flash

ავტორი ამბებს მიღმა

04.05.2020 22:03

Covid-19 - წამლის მოლოდინში

კორონავირუსის შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია ეფექტური ვაქცინის გარეშე. მანამდე კარანტინის რეჟიმი ვერ მოიხსნება და ვერც ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები გვაფრთხილებენ.

თუმცა, როდის შეძლებს კაცობრიობა თავის დაცვას პანდემიისგან, რომელიც უკვე შერაცხეს  უდიდეს საერთაშორისო საფრთხედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე ჯერ არ გვაქვს. მეტიც, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვაქცინა გვჭირდება. 

რა არის ვაქცინა? მარტივად - ესაა ვირუსის  დასუსტებული პათოგენი, რომელიც შეჰყავთ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში, რათა მას პოტენციური საფრთხე “გააცნონ” და ამით  სპეციფიური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყონ ხელი. Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში დღეს კორონავირუსის 70 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ -  ჩინეთი, აშშ, ავსტრალია, რუსეთი, ისრაელი და სხვები ერთგვარ რბოლაში არიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მიაგნონ ჩვენთვის საჭირო წამალს. 

სამი ვაქცინა უკვე ადამიანებზე ტესტირების ფაზაშია: პირველი მათგანი ჰონგ-კონგში დარეგისტრირებული CanSino Biologics Inc.-ისა და ბეიჯინგის ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განვითარებული ექსპერიმენტული ვაქცინაა. კვლევის პირველი ეტაპი წარამტებული აღმოჩნდა და შემდეგი ფაზაც დაწყებულია.  ორ სხვა ვაქცინაზე კი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები Moderna Inc. და Inovio Pharmaceuticals Inc მუშაობენ. 

არსებობს სხვა საინტერესო ვარიანტებიც. Jpost-ის თანახმად, ისრაელელმა მეცნიერებმა დაახლოებით ერთი თვის წინ წინ განაცხადეს კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შესახებ. ისინი აცხადებდნენ, რომ ბაზარზე მის გატანას 90 დღეში შეძლებდნენ. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა ოფირ აკუნისმა ვაქცინას უნიკალური და უნივერსალური უწოდა და განაცხადა, რომ ის რადიკალურად შეცვლის სიტუაციას მსოფლიოში. 

ამასთან, სანამ მეცნიერების ნაწილი ახალ გამოსავალს ეძებს, სხვები მიიჩნევენ, რომ  დღევანდელი პრობლემის გადაჭრის გზა ჩვენს წარსულში იმალება.



ბასი კალმეტ-გერანის (BCG) ვაქცინის უცნაური ამბავი

მარტის ბოლოს, როდესაც კოვიდ-19 მთელს მსოფლიოში გავრცელდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა რამდენიმე ასეულ ათასს გადააჭარბა, 

ბევრი ადამიანის ყურადღება ერთმა საკმაოდ საინტერესო დამთხვევამ მიიქცია:

დაავადება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სისწრაფით ვრცელდება. რატომღაც, ვირუსი (ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით) ბევრად ნაკლებად აქტიური აღმოჩნდა ქვეყნებში, სადაც სავალდებულოა ბავშვების  ტუბერკულიოზის წინააღმდეგ აცრა BCG ვაქცინით.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბავშვობაში BCG ვაქცინით აცრილი ადამიანები პანდემიისგან მეტად არიან დაცულები? Deutsche Welle-სთან ინტერვიუში დრ. სტეფან კაუფმანი ამ კითხვას დაზუსტებით ვერ პასუხობს. პროფესორის განმარტებით, შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ BCG ვაქცინის დახმარებით შეძენილი დამცავი მექანიზმი ორგანიზმში ათწლეულების მანძილზე  მოქმედებს.  -“ჩემი აზრით, ის დაახლოებით ერთი წელი ძლებს.” - აცხადენს სტეფან კაუფმანი.



გაურკვეველი მომავალი

ასეა თუ ისე, რბოლა ვაქცინისთვის უპრეცედენტო სისწრაფით მიმდინარეობს. ზოგადად, ვაქცინის ბაზარზე გამოტანას 10-15 წელი სჭირდება ხოლმე, ამჯერად კი ფარმაცევტები იმედოვნებენ, რომ ამ დროის რადიკალურად შემცირებას შეძლებენ და კორონავირუსის “წამალს” უკვე შემდეგ წელს შემოგვთავაზებენ.

 აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ანტონი ფაუსიმ ივარაუდა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საზოგადოებისთვის 12-18 თვეში გახდება ხელმისაწვდომი. სხვები მის მოსაზრებას სკეპტიკურად შეხვდნენ: 

“ერთი წლიდან 18 თვემდე ვადა უპრეცედენტო იქნებოდა.” - განაცხადა  ბეილორის უნივერსიტეტის ტროპიკული მედიცინის ეროვნული სკოლის დეკანმა პიტერ პოტეზმა National Geographic-თან საუბარში. - “ახალი ტექონოლოგიებისა და საკმარისი თანხების დახმარებით ეს შესაძლებელია, თუმცა, ასეთი ვარაუდების გამოთქმისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.”

როცა საქმე ვაქცინებთან და ვარაუდთან გვაქვს, სიფრთხილე მართლაც აუცილებელია და ეს ისტორიამაც გვაჩვენა: აივ ინფექცია შიდსის გამომწვევ მიზეზად 1984 წელს დასახელდა, მის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტს კი ორ წელიწადში ელოდნენ. მას შემდეგ 36 წელი გავიდა, აივ ინფექციას კი 32 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მკურნალობას მხოლოდ ნაწილობრივი შედეგი აქვს: 2018 წელს აივ ინფექციით 0,77 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რადგან ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებში პაციენტების სათანადოდ მკურნალობა ვერ ხერხდება. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი