flash

ავტორი სალომე ხაჟომია

07.10.2021 17:54

არსებობს თუ არა მინიმალური ხელფასი საქართველოში

ხელფასი

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი არსებობს. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. მინიმალური ხელფასი შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს. ის მუშავდება ეროვნული ან პროფესიული ჯგუფების დონეზე მოლაპარაკებების საფუძველზე.

საქართველო მიახლოვებულია იმ გარემოს, რომელშიც მხოლოდ ორი ფენა გვხვდება, დაბალი (ღარიბები) და მაღალი (მდიდრები). მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის იდეის მიმართ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა არსებობს, მისი ცნება ქართველი ხალხისთვის მაინც უცხოა. 

1999 წლიდან დამსაქმებლები საქართველოში მინიმალური ხელფასის ყოველთვიურ ოდენობად მხოლოდ 20 ლარს იხდიან. კრიტიკოსების აზრით, საქართველოში დადგენილი ანაზღაურების მინიმალური ოდენობა რეალური ხელფასის, ან ცხოვრების დონის ცვლილებების მიხედვით არასდროს ყოფილა. 

2020 წელს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მინიმალური ხელფასის ოდენობის 500 ლარით განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. ამიტომ ძალაში რჩება 1999 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში განსაზღვრულია 20 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა უკმაყოფილება, რადგან საზოგადოების წევრების ნაწილს მიაჩნია, რომ მათი შრომითი უფლებები ირღვევა. 

მინიმალური ხელფასი დამსაქმებელს ღირსეულ ანაზღაურებას სთავაზობს და ასევე მოტივაციას აძლევს იმისთვის, რომ უკეთ იმუშაოს. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრება, რომ მინიმალური ხელფასის არსებობა ქვეყანაში უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს და მისი დაწესება გააქრობს ახალგაზრდებისთვის იმ სამუშაოს, რომელიც სიმბოლური თანხით ფასდება.

ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების 80% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოში მინიმალური ხელფასის რეგულაციას.დასაქმებული რესპონდენტებისთის ღირსეულ ანაზღაურებად 2108 ლარი, ხოლო დაუსაქმებლებისთვის 1427 ლარი იგულისხმება.  რესპონდენტების მიერ მინიმალური ხელფასის საშუალო მაჩვენებლად 1208 ლარი დასახელდა, რაც რეალურად ამჟამინდელ საარსებო მინიმუმს 6-ჯერ აღემატება. 2020 წელს რესპონდენტების მიერ დასახელებულ მაჩვენებელს აღნიშნული რიცხვი 354 ლარით აღემატება.

დასაქმებულთა მსგავსად, უმუშევარი რესპონდენტების მიერ დასახელებული ხელფასის ოდენობა არ განსხვავდებოდა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. სასურველი ხელფასის საშუალო მაჩვენებელი მათთვის 1300-დან 1500 ლარამდე მერყეობს.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა, მეტი ადამიანი დარჩა ყოველდღიური შემოსავლის გარეშე და მათი საცხოვრებელი მინიმუმი კიდევ უფრო შემცირდა. პანდემიის დაწყებასთან ერთად, გაიზარდა მინიმალური ხელფასის მოთხოვნა საზოგადოების წევრების მხრიდან. თუმცა, იმისათვის, რომ საქართველო შევიდეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც მინიმალური ხელფასი არსებობს, გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რაც მოიცავს გეგმის შემუშავებას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით და ასევე დასაქმებული პირების გადახარისხებას.  

ჩვენ დავუკავშირდით იურისტს, რომელიც მინიმალური ხელფასის ირგვლივ არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე გვესაუბრა.  

მარიამ მაშანეიშვილი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 221.21 ლარს წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც მინიმალური ხელფასი 11–ჯერ ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, ბრძანებულება ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მიზნების მიღწევას. ყოველმხრივ მიუღებელია ქვეყნის მასშტაბით იყოს მინიმალური ხელფასის ოდენობა იმაზე მცირე, ვიდრე არის საარსებო მინიმუმი.

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად  მნიშვნელოვანია შეიქმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეძლებს დადგენას მინიმალური ხელფასის ოდენობის და გატარდეს ცვლილებები ამ მიმართულებით. პირველ ეტაპზე,  შესაძლოა განხილულ იქნეს განსხვავებული მინიმალური ხელფასის დაწესება რეგიონებსა და დედაქალაქში, რადგან სტატისტიკურად დედაქალაქში საშუალო ხელფასის ოდენობა მეტია რეგიონებთან შედარებით.

ეკონომისტების აზრი ამ მიმართულებით ორად იყოფა. ერთი ნაწილი აპელირებს იმ საფრთხეებზე, რასაც იწვევს მინიმალური ხელფასის დაწესება და უმთავრესი მათ შორის არის სამუშაო ადგილების შემცირება, პროდუქტებზე ფასის ზრდა, ასევე ხელშეკრულების გარეშე პირების დასაქმება, რათა ოფიციალურად არ აღირიცხოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება. რა თქმა უნდა აღნიშნული საფრთხეები რეალურია, ის მართლაც გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას, რადგან ის სამუშაო ადგილები სადაც აჟამად შრომის ანაზღაურება შეადგენს პირობითად 100 ლარს, იძულებული გახდება შეამცირს მუშახელი რადგან არ გაეზარდოს შესაბამისი ხარჯები. საფრთხეები მინიმუმამდე დადის, როდესაც ქვეყანაში უმუშერობის დონე დაბალია, დღეის მდგომარეობით საქართველოში უმუშევრობის დონე 18,5% შეადგენს, რომლის ნიშნულიც კიდევ უფრო გაიზრდება თუ მინიმალურ ხელფასის ოდენობა გაიზრდება.

მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქისთვის, ეს არის ერთგვარი ბერკეტი, რომ ადეკვატურად იქნეს შეფასებული ადამიანის შრომა.  იმისათვის რომ ადეკვატურად ჩაითვალოს შრომის ანაზღაურების მინიმუმი, ის რამდენჯერმე უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს, არათუ ჩამორჩებოდეს მას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება კი რაც შეიძლება მცირე დროში უნდა განხორციელდეს, რათა საბოლოო მიზნის მიღწევა მაქსიმალურად ახლო მომავალში იქნეს შესაძლებელი. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი