flash

ავტორი სალომე ხაჟომია

02.07.2021 16:40

6 ფილმი, რომელიც ლგბტ თემის პრობლემებზე მოგვითხრობს

ფილმები

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

ლგბტ თემაზე და მათ პრობლემებზე ბერს წერენ, განსაკუთრებით კი ამ დღეებში, როცა სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით პრაიდი იმართება. ნაწილი ამ ფაქტს ჩვეულებრივად იღებს, ზოგს ისევ მკვეთრი რეაქცია აქვს და აგრესიასაც სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. ფილმები ერთ-ერთი გზაა იმის გასაგებად, თუ რა პრობლემების წინაშე დგებიან ლგბტ თემის წარმომადგენლები და როგორია მათი ცხოვრება სირთულეებთან ერთად. 

ჩვენ წარმოგიდგენთ 6 ფილმს, რომელიც ლგბტ თემის ცხოვრებას ასახავს.

მილკი/Milk (2008)

მილკი ბიოგრაფიული ფილმია, მოგვითხრობს ამერიკელი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსის, ჰარვი მილკის, შესახებ, რომელმაც პირველმა საქვეყნოდ აღიარა თავისი ორიენტაცია. იგი ხალხის მიერ იყო არჩეული სან-ფრანცისკოს მმართველობაში და გეი-აქტივისტის სახელით ცდილობდა ჰომოსექსუალთა უფლებების დამცავი კანონპროექტების მიღებას. ამ ფილმმა საუკეთესო სცენარისთვის ოსკარიც კი მიიღო.

 

კუზიანი მთა/Brokeback Mountain (2005)

ფილმს საფუძვლად ანი პოუქსის მოთხრობა უდევს, რომლის თანახმადაც ორი შეყვარებული კოვბოი ვაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე ცხვრების ფარის სამწყემსად მიდიან და ერთმანეთი უყვარდებათ. მთავარი მსახიობები, ჰიტ ლეჯერი და ჯეიკ ჯილენჰოლი, იმ ორი ადამიანის განცდებს გადმოსცემენ, რომლებიც მოექცნენ ეპოქის წნეხის ქვეშ და აღწერილია მათი აკრძალული, უიმედო სიყვარული. ამ ფილმმა სამი ოსკარი მოიპოვა. 

 

ქეროლი/Carol (2015)

მოქმედება 1950-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება. საზოგადოების ორი განსხვავებული სოციალური წრის ქალს უყვარდებათ ერთმანეთი. ერთ-ერთი მათგანი არის ტერეზა, რომელიც მანჰეტენის უნივერსალურ მაღაზიაში გამყიდველია და მისი ოცნება საკუთარი თავის რეალიზებაა. ის მომხიბვლელ ქალს ხვდება, რომელიც უსიყვარულოდაა დაქორწინებული. მათ შორის ღრმა კავშირი ჩნდება. 

 

და ჩვენ ვიცეკვეთ/And then we danced (2019)

ეს არის გეი-სიყვარულზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმი და ორი მამაკაცის, ირაკლისა და მერაბის, სიყვარულზეა დაფუძნებული. მერაბი ბავშვობიდან ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლის წევრი იყო. მოგვიანებით მის ცხოვრებაში გამოჩნდება ირაკლი, რომელიც მისი კონკურენტიცაა და სურვილიც. მერაბი გადაწყვეტს, რომ კონსერვატიული გარემოსგან გათავისუფლდეს და რისკზე მიდის. ამ ფილმმა გაიმარჯვა “საუკეთესო ფილმისა” და “საუკეთესო მსახიობის” კატეგორიებში. 

 

 

 

ლურჯი ყველაზე თბილი ფერია /Blue Is The Warmest Color(2013)

ფრანგული თინეიჯერული ასაკის რომანტიკულ-დრამატული ფილმი, რომლის მთავარ როლში მყოფ გოგონებს, ადელსა და ლეას ერთმანეთი უყვარდებათ. 15 წლის ადელი მანამდე არ ფიქრობდა იმაზე, მოსწონდა თუ არა ბიჭები, თუმცა როცა ის ლურჯთმიან გოგონას ემას ხვდება, მისი ცხოვრება იცვლება. ემა მას საკუთარი სურვილების აღმოჩენასა და თავის დამკვიდრებაში ეხმარება. 

ეს ფილმი დაფუძნებულია ჟული მარუს, ამავე სახელწოდების გრაფიკულ რომანზე. ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე და პრიზები მიენიჭათ როგორც რეჟისორს, ასევე მსახიობებსაც.

 

ლოცვა ბობისთვის/Prayers For Bobby (2009)

ფილმი რელიგიური დედის, მერი გრიფიტისა, და მისი გეი შვილის, ბობის, ურთიერთობის ტრაგიკულ ამბავზეა დაყრდნობილი. დედა ბიჭის სურვილს ეწინააღმდეგება და მოუწოდებს, ეკლესიაში ნახოს ნუგეში, თუმცა ბობი ასეთი რეაქციისა და უნუგეშობის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. დედა ამ ფაქტის შემდეგ, სექსუალური უმცირესობების ინტერესების დამცველი ხდება. ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება და ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი