flash

ავტორი Mariam

17.07.2020 00:00

გრძელი გზა საქართველომდე - საიმედო დახმარება

ფრენა საქართველოში

მეორე ნაწილი  

საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენილი ადამიანები უკვე დიდი ხანია ცდილობენ სამშობლოში დაბრუნებას. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ხანგრძლივი და უშედეგო კომუნიკაციის შემდეგ, ამ ადამიანების დაბრუნებაზე ზრუნვა მოხალისეების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომელიც ლევან სიმონიშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა. 

ლევანის სახელი უკვე ყველა ქართველი ემიგრანტისთვის არის ცნობილი. მის მიერ შექმნილ ფეისბუქ ჯგუფში 4000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული და ყველა მათგანი ლევანისგან მგზავრობასთან დაკავშირებულ ახალ, დადასტურებულ ინფრომაციას ელოდება. 

ასევე იხილეთ: გრძელი გზა საქართველომდე - პირველი ნაწილი 

მაინც, ვინ არის ლევან სიმონიშვილი და მისი გუნდი, როგორ დაიმსახურეს საქართველოში დაბრუნების მსურველ ქართველებში უპირობო ნდობა და როგორ მოახერხეს, რომ ათასობით ადამიანი მხოლოდ მათგან მოწოდებულ ინფრომაციას ელოდება?!

ლევანის ისტორია

ლევან სიმონიშვილი 23 წლისაა. დაახლოებით ორი წელია ბარსელონაში ცხოვრობს და ერთ-ერთი ქართული რესტორნების ქსელის ბრენდ შეფია. პანდემიის პირობებში ჩაკეტილი საზღვრები რომ არა, ლევანი რიგითი ემიგრანტი იქნებოდა, რომელიც უცხოეთში წარმატებით მოღვაწეობს და დიდი გეგმებიც აქვს. თუმცა, კორონავირუსის შემდეგ მისი საქმიანობა და ინტერესები მთლიანად შეიცვალა.

დავიწყოთ ჯგუფის დაარსებიდან. ჯგუფი მარტში გავაკეთე. ესპანეთში ბოლო ფრენა შესრულდა, სადაც ჩემი მეგობარი უნდა წასულიყო და არ გავუშვი. მერე საერთოდ ჩაიკეტა საზღვრები. რამდენიმე ჩემი მეგობარი ჩარჩა. ვცდილობდი რაღაც გზები მომეძებნა მათ დასაბრუნებლად.

ზუსტად მაშინ დავიწყე ფიქრი, კარანტინის დროს, როდესაც სამსახური აღარ მქონდა და სახლში ვიჯექი, რამე სასარგებლო გამეკეთებინა ადამიანებისთვის. ვიფიქრე, ჩემი მეგობრების მსგავსად, ბევრი ადამიანი იქნებოდა ისეთი, ვინც უცხოეთში ჩარჩა, ზოგი ტურისტი იქნებოდა, ზოგს დაბრუნება ენდომებოდა საქართველოში, აქედან გამომდინარე, გავაკეთე ფეისბუქ ჯგუფი - დაბრუნება საქართველოში, სპეც ავიარეისები.

თავდაპირველად ლევანი მარტო უძღვებოდა ჯგუფს და იქ გაერთიანებულ ადამიანებს აწვდიდა დაწვრილებით ინფორმაციას, როგორ შეეძლოთ საქართველოში დაბრუნება, იქნებოდა ეს სპეც ავიარეისებზე ბილეთების შეძენა თუ სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში დაბრუნება. პირველივე კვირაში ჯგუფს 400 ადამიანი შემოუერთდა, ეხლა კი ჯგუფს უკვე 4000-ზე მეტი წევრი ყავს.

დროთა განმავლობაში, ლევანს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოუერთდნენ აქტიური ადამიანები და ერთად დაიწყეს ხალხის დახმარება. ერთ-ერთი ასეთი გოგონა, ნინი, რომელიც ათენში ჩარჩა და თავდაპირველად ლევანს საქმიანი თანამშრომლობა შესთავაზა, ეხლა უკვე მისი შეყვარებულია.

შევიკრიბეთ საკმაოდ კარგი ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობდა და აწვდიდა ხალხს ინფორმაციას. აქტიურად ვაშუქებდით სხვადასხვა ტელევიზიებში, რომ ხალხს დახმარება სჭირდება, არ არის საკმარისი თვითმფრინავები. მართალია, დანიშნეს სპეც ავია რეისები, მაგრამ სამწუხაროდ, ბილეთის აღება ოცნება გახდა, იმიტომ რომ ბილეთებს საკონსულოები ანაწილებდნენ პრიორიტეტების მიხედვით. პირველ რიგში ბილეთები გაუნაწილდათ ორსულებს, ბავშვიანებს, მოხუცებს და იმ ხალხს, ვინც საკონსულოებს ყავდა შეფარებული და მათი კვების, საცხოვრებლის ხარჯებს იხდიდა.

იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურები დაკარგა, ქუჩაში დარჩა და ქირის თანხას ვერ იხდიდნენ, პირველი თვეების განმავლობაში საკონსულოები უწევდნენ მობილიზებას და გადაყავდათ სასტუმროებში, საკვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფდნენ. ეს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პროექტი იყო. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ქუჩაში. პირადად მე მქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ღამის სამ, ოთხ საათზე მიკავშირდებოდნენ, ლევან, ქუჩაში ვარ და გთხოვ, რამე გვიშველე. ესპანეთში საქართველოს  კონსულთან პირადი შეხება მქონდა, შუაღამეს ვაღვიძებდი და ვთხოვდი, რომ ამა და ამ ადამიანს დახმარება სჭირდება. მაგ პერიოდში ნამდვილად კარგად მუშაობდა საკონსულო.

რაც შეეხება ბილეთების გადანაწილებას, იქაც ანალოგიური სიტუაციაა - ზოგს ნაცნობი ყავდა, ზოგი კავშირებს ამყარებდა და ასე იძენდა ბილეთებს,  ზოგიც უფასოდ წავიდა. სპეც რეისების 30 პროცენტი საქართველოში უფასოდ წავიდა. ეს ბილეთები უზრუნველყო საკონსულოებმა, საქართველოს დიასპორებმა გადაიხადეს თანხები, სახელმწიფომაც, აირზენამაც ბევრი მგზავრი უფასოდ წაიყვანა.

თუმცა, არსებობდა საქართველოში დაბრუნების ისეთი გზები, რომელთა შესახებ ადამიანებს ინფორმაცია არც საელჩოდან და არც საქართველოს მთავრობიდან მიუღიათ. მაგალითად, მინსკის გავლით ერევანში ჩასვლა, იქედან კი, ავტობუსით საქართველოში დაბრუნება. როგორც ლევანი ამბობს, ის თვითონ დაუკავშირდა კომპანია ბელავიას. მათ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ მინსკიდან ერევნამდე ფრენა.  

საკონსულოს ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ მოუწოდებია, არც მთავრობა ამბობდა რამეს.  არადა, ამდენი ადამიანია ჩარჩენილი და ვიღაცები სიამოვნებით წავიდოდნენ ამ რეისებით. ბელავიამ ეს ინფორმაცია დამიდასტურა, თუმცა, საკონსულომ არა. ამიტომ, გადავწყვიტე გამერისკა და რამდენიმე ადამიანი პირადად მე გავუშვი. ბილეთები თუ გაუქმდებოდა, მე ვიბრძოლებდი იმისთვის, რომ ყველას თანხა დაბრუნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ბილეთის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამდენიმე ადამიანმა მაინც შეიძინა ბილეთი, გარისკა და გრძელი გზით, თუმცა მშვიდობით დაბრუნდა საქართველოში მინსკისა და ერევნის გავლით.

მერე თურქეთმა გახსნა საზღვრები, მაგრამ ისევ არ იყო ინფორმაცია.  არ ვიცი, შეიძლება ჩემამდე არ მოვიდა ინფორმაცია, მაგრამ ჩემამდე თუ არ მოვიდა, მაშინ ვისთან მივიდა.  24 საათის განმავლობაში ინფორმაციებს ვამოწმებ. რამდენჯერმე გავრცელდა ხმები, რომ თურქეთმაც საზღვრები დაკეტა. დილით ოფისში რომ მოვდივარ, პირველ რიგში თურქეთის სასაზღვროში ვრეკავ და ვეკითხები, ხომ არ ჩაკეტილა საზღვარი. არ ჩაკეტილა, კარგად არის ყველაფერი- მეუბნებიან, იმდენჯერ დავრეკე, რომ  უკვე ხმაზე მცნობენ.  

 

მწვანე ავიაცია - საიმედო ფრენები

მას შემდეგ, რაც სამუშაო ძალიან გაიზარდა და მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის რთული გახდა ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა, ლევანის იდეით ახალი ჯგუფი - მწვანე ავიაცია შეიქმნა. ეს ჯგუფი იძიებს და ამოწმებს ინფორმაციას დადასტურებული ფრენების შესახებ და მგზავრობის მსურველებს ფრენების ზუსტ განრიგს სთავაზობს.

მწვანე ავიაცია ჩემი დაკომპლექტებული ჯგუფია და ჩემი იდეით შეიქმნა. მე ვეღარ ვასწრებდი ყველაფრის მოგვარებას. დილით რომ ვიღვიძებდი, 100 შეტყობინება მხვდებოდა ხოლმე. ახლა ადამიანებს ვურჩევთ, მწვანე ავიაციას მიმართონ - თუ შეიცვლება რეისი, გაუქმდება, ან გადაცვლა გახდება საჭირო, ყველაფერს ისინი აკეთებენ. რაც შეეხება ფრენებს, ერთად ვწერთ რა ქვეყნიდან რა მიმართულებით შეგვიძლია გავამგზავროთ ხალხი. საკმაოდ კარგად მუშაობს მწვანე ავიაცია, რა ფრენებიც იყო გამოცხადებული, არც ერთი არ გაუქმებულა. გვყავს მომხმარებელი, რომელიც ნდობას გვიცხადებს.

ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია შეიქმნა, რომელიც უკვე გაუქმებული რეისებზე ყიდდა ბილეთებს. ეს ფაქტი დამატებითი მოტივაცია გახდა მწვანე ავიაციის შესაქმნელად.

ეს ტურისტულები ფაქტიურად საკუთარი გამდიდრებისთვის მუშაობენ, ვიღაცას უნდა გაყიდოს ბილეთი, კომპანია აძლევს საშუალებას და ყიდის. მაგრამ ასე არ არის, რა ქნას იმ ხალხმა, ვისაც არ აქვს საშუალება? ამიტომ ერთხელაც, ღამის 4 საათზე ავდექი და გავაკეთე ფეისბუქის გვერდი - მწვანე ავიაცია. ხალხს ვუთხარი, რომ ეს ჯგუფი იმუშავებდა მათ ფრენებზე და რომ გარკვეულ ბილეთებზე ვამატებთ ძალიან მცირე თანხას. ყველა უფასოდ ვერ იმუშავებს და მეც ვერ დავავალდებულებ ვინმეს, უფასოდ ემსახუროს ხალხს. ჯგუფში ისეთებიც არიან,  საერთოდ არ უნდოდათ ანაზღაურების აღება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც შევთანხმდით, რომ ყველა მიიღებს რაღაც პროცენტს. ეს გაცილებით ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც სხვა ტურისტული კომპანიები იღებენ და რომელთა ფრენები ან განხორციელდება, ან არა. მწვანე ავიაცია გარანტიას იძლევა, რომ როდესაც თანხას გადაიხდი, ეს რეისი 99 პროცენტით შესრულდება. და თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, ის იბრძოლებს თანხის დაბრუნებაზე ან ბილეთის გადაცვლაზე.

როგორც ლევანი ამბობს, მისი მისამართით არაერთი ჭორი გავრცელდა, თუმცა დადებითი გამოხმაურება იმდენად ბევრია ადამიანების მხრიდან, რომ რამდენიმე უარყოფით კომენტარს არც აქცევს ყურადღებას.

მე სრულიად გულწრფელად ვამბობ, რომ უფასოდ ვმუშაობ ხალხისთვის. ბუნება მაქვს ასეთი, რომ ყოველთვის ვიღაცას უნდა დავეხმარო და ხელი უნდა გავუწოდო. თუ ვინმეს მაინც გონია, რომ მე ამაში ფულს მიხდიან,  არაუშავს, მთავარია დაგეხმარე, დაბრუნდი საქართველოში და მე ამით ვარ ბედნიერი, მადლობა რომ ნდობა გამოგვიცხადე მე და ჩემს ჯგუფს.

 

სამომავლო გეგმები

რესტორანი, სადაც ლევანი მუშაობს, სექტემბრამდე არ გაიხსნება, თუმცა მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი ისევ დაუბრუნდება ძველ სამუშაოს თუ არა. მას იმდენად მოწონს ახლანდელი საქმიანობა, რომ სამომავლო გეგმებიც ამ მიმართულებით დაისახა. ეს გეგმა კი საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ჩამოყალიბებაა, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დაეხმარება.

მე თავიდანვე მქონდა გეგმა, ეს ხალხი რომ საქართველოში დაბრუნდება, იქ არ უნდა გავჩერებულიყავი - ეს დასრულდა, მაგრამ სადღაც უნდა გაგრძელდეს, ხო? ამიტომ გადავწყვიტე ვიმუშაო იმაზე, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება და რაც საქართველოს არ აქვს. უნდა ჩამოვაყალიბო საქართველოს ემიგრანტთა ასოციაცია.  

რამდენიმე გეგმა მაქვს, როგორ განვახორციელებ ჯერ არ ვიცი. როდესაც ხალხი სხვა ქვეყანაში ჩადის, დამსაქმებლები ამუშავებენ და მხოლოდ 150 ევროს უხდიან მძიმე სამუშაოში. მე პირადად, სამი ქალბატონი დავაბრუნე ასეთი პირობებით, საკონსულოსთან მოლაპარაკებით.  

გეგმა არის ასეთი - დამსაქმებლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაზე რეაგირება. გარდა ამისა, ემიგრანტების ლეგალურად დასაქმების მიმართულებით მუშაობა. რეალურად, ძალიან ბევრ ქვეყანასთან შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სამუშაო ვიზით შეძლონ მუშაობა. გარდა ამისა, რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ და ხალხმა, გაჭირვებული ემიგრანტები მაინც გვეყოლებიან, ამიტომ მინდა პასუხისმგებლობა ავიღო და ყურადღება მივაქციო ამ ხალხს.  

ამ ეტაპზე, ლევანი და მისი გუნდი არკვევენ ასოციაციის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ საკითხებს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თუნდაც ერთი ქართველი ცხოვრობს. თუმცა, ეს ყველაფერი სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული

მე ამხელა ხარჯის გაწევის საშუალება არ მაქვს. საწყისი ეტაპისთვის, თუ არავინ დამეხმარება, ჩემი ხარჯებით ვეცდები დარეგისტრირებას, თუმცა, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სამომავლოდ კი ბევრი ტენდერი არსებობს, რომელიც ასოციაციების მუშაობას აფინანსებს და მათი იმედი მაქვს. სულ რომ არაფერი, ორგანიზაციას სჭირდება კვება - ინფორმაციის მოიძიება, ხალხის დახმარება და კიდევ უამრავი დეტალი. ამიტომ, ვფიქრობ, ასოციაციის წევრებზე მინიმალური საწევრო გადასახადი დავაწესო, რისი გადახდაც ყველას შეეძლება.  საერთო ჯამში, შემოსული თანხით კონკრეტულად იმ ადამიანების დახმარებას შევძლებთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

 

პრობლემები და გამოსავალი

ლევანის აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობაა. მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ემიგრანტებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთი დახმარების პროგრამა განხორციელდა. ამის შესახებ ქართველი ემიგრანტების ნაწილს საერთოდ არ ჰქონია ინფორმაცია. როგორც ლევანი ამბობს, მსგავსი სიახლეები საკონსულოებმა უნდა მიაწოდონ ხალხს, რაც, სამწუხაროდ არ ხდება.

თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა, მაინც დაბრუნებასთან არის დაკავშირებული. ლევანს უჭირს ახსნა, რატომ იქმნება ეს პრობლემები. ერთი მხრივ, ის ხედავს სახელმწიფოს მხრიდან ხალხის დახმარების სურვილს, მეორე მხრივ კი, ყველაფერი იმდენად გართულებულია, რომ ემიგრანტების უმეტესობამდე ინფორმაციაც კი ვერ მიდის სწორად.

არ ვიცით, ვინ როგორ დაბრუნდება. ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც სამკურნალოდ იყო წამოსული, დაასრულა მკურნალობა და ვერ ბრუნდება საქართველოში. არსებობს დაინფიცირების შიშიც. მე დარწმუნებული ვარ, ახალ დანიშნულ სპეც რეისებზეც იგივე მოხდება, რაც აქამდე ხდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუბნება საკონსულოს რამდენი ბილეთია გაყიდვაში. მთავრობამ და საკონსულომ ამ ფრენებზე ინფორმაცია რომ გამოაქვეყნა, იქვე არ მიუთითა როგორ შეიძლებოდა ბილეთის აღება. ამასთან დაკავშირებით ჩვენს ჯგუფში არაერთი კომენტარი გაკეთდა. დილით რომ გავიღვიძე, ტელეფონი სავსე იყო, ყველა მეკითხებოდა  - როგორ გავფრინდეთ? ხალხი საკონსულოდან მიღებულ ინფორმაციას აღარ ენდობა და ჩემთან ამოწმებს. ბევრი მწერს ისეთი ადამიანი, ვისაც ოჯახის წევრი უკვდება, ან პატრონი არ ყავთ, ძალიან რთული ისტორიებით მირეკავენ, ტირილით. ძალიან რთულია ასეთ დროს რომ ადმიანებს ვერ ვეხმარები.

ერთად-ერთი გამოსავალი რეგულარული ფრენების აღდგენაა. ხალხს კონკრეტულ რეისზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი. რაც არ უნდა თურქეთით იარონ და რაც არ უნდა სომხეთით გადაიყვანონ, იმდენ მოქალაქეს უნდა დაბრუნება, რომ არ ეყოფათ და აზრი არ აქვს. ბევრი ვერ მოდის, იმიტომ, რომ ბავშვიანია და 17 საათი სტამბულიდან სარფში, ბავშვთან ერთად ავტობუსში უნდა იჯდეს, ზოგი მეძუძურია, ზოგი ორსული.

მიუხედავად ყველაფრისა, ლევანი ოპტიმისტურად არის განწყობილი და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად გრანდიოზული საქმეების წამოწყებაზე ფიქრობს.

ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მისმენენ და ჩემი სჯერათ. აქვე მინდა დავამატო, ვისაც ჩემი იმედი აქვს, პირადად მე გპირდებით, რომ უფრო მაგარ პროექტებს დავიწყებთ სამომავლოდ. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ მომავალში გავაკეთებთ. და ეს ყველაფერი, ქართველი ემიგრანტების სასიკეთოდ მოხდება.

 

წარმატებები და უფლის წყალობა თქვენ???

10.08.2020 13:34
გრლ

გრლ

გელა

10.08.2020 13:34

გილოცავთ ეს ყველაფერი კარგია, მავრამ ვისაც თბილისიდან, საქართველოდან გასვლა გვინდა, თვეობით ჩავრჩით უმუშევრები, რომელი მთავრობა დაგვეხმარება. არავის ვადარდებთ, რა ვქნათ?საზვარგარეთ საქმე მიფუჭდება. საბუთი მაქვს საჩქაროდ გასგრძელებელი. რატომ არავის ვადარდებთ.ვინ დაგვეხმარება გასვლაში?

24.07.2020 16:08

Gaixaret levan upalma daglocot tkveni imedi mak.

22.07.2020 19:41

Gaixaret levan

22.07.2020 19:41

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ

22.07.2020 18:41

Idealuri pirovnebaa batoni Levani-adamiani romelsaz shegidzlia endot. Madloba rom arsebobt?

22.07.2020 17:02
ლელა ბაკურაძე

ლელა ბაკურაძე

გაიხარეთ წარმატებებს გისურვებთ, აბა თქვენ იცით, თანაც ძალიან სჭირდებით ემიგრანტებს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, მადლობა თქვენ რომ არსებობთ????????

22.07.2020 16:41
ეკა ბოსიკაშვილი

ეკა ბოსიკაშვილი

ვკითხულობ ტექსტს და ვფიქრობ ნეტა რამე ხომ არ გამომრჩათქოოო... 20 იანვარს გავემგზავრეთ ჩინეთში 3 ბავშვით, უკან 2 თებერვალს უნდა დავბრუნებულიყავით... ჩემდა სამწუხაროთ პანდემიის გამო ჩავრჩით ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, იქ დაიკეტა ყველა სამანქანო გზა, მიუალი და საპრობლემო გახდა თავად გზა სოფლიდან ქალაქამდე... საქართველოდან წამოღებული ბავშვით კვება ამომეწურა, არც პამპერსი და არც ბავშვის ჰიგიენა, დაუსკდათ ხელები და სახე ტიროდნენ ხელის დაბანაზე კიოდა პატარა... საკონსულოს მივმართე... მივმართე არაერთხელ... ერთი რა არის 6 თვე იქ ვიყურყუტეეეე... საკონსულო რით დამეხმარააა რით უზრუნველმყოოო... მე 3 ბავშვით ვიყავი... ქმარს რა უნდა გაეკეთებინა ნუთუ რა წავიღეთ საქართველოდან იმდენი რომ იქ გვეცხოვრა... არაფერი არ მითხოვია ისე როგორც სახლში დაბრუნება... საქართველოში ჩვენი სახსრებით დავბრუნდით... ბილეთები ჩვენი სახსრებით ვიყიდეთ 1 ლარი არ გაუღია სახელმწიფოს... ბავშვის ბილეთებიც იგივე თანხა დაგვიჯდა რაც ჩემი... კორუფცია 1725 ლარი თვითეულზე... ამსტერდამი თბილისი... ხოლო აი ჩინეთიდან სხვა ტარიფები მოუწია თვითეულს, არადა საკონსულოსგან რომ მეყიდა ფასის ცვლილება არააოოო ყველა ბილეთი დაახლოებით 25739 იუანი ღირდა. ჩვენი სახსრებით წამოვედით და ფულის გაკეთება არავის უთაკილია

22.07.2020 00:23

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი