flash

ამბებს მიღმა ადამიანები - ლიკა კვირკველია

ამბებს მიღმა ადამიანები - ლიკა კვირკველია

ამბებს მიღმამ გადავწყვიტეთ, ვისაუბროთ უცნობ ადამიანებზე, ვისი ცხოვრებაც სხვისთვის, შესაძლოა, მოტივაციად იქცეს. 

„ეს არის საქმე, რომელიც მინდა მთელი ცხორების მანძილზე ვაკეთო. რაც არ უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს და რაც არ უნდა ბევრი პრობლემა მქონდეს, როცა მოედანზე ფეხს ვაბიჯებ, ეს ყველაფერი გარეთ რჩება, რაც ძალიან დიდი სიამოვნებაა ჩემთვის’’-ამბობს ლიკა კვირკველია, 16 წლის კალათბურთელი ქობულეთიდან. 

ლიკა ერთ თვეზე მეტია ესპანეთის ქალაქ სანტაკრუზში ცხოვრობს. ყველაფერი  სამი წლის წინ დაიწყო. ის სიმაღლით ყოველთვის გამოირჩეოდა, ამიტომ კალათბურთის თამაში გადაწყვიტა.  მალევე მიხვდა, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც  მთელი ცხოვრების განმავლობაში სურდა. თამაში ბათუმში დაიწყო, სადაც გოგონების გუნდი არ არსებობდა, ამიტომ ბიჭების გუნდში უწევდა ვარჯიში,  ცოტა ხანში მის ცხოვრებაში ზაზა ფაჩულიას აკადემია გამოჩნდა. ლიკა ქობულეთიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და სავარჯიშოდ. მისი ფიზიკური მონაცემები და შესაძლებლობები შეუმჩნეველი არ დარჩა და მალევე ესპანეთის გუნდმა შესთავაზა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ლიკამ სამი წელი სრულიად უფასოდ ესპანეთის ადგილობრივ გუნდში “C.B ADAREVA TENERIFE’’ უნდა ითამაშოს. სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში ახალი ცხოვრების დაწყება მარტივი არ აღმოჩნდა. არც მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების მონატრება იყო იოლი, თუმცა ახლა ყველაფერს ეგუება და კითვაზე -  ’’ყველაზე მეტად ვინ გენატრებოდათ საქართველოდან წასვლის შემდეგ’’, ასე გვპასუხობს:  ‘’როცა ჩამოვედი, ჩამოვედი დედასთან ერთად და ერთი კვირის განმავლობაში დედა ჩემთან ერთად იყო რამაც, რა თქმა უნდა, გაამარტივა შეჩვევის პერიოდი. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები ყველაზე მეტად მენატრება, განსაკუთრებით დედა, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა. მისი უდიდესი დამსახურებაა დღეს სადაც ვარ და როგორც ვარ. რა თქმა უნდა, მენატრება მეგობრები, მენატრება ძველი გუნდელები, მწვრთნელები’’.

"კალათბურთი გოგოებისთის არაა"; "წადი სხვა რამე გააკეთე’’; "გოგო ხარ და რა აზრი აქვს კალათბურთის თამაშს’’ - მსგავსი ფრაზები ხშირად გვსმენია ქალი სპორტსმენების მისამართით. არც ლიკა აღმოჩნდა გამონაკლისი. მისთვის ამ გზის გავლა მარტივი არ აღმოჩნდა, საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებაც ხშირად უგრძვნია და სტერეოტიპების მსხვერპლიც გამხდარა. თუმცა ლიკას ამ ყველაფერზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს:   „ჩემი აზრით, არასდროს არ უნდა მიაქციონ ყურადღება სხვის ნეგატიურ დამოკიდებულებას და სხვის ნეგატიურ აზრებს.უნდა აკეთონ ის საქმე, რაც გამოსდით და არასდროს დანებდნენ’’.

8 აპრილი ლიკას დაბადების დღეა, თუმცა 2021 წლის 8 აპრილმა მისთვის სხვა დატვირთვაც შეიძინა. ლიკამ სწორედ ამ დღეს გაიგო, რომ 3 წლით ესპანეთში მიდიოდა ნაკრებში სათამაშოდ და სავარჯიშოდ. „თავიდან, როცა გავიგე, რომ კონტრაქტი შემომთავაზეს, ზუსტად არ იყო გადაწყვეტილი გავაფორმებდი თუ არა, რადგან რაღაც ცვლილებები იყო შესატანი და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკება ორ მხარეს შორის და ეს პერიოდი იყო ყველაზე სტრესული ჩემთვის. ვიცოდი, რომ მქონდა შემოთავაზება და არ ვიცოდი წავიდოდი თუ არა და როცა მითხრეს, რომ ყველაფერი მზად იყო, მივდიოდი და ბილეთებიც ნაყიდი იყო, ჩემთვის საუკეთესო დღე აღმოჩნდა, თან დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს’’ - ამბობს ლიკა.

ამ ამბის გაგებას ბედნიერებასთნ ერთად, ნერვიულობაც ახლდა თან. შორეულ ქვეყანაში მოგზაურობა,  შიში, რა დახვდებოდა იქ, როგორ მიიღებდნენ თანაგუნდელები: „რა თქმა უნდა, მეგონა, რომ კარგად ვერ  მიმიღებდნენ, რადგან სხვა ქვეყნიდან ვიყავი ჩამოსული. ამაზე ძალიან ვნერვიულობდი ხოლმე. არაა მარტივი უცხო ქვეყნის მოთამაშე მიიღო, თუმცა ჩემი ეს ნერვიულობა არ გამართლდა. ძალიან კარგად დამხვდა მთელი გუნდი, საკმაოდ ახლოს ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი თვეა, რაც აქ ვარ, თავს ვგრძნობ, როგორც ოჯახში’’ - ამბობს ლიკა.

მართალია, კალათბურთი ის საქმეა, რომელიც უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ამბობს, რომ მთელი ცხოვრება კალათბურთს ვერ ითამაშებს. ახლავე იაზრებს, რომ რაღაც ასაკის შემდეგ აუცილებლად მოუწევს დატოვოს ეს სფერო, ამიტომ სამომავლო გეგმებზეც  ფიქრობს: „მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მაქვს, კალათბურთი ვითამაშო მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამას ვერ მოვახერხებ. რა თქმა უნდა, არის რაღაც ასაკი, რის შემდეგაც უნდა შევწყვიტო თამაში, ამიტომ მჭირდება სხვა საქმე. უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ. ჯერ არ გადამიწყვეტია, თუმცა დიდი ალბათობით ბიზნესის ფაკულტეტზე. განათლება ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია’’.

როგორც ლიკა ამბობს, ადამიანზეა დამოკიდებული როგორ განავითარებს თავის მომავალს.  წარმატების ფორმულა ყველასათვის ინდივიდუალურია, ყველა თავად წერს თავისი განვითარებისა და წარმატების ამბავს, მაგრამ ამ პროცესში ყველაზე მთავარი მაინც თავდაუზოგავი შრომაა.

 

თუ გაქვთ სურვილი, რომ მოგვიყვეთ საინტერესო ადამიანებზე, მოგვაწოდოთ მათი ისტორიები, გამოგვყევით ამბებს მიღმა და მოგვწერეთ - editor@throughthenews.com ან დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე .

 

 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი