:00

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი