ავტორი Sandro

12.12.2018 11:50

"პარიზული მაიდანი" - როგორია კრემლის როლი "ყვითელი ჟილეტების" აქციებში?

"პარიზული მაიდანი" -  როგორია კრემლის როლი "ყვითელი ჟილეტების" აქციებში?

 

ზუსტად 70 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა.

რატომ მივიღეთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია?

ფაქტობრივად, ამგვარად მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ საშინელებებს ვუპასუხეთ. საქმე ისაა, რომ ომის შემდეგ სახელმწიფოებმა გაიაზრეს ერთიანი მსოფლიო თანამეგობრობის შექმნისა და საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილობრივ შეზღუდვის აუცილებლობა.

ყველაფერთან ერთად, “ადამიანის უფლებები” ღირებულებეთა სისტემაც უნდა ყოფილიყო, რომელსაც მსოფლიოს  ახალი წესრიგი დაეფუძნებოდა. დეკლარაციის თანახმად, სახელმწიფოები აღიარებდნენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, იბადება თანდაყოლილი უფლებებით (სიცოხლის, თავისუფლების, ხელშეუხებლობის და ა.შ.) და იღებდნენ ვალდებულებას, დაეცვათ ეს უფლებები.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებები უნდა გადაქცეულიყო ფარად, რომელიც მოქალაქეს სახელმწიფოსგან და უმცირესობას უმრავლესობისგან დაიცავდა.

1950 წლიდან მოყოლებული, ყოველ 10  დეკემბერს მსოფლიოს ქვეყნები ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

 

ფაქტები:

  • “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას” გაეროს წევრი 193ვე ქვეყანა აწერს ხელს.

  • ადამიანის უფლებების ცნება ვერტიკალურია. ანუ ის არეგულირებს მხოლოდ მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობას.

  • ადამიანის უფლებები, ნებისმიერი სხვა უფლების არ იყოს, კონკრეტული მხარის ვალდებულებებს ეფუძნება. ანუ, მარტივად -  მოქალაქეს იმიტომ შეუძლია, სახელმწიფოს საკუთარი უფლებების დაცვა მოსთხოვოს, რომ ამ უკანასკნელმა მათი დაცვის ვალდებულება აიღო.  

  • ამავდროულად, კონცეფციის თანახმად, არ არსებობს არავითარი კავშირი ერთი კონკრეტული პირის ვალდებულებებსა და მის ადამიანის უფლებებს შორის. ანუ საკუთრივ ადამიანის დაბადების ფაქტი საკმარისია საიმისოდ, რათა მას უფლებები მიენიჭოს.

  • 1948 წლიდან 2006 წლამდე ფუნციონირებდა გაეროს კომისია ადამიანის უფლებათა საკითხებში. 2006  წლიდან, გაეროში ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელი ორგანო ადამიანის უფლებათა საბჭოა. ასევე გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

 

რა ხდება მსოფლიოში?

ცხადია,  “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების მიღების შემდეგ სამყარო სამოთხედ არ იქცა. მეტიც, ცნობილი რუსი უფლებადამცველის, ლიუდმილა ალექსეევას თქმის არ იყოს,  მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები არ ირღვევა. ხელისუფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტები არიან, თავადვე გამუდმებით არღვევენ მათ.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ორგანიზაცია Amnesty International 2018 წლის საგანგაშო სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. ფოკუსში მოხვდა პრობლემები ქალთა უფლებების, უთანასწორობასთან ბრძოლის, ლტოლვილთა უფლებების და მრავალ სხვა სფეროში.

 

 

აბორტი და კონტრაცეფცია

დედობის ასაკში მყოფ ქალთა 40% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც აბორტის გაკეთება სასტიკადაა აკრძალული. მეტიც 225 მილიონ ქალს არ აქვს წვდომა კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე.

 

 

რა ხდება საქართველოში?

ამ მხრივ, რბილად რომ ვთქვათ, იდეალური მდგომარეობა არც საქართველოშია. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) შეფასებით, გასულ წელთან შედარებით, ვითარება, საერთოდაც, გაუარესებულია. ორგანიზაციის ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება გამოხატვის უფლების შეზღუდვაზე (“აიისას” საქმე, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯადობის შემოღების ტენდენცია); შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვა (ზვიად სარალიძისთვის კარვის გაშლის აკრძალვა, ბასიანის სპეცოპერაცია); სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა (სისტემური ხარვეზები სასამართლო ხელისუფლებაში და აქედან გამომდინარე, უნდობლობა სასამართლოს ისნტიტუტის მიმართ); ამომრჩეველთა მოსყიდვა, ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს.

ამასთანავე GDI პოზიტიურ ცვილებებსაც უსვამს ხაზს. კერძოდ, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით. ამის მაგალითია სანქციის გამკაცრება ოჯახში ძალადობის პირველსავე შემთხვევაზე, გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის გაზრდისა და შემაკავებელი ორდერის გამოცემის გაზრდილი მაჩვენებელი.

საქართველოში შექმნილ ვითარებაზე უფრო დეტალურად მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

 

კითხვები:

თქვენი აზრით, გახდა სამყარო უკეთესი “ადამიანის უფლებების” ცნების შემოღების შემდეგ?

ხედავთ თუ არა პროგრესს “ადამიანის უფლებებისთვის” ბრძოლაში?

რამდენად ეფექტურად მუშაობს გაერო?

რამდენად ეფექტურია უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობა?

როგორ შეაფასებდით ამ მხრივ ვითარებას საქართველოში?

 

ილუსტრაციები შექმნილია ანა თავართქილაძის მიერ

ჯაბა256

ჯაბა256

საყოველთაო არა, ხურმა. ვინც ძლიერია ის მართალია. ეს არის ეწ. "ტრიუკი", რომელიც ძლიერ სახელმწიფოებს სუსტების გაკონტროლების საშუალებას აძლევს (მიუხედავად იმისა, რა ვითარებაა თვითონ ძლიერ სახელმწიფოში). როგორაა საყოველთაო, როცა რამდენიმე ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე აკრძალულია მისი გარკვეული საკითხები? ამიტომ ყურს ნუ გვიჭედავთ, ვინც ამას წერთ მართლა უცხო ძალების აგენტები ხართ. არ იყო ადამიანის უფლებები საქართველოს სამეფოში, მაგრამ სამართლიანობა უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი.

11.12.2019 06:47

სახელი

კომენტარის დამატება