ავტორი Sandro

18.01.2019 16:01

ჯორჯ სოროსის წმინდა ცოდვები

ჯორჯ სოროსის წმინდა ცოდვები

The Holy Sins of George Soros

არაერთგვაროვანი ფიგურა

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ჯორჯ სოროსი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 88 წელი შეუსრულდა და რომელიც „The Financial Times"-მა 2018 წლის ადამიანად დაასახელა, ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე არაერთგვაროვან ფიგურად რჩება.

„ყველა დიდი წარმატების უკან დიდი დანაშაული იმალება“ - ონორე ბალზაკის ამ ციტატას დღემდე მრავალი ადამიანი იყენებს, რათა ახსნას საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება მილიარდერებისა და მათ მიმართ, ვინც მსოფლიოს წესრიგზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს. თუმცა იშვიათად თუ შეხვდებით მილიარდერს, რომელსაც ასე ხშირად უწოდებენ ურჩხულს და თვით სატანასაც კი.  შეთქმულების ათასგვარ თეორიებს თუ დავუჯერებთ, სწორედ სოროსია დამნაშავე სირიელი ბავშვების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში, სწორედ მან შეცვალა მთავრობები მაკედონიაში, საქართველოში, უკრაინაში, სერბიასა და სხვა ქვეყნებში, მათ წინაააღმდეგ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის წარმოების გზით. ასევე მას მიაწერენ ევროპაში მილიონობით მუსლიმის მიგრაციის ორგანიზებასაც.

ამავდროულად, ის თითქმის ერთადერთი მილიარდერია, ვისაც ხოტბას ასხამენ ახალი მსოფლიო წესრიგის  ჩამოყალიბებაში შეტანილი წყვილისთვის, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების განმტკიცებისთვის, მესამე სამყაროს ქვეყნებში დემოკრატიული ინსტუტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვისთვის.

2015 წელს სოროსმა „თავისუფლების ორდენი“ მიიღო უკრაინის პრეზიდენტისგან, პეტრო პოროშენკოსგან. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშნელოვან წვლილს, რომელიც სოროსის მიერ შექმნილმა ფონდმა, „ღია საზოგადოებამ“ უკრაინული სახელმწიფოს განვითარებასა და დემოკრატიის განმტკიცებაში შეიტანა. ამასთანავე, პოროშენკომ მადლობა გადაუხადა სოროსს უკრაინის მხარდაჭერისა და ფინანსების საკითხებში გაწეული პროფესიული კონსულტაციისთვის.

 

მეოცნებე და სამოქალაქო საზოგადოების ქომაგი

1984 წელს (დამეთანხმებით, ახალ მსოფლიო წესრიგზე თუ ვსაუბრობთ, მეტად სიმბოლური წელია), მშობლიურ უნგრეთში, სოროსმა დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებს ქსეროქსებით ამარაგებდა. ამრიგად ინფორმაცია სამთავრობო კონტროლის გვერდის ავლით ვრცელდებოდა.  საკუთარი ფონდისთვის სახელის შერჩევის დროს, სოროსი შთააგონა ცნობილი ფილოსოფოსის და მისი მასწავლებლის, კარლ პოპერის წიგნმა.

იქიდან გამომდინარე, რომ სოროსს კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების მმართველობის დროს უცხოვრია, იმედი ჰქონდა, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოებში „ღია საზოგადოებების“  განვითარებას შეუწყობდა ხელს. დღესდღეისობით, ფონდი მსოფლიოს ორმოცზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. იგი აფინანსებს განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სამოქალაქო ინიციატივებისა და დევნილების მხარდაჭერაზე ორიენტირებულ პროექტებს. 2017 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის ბიუჯეტი 940.7 მილიონ დოლარს შეადგენდა. იმავე წლის ბოლოს, "The Wall Street Journal"-ის ინფორმაციით,  მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი, რაც თითქმის 18 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მთლიანად ფონდს გადაურიცხა. რაც იმას ნიშნავს, რომ „ღია საზოგადოება“ ამჟამად აშშ-ში ერთ-ერთ უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციას წარმოადგენს.  მას მხოლოდ „ბილ და მელინდა გეითსების ფონდი" უსწრებს, ვის ანგარიშზეც დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია.

მილიარდერის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ  სოროსის პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ჩარევის შემდგომ, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში (მაგალითად, უკრაინასა და საქართველოში) ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. მათივე თქმით, დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდა, რის შედეგადაც არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო აქტიურად ცდილობენ ხელისუფლების გაკონტროლებას. ამას კი, საბოლოო ჯამში, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების უფრო ეფექტურ დაცვამდე მივყავართ. შედეგად, მათი აზრით, მიზანი ნამდვილად ამართლებს საშუალებებს.

 

 

„ეშმაკის თავდასხმა“

1992 წელს, სოროსმა მონაწილეობა მიიღო ბრიტანული გირვანქის გაუფასურებაში და, როგორც მავანნი ამბობენ, ამ საქმეზე დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იშოვა. შედეგად, მას უწოდეს „ადამიანი, რომელმაც ინგლისის ბანკი გატეხა“.

ამჟამად იმასაც ამბობენ, რომ სოროსი ცდილობს, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება გადააფიქრებინოს - იგი აქტიურად ხარჯავს ფულს ქვეყანაში მეორე რეფერენდუმის ჩატარების ლობირებაზე.

თუმცა ბოლო დროს ყველაზე აქტიური კამპანია სოროსის წინააღმდეგ მის სამშობლოში, უნგრეთში  მიმდინარეობს. ხელისუფლებამ „ღია საზოგადოების“ ადგილობრივი წარმომადგენლობის თანამშრომლები ქვეყნიდან დაადეპორტა. როგორც ცნობილია, უნგრეთის ხელისუფლება სასტიკი წინააღმდეგია, მიიღოს მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან და ამ გადაწყვეტილების საბაბი სწორედ სოროსის მიერ მიგრანტებისთვის გაწეული დახმარება გახდა.

ევროპის ქრისტიანული სულის დაკნინება და ქვეყნის უცხოტომელებით გავსება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებების, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნეს-მაგნატს უყენებს. მმართველი გუნდის წარმომადგენელი ანდრას არადსკი უფრო შორსაც წავიდა და სოროსის ქმედებები „ეშმაკის თავდასხმად“ მონათლა. ნაცნობი მესიჯ-ბოქსია, არა?

უნგრეთის მთავრობის პრეს-სპიკერი, ზოლტან კოვაჩი უფრო დიპლომატიურად მოიქცა და ყველაფერი „დემოკრატიის ორი განსხვავებული ხედვით“ ახსნა. სოროსის აზრით,  სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიმღებებს უნდა აკონტროლებდეს, კოვაჩი კი ამბობს, რომ მხოლოდ არჩეული ხელისუფლებაა უფლებამოსილი განახორციელოს ქვეყნის პოლიტიკა.

„სოროსი არავის აურჩევია. არც „ენჯეოები“,   უფლებადამცველები და სხვანი აურჩევია ვინმეს“  - განაცხადა კოვაჩმა "Financial Times"-ისთვის მიცემულ იტერვიუში - „ისინი ცალსახად ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე. და ეს არ არის სწორი“.

2018 წლის დასასასრულს, ადგილობრივ მთავრობასთან არსებულმა უთანხმოებამ კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი გამოიღო - სოროსის მიერ დაფინანსებულ „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს“  ბუდაპეშტის დატოვება მოუწევს და იგი ვენაში გადაინაცვლებს.

 

კიდევ რას მოიმოქმედებს 90 წელიწადს მიტანებული ჯორჯ სოროსი, ამას დრო გვიჩვენებს.  რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ მის მიმართ, ერთი რამ ცხადია- ის უდიდესი მასშტაბების ადამიანია, რომელიც მთელს სამყაროს და მის მოძველებულ წესებს დაუპირისპირდა, ხოლო ფონდი  „ღია საზოგადოება“ სოროსის იდეების განხორციელებას მისი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს. რაც იმას ნიშნავს, რომ სოროსის სიყვარულიცა და სიძულვილიც, სულ ცოტა, კიდევ რამდენიმე ათწლეულს გასტანს.

სახელი

კომენტარის დამატება