flash

ავტორი ამბებს მიღმა

06.05.2021 12:51

ანონიმური წერილები: #მევლაპარაკობ (ნაწილი VII)

ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ცდილობს მარტო გაუმკლავდეს ბულიგს.  თუმცა ყველაზე ძლიერი იარაღი მასზე ხმამაღლა საუბარია. სწორედ ამიტომ, აპრილში „ამბებს მიღმამ“ წამოიწყო კამპანია - #ბულინგიტეხავს!

გადავწყვიტეთ, ბულინგზე არამხოლოდ გვესაუბრა, არამედ მოგვესმინა რეალური ისტორიები. თითოეულ ამბავს თავისი გმირი ჰყავს. ამ ისტორიების წაკითხვით, თქვენც დარწმუნდებით რამდენად სერიოზული პრობლემაა ბულინგი ჩვენს ცხოვრებაში.

 

ისტორია 1

ვინაიდან მამის მშობლებს ვგავარ, დედაჩემი და დედის დედა სულ მახინჯს მეძახდნენ და დამცინოდნენ. ფრჩხილის ფორმით დაწყებული კანის ფერით დამთავრებული ყველაფერი საზარელი მქონდა მათი აზრით. გარდა ამისა, დებილი და ცუდი ხასიათებისაც ვიყავი თურმე. უფლება არ მქონდა, მართალიც რომ ვყოფილიყავი ხმა ამომეღო და თავი მემართლებინა, ეს ენის ტლიკინად და უზრდელობად მეთვლებოდა... ხშირად მცემდნენ და როცა პრობლემა მქონდა, უარესად მეჩხუბებოდნენ გვერდში დადგომის ნაცვლად...ამან ის მოიტანა რომ არ მიყვარს დედა, აღარც მამას ვცემ პატივს, რომელიც ამ ჯოჯოხეთს ხედავდა და არ მიცავდა. წლების განმავლობაში ისე გამომირეცხეს ტვინი, დღემდე მჯერა რომ ყველაზე შტერი და მახინჯი ვარ. ცხოვრებაშიც ვერაფერს მივაღწიე. ვიცი რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს, მაგრამ ვერაფრით ავიმაღლე, ძალიან რთულია როგორც ჩანს. ამიტომაა რომ ცხოვრებაში ყველა ზედ მაწმინდავს ფეხს, ყველა ჩემზე უკეთესი მგონია.

ისტორია 2

საერთოდ მთელი ბავშვობა პოზიტიური ადამიანი ვიყავი, გაგიკვირდებათ და ზუსტად ამის გამო დაიწყეს სკოლაში ჩემი დაჩაგვრა. დაახლოებით მეოთხე კლასში დაიწყო ეს ყველაფერი და მხოლოდ იმის გამო, რომ სულ ბედნიერი ვიყავი და სულ ვიღიმოდი. ამ ყველაფრის გამო დებილს მეძახდნენ და ათას საშინელებას. ეს წლები გრძელდებოდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, სკოლიდან სახლში რომ მივდიოდი ხოლმე, გზაში ვერ ვიკავებდი თავს და გზაშივე ვიწყებდი ქვითინს. ერთხელ კაბა მეცვა და გაკვეთილზე სკამი გამომიწიეს. წავიქეცი და ყველაფერი განომიჩნდა. ყველამ დამცინა... მასწავლებელს ბოდიში მოვუხადე და გაკვეთილიდან გავვარდი. საპირფარეშოში ვიჯექი და ვტიროდი. ვიფიქრე მასწავლებელი გვერდში დამიდგება თქო მაგრამ დაახლოებით ხუთ წუთში ბავშვი გამოგზავნა და დააბარა ასე უნებართვოდ რომ გავიდა და აღარც შემოსვლა უნდა, ჩემს გაკვეთილზე საერთოდ აღარ შემოვაო... რა გითხრათ, მართლა გვერდში ვინც მედგა ოჯახი იყო და მართლაც დამეხმარნენ. დაახლოებით ხუთ წელიწადში მორჩა ბულინგი, ყოველ შემთხვევაში იმდენად შესამჩნევი აღარ იყო და არც იმდენად გულზემოსახვედრი. ერთი ის არის, რომ ამ ყოველივეს გამო ადამიანი, რომელიც რავი ყველაზე სოციალური და ექსტროვერტი ვიყავი, რომელსაც ხალხი სიგიჟემდე მიყვარდა და აი საერთოდ ყველასთან ვიპოვიდი საერთო ენას, დღეს ასოციალური ვარ. უბრალოდ ჩემს ნაჭუჭში ვარ ჩაკეტილი. მომავალ წელს უნივერსიტეტში მივდივარ. ვიმედოვნებ იქ შევძლებ ნაჭუჭი გავტეხო და ახალი ცხოვრება დავიწყო ახალ ხალხთან. ხოლო რაც შეეხება იმ ბავშვებს ვინც მაბულინგებდა, დღემდე დასანახად გვეზიზღება ერთმანეთი, ახლა იმ ადამიანის წართმევასაც შეეცადნენ, ვინც 11წელია ძმასავით მყავს, ამ ყველაფერს ჩემს გასამწარებლად აკეთებენ, დარწმუნებული ვარ საერთოდ არ აინტერესებთ ის ჩემი მეგობარი... რა ვიცი, რა გითხრათ.... დიდი იმედი მაქვს ისევ ისეთი გავხდები.

 

ისტორია 3 

ბულინგი დაახლოებით 7-8 კლასში დაიწყო, ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ჩემი კლასელებისგან განსხვავებით ცოტა დაბალი ვიყავი. რას არ მეძახდნენ, ერთხელ მითხრეს ნახტომში მეტრონახევარი ხარო, ღადაობით შემეკითხებოდნენ რამდენი ხარო სიმაღლეში, ბავშვს მეძახდნენ. ამ ყველაფრის გამო ძალიან ბევრი კომპლექსი გამიჩნდა, თითქოს სულ სხვა ადამიანი გავხდი. ფსიქოლოგიც მყავდა 1 თვით, მაგრამ მაინც ვერ მიშველა, თითქოს საკუთარი თავი შემძულდა. ასე რომ მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენმა ერთმა სიტყვამაც შეიძლება ვინმე დააზიანოს და მისი მთლიანი ცხოვრება შეცვალოს, ამიტომაც დაფიქრდით სანამ რაიმეს იტყვით და სხვების გრძნობებზე იფიქრეთ.

ისტორია 4 

დაბალი, მორცხვი, დირექტორის შვილი. ეს სამი საკმარისი მიზეზი იყო, სკოლაში მუდმივად ბულინგის მსხვერპლი რომ ვყოფილიყავი. მახსოვს როგორ ვიძაბებოდი მასწავლებელი სიმაღლის მიხედვით რომ გვაყენებდა... ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ მეთოდს დღეს აღარ იყენებენ სკოლებში. ძალიან მტკივნეულია, როდესაც ოთახში შედიხარ და ხედავ რომ მოულოდნელად ყველა ჩუმდება და გამომწვევად გიყურებს. ჩაივლი სადმე და იწყებენ ერთმანეთთან ყურში ჩურჩულს, გადალაპარაკებას. საპირფარეშოში შესვლისას, გესმის რომ შენზე რაღაც საზიზღრობებს ლაპარაკობენ. ძალიან ხშირად მივრბოდი სახლში ატირებული, გულამომჯდარი. და ეს ყველაფერი, სახეცვლილი ფორმებით, გრძელდებოდა მთელი 11 წელი. სკოლის პირველი დღიდან დაწყებული, ბოლო დღით დასრულებული. 

შედეგად, იყო ნეგატივიზმის, ასოციალურობის პერიოდები -  ვცდილობდი დავმსგავსებოდი აგრესიულ როკერს, შევერთებოდი სხვადასხვა დაჯგუფებებს, სადაც ვიგრძნობდი მიმღებლობას და დაფასებას. უნივერსიტეტის პერიოდმა ეს ყველაფერი გადამალახინა. იქ გამიცნეს ჩემი წარსულის ცოდნის გარეშე. ეს უკვე ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპი იყო. 

ვფიქრობ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მასწავლებლებზე და მშობლებზეა - ბულინგზე გაჩუმება არ შეიძლება. ბულინგის იგნორირება არ შეიძლება. ბულინგი თავისით არ გაივლის!

 

ისტორია 5 

ბულინგი რელიგიის გამო ხშირად მასწავლებლის არასწორი ინფორმაცია და რელიგიური გაუნათლებლობა ბავშვებს მწვანე შუქს უნთებს დასაცინად. სამწუხაროდ  საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ბავშვებს მეტი შეგნება და ტაქტიანობა აღმოაჩნდათ  ვიდრე მასწავლებელს ვინც ჩაგვრის დაცინვის წინააღმდეგ უნდა მიდიოდეს და უნდა იყოს მისი ყოველი ქცევა მისაბაძი. ნამდვილად ჩანდა მათ ქცევაში  ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი ,,სიყვარული" .

ისტორია 6 

სანამ დავიწყებ მოყოლას მინდა ვთქვა როო ვინც ბულინგის მსხვერპლი ხართ გთხოვთ ძალიანნ რომ მშობლები ჩარიოთ. იმედიაა ეს ლაპარაკი მშობლებთან არ მივაა ან ვინმე გაიგებს მე ვინ ვარ სადღაც 6 წლის ვიყავი რომ აღმომიჩნდა თვალებზე პრობლემა და მომიწიაა სათვალის ტარება 2 წელი თავს საშინლად ვგრძნობდი რადგან მეგონა რომ სათვალეში მახინჯი ვიყავი  10 წლიდან უკვე დაიწყო კლასელებმა იმაზე ლაპარაკი თუ როგორ მახინჯი და მსუქანი ვიყავი რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობდიი სისტემატიურად ხდებოდა ის რომ ვხდებოდი ბულინგის მსხვერპლი და იცით ეს პრობლემა რით გადავჭერი უბრალოდ ვისწავლე შეპასუხება და ყურადღებას არ ვაქცევდიი. იმ ადამიანები რომლებიც მაბულინგებდნენ ვუპოვე სისიტეები დაა ლაპარაკისას ამას ვიყენებდიი არა მგონია სწორედ მიქცეოდი მაშინ მარა ვფიქრობდი რომ სხვა გზა არ მქონდა იმ დღიდან რა დავიწყე შეპასუხება ხმა არავის გაუციაა ამით შეწყდაა ჩემს მიმქრთ ბულინგი მე ასე გადავჭერი გზაა დღემდე არ იცის მშობლებმაა უბრალოდ ასე მოვაგვარე და ამით ბედნიერი ვარ .

 

ისტორია 7

მაბულინგებდნენ წონის გამო,ბავშვი ვიყავი5-6კლასში, ასაკი მქონდა ასეთი როდესაც წონაში მოვიმატე და ვერ ვიკლებდი,ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა ეს ყველაფერი. კლასელებისგან ხშირად მოდიოდა მსგავსი დამცინავი სიტყვები”არ შეგვჭამოოო”,”რამხელა ხარ” და ა.შ. მუსმივად ფართე ტანსაცმელი მეცვა ხოლმე, ზამთარში კი საანამ ძალიან არ დაცხებოდა კურტკა მეცვა კლასში, არ ვიხდიდი რადგან მაკომპლექსებდა. ნუ მისცემთ ნურავის,იმის უფლებას,რომ დაგჩაგრონ და მურც თქვენ დაჩაგრავთ ნურავის. მუ მოექცევი სხვას ისე,როგორც არ გინდა რომ შენ მოგექცნენ.

მადლობა თითოეულ გმირს პირადი ისტორიების გაზიარებისთვის. გახსოვდეს, ბულინგი ტეხავს, ბულინგზე საუბარი - არა. 

თუ შენც გსურს, საჯაროდ ისაუბრო ბულინგზე და თან ანონიმურობა შეინარჩუნო, მოგვწერე აქ  და მოგვიყევი ისტორია, რომელიც თავად გადაგხდენია ან შესწრებიხარ.

გამოიყენე ჩვენი პლატფორმა ბულინგის დასაგმობად. მოგვწერე და ჩვენთან ერთად ისაუბრე ხმამაღლა იმაზე, რისი შეცვლაც გსურს! 




სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი