flash

ავტორი Tamta

14.03.2021 00:00

კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა ქალ მეწარმეებზე

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

პანდემიის ზეგავლენა ყველასთვის მასშტაბურია. "მისი მძიმე ეკონომიკური შედეგები ქალ მეწარმეებზეც აისახა. უდიდეს ნაწილს შემოსავლები შეუმცირდა, აქედან ნახევარს - მინიმუმ, გაუნახევრდა."- ვკითხულობთ ევროპის ფონდის კვლევაში "კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა ქალ მეწარმეებზე" (2020). 

კვლევაში გამოიკვეთა, რომ ქალებს პარალელურად უწევთ როგორც ბიზნესის მართვა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, ასევე საოჯახო საქმეების გაძღოლა და მოვლა. დედობასთან დაკავშირებული საქმიანობა, ოჯახის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა და აუნაზღაურებელი მოვლა მთავარ დაბრკოლებებად იქნა მიჩნეული. 

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მეწარმე ქალების 57%-მა ბიზნესსაქმიანობა პანდემიის გამო დროებით შეაჩერა, თუმცა საქმიანობა უკვე განაახლა ან - აპირებს განახლებას; 29%-ის თქმით, მათ ბიზნესს არ შეუწყვეტია და არც აპირებს მუშაობის შეწყვეტას. ბიზნესის მფლობელთა მხოლოდ 4%-მა თქვა, რომ დაიხურა და არ განაახლებს მუშაობას. იმ მეწარმეთა დიდი უმრავლესობა (81%), რომელთაც ბიზნესსაქმიანობა დროებით ან სამუდამოდ შეწყვიტეს, ამის მიზეზად მთავრობის რეგულაციებს მიიჩნევს.

რესპონდენტების თქმით, პანდემიის დროს, ბიზნესი არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ყველაზე ხშირ გამოწვევებად დასახელდა: პროდუქციაზე/მომსახურებაზე შემცირებული მოთხოვნა, ნედლეულის გაძვირება ვალუტის კურსის ცვლილების გამო, დამატებითი ხარჯები მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად და კლიენტებისთვის პროდუქციის/მომსახურების მიწოდების გართულება. 

გამოკითხვის რესპონდენტების თქმით, ბიზნესების უმრავლესობის შემოსავლებზე კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა. თბილისში გამოკითხული ბიზნესების 41%-ს (45 რესპონდენტი) პანდემიის შედეგად შემოსავლები 50%-დან 100%-მდე შეუმცირდა, რეგიონებში გამოკითხული ბიზნესებიდან კი ყველაზე დიდი წილი 39% (65 რესპონდენტი) შემოსავლების 25%-დან 50%-მდე შემცირებას ასახელებდა.

გამოკითხვის დროს, ქალმა მეწარმეებმა დაასახელეს ის დახმარება, რაც სახელმწიფომ უნდა გაუწიოს ბიზნესს კორონავირუსის შედეგების დასაძლევად. 

 

წყარო:  ევროპის ფონდის კვლევა "კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა ქალ მეწარმეებზე" (2020). კვლევის ანგარიში მომზადდა ევროპის ფონდის დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მხარდაჭერით. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი