flash

ავტორი ჯინი

16.07.2021 12:09

მართლა მუშაობდა საბჭოთა განათლების სისტემა?!

საბჭოთა განათლება

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

თანამედროვე განათლების სისტემაზე საუბრისას, ხშირად გავიგონებთ ფრაზას “ჩემს დროს იყო სწავლა, თუ იყო!” “ჩემს დროს”, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის პერიოდზე მიგვითითებს. საინტერესოა, რა ხდებოდა ასეთი საბჭოთა განათლების სისტემაში - რეალურად შეგვიძლია ის ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის გამოვიყენოთ, თუ უბრალოდ ბავშვობის რომანტიზირებულ აღქმასთან გვაქვს საქმე?! თუ “სწავლა” ძირითადად საკითხების დაზეპირებას, პათოლოგიურ სიმკაცრესა და ძალადობას გულისხმობდა? 

დღეს არაერთ სტატიასა და წიგნში წავაწყდებით მოსაზრებას,  რომ საბჭოთა კავშირმა ისეთი განათლების სისტემის შექმნა შეძლო, რამაც მის ამბიციურ მოდერნიზაციას შეუწყო ხელი და ქვეყანა სუპერძალად გარდაქმნა. საკმაოდ დიდხანს საბჭოთა განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა. დასავლეთში ამ რწმენამ, ერთგვარმა მისტიკურობამ საბჭოთა ადამიანის ირგვლივ, იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა თავის დროზე, რომ დღესაც შეიძლება წავაწყდეთ კლიშეებს საბჭოთა განათლების მქონე ადამიანის გენიოსობის შესახებ. 

როგორ გახდა საბჭოთა განათლების სისტემა იმ პერიოდში საუკეთესო? 

მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 21%-ს შეეძლო კითხვა. სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა, როდესაც ძალაუფლება ხელში ბოლშევიკებმა ჩაიგდეს. კომუნიზმის ასამუშავებლად მათ დაიწყეს ქალთა თანასწორობის პროპაგანდა და დანერგეს კამპანია “ლიკბეზ” (უწიგნურობის ლიკვიდაცია). უკლასო საზოგადოებაში პროდუქტის მაქსიმალიზაციისთვის მნიშვნელოვანია ყველა ძალის გამოყენება, მათ შორის ქალის, რომლის ფუნქციაც მანამდე დიასახლისობით განისაზღვრებოდა. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი ბაგა-ბაღებისა და საბავშვო ბაღების ინსტიტუტს საბჭოთა კავშირში. ქალები ახლა მხოლოდ დედის ფუნქციას აღარ ასრულებდნენ და თანაც, ძალიან პატარა ასაკიდან უნდა დაეწყოთ საბჭოთა ადამიანის შექმნა. სსრკ-ს დამფუძნებელი, ვლადიმირ ლენინი, საბავშვო ბაღებს “კომუნიზმის ყლორტებს” უწოდებდა. მისი აზრით, ამგვარი დაწესებულებები “ქალებს ათავისუფლებს. რეალობაში ამცირებს და აქრობს მათ უთანასწორობას კაცებთან მიმართებით, რამდენადაც იზრდება მათი ჩართულობა საზოგადოების ცხოვრებასა და სოციალური პროდუქტის შექმნაში.”

1926 წლის მონაცემებით, მხოლოდ 1 მილიონი ადამიანი მიიჩნეოდა წიგნიერად. 1939 წლისთვის, ლიკბეზის სასწავლო პროგრამის მეშვეობით, 40 მილიონმა ადამიანმა ისწავლა, როგორ უნდა წაეკითხა და დაეწერა. თუმცა, ნამდვილი გარღვევა მოხდა 1930 წელს, როდესაც საყოველთაო დაწყებითი სწავლება დაინერგა საბჭოთა კავშირში. მაგრამ, როგორც თანამედროვეები იხსენებენ, უკვე არსებული სკოლებისათვის რთული აღმოჩნდა ახალწვეულების მიღება. მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო, იძულებულები გახდნენ, სკოლის მოსწავლეები ნაწილებად, ე.წ. სმენებად  დაეყოთ: ყველაზე პატარები იწყებდნენ დილის 8 საათზე და შუადღისას მთავრდებოდა მათი გაკვეთილები, ამ დროს შედარებით უფროსები მოდიოდნენ, ხოლო ყველაზე დიდები სწავლობდნენ საღამოს 6-დან 10 საათამდე, ხანდახან 11-მდეც. 

ადრეულ 1940-იან წლებში უწიგნურობის პრობლემა უკვე დიდწილად გადაჭრილი იყო. 

სსრკ-ს შექმნიდან პირველი დეკადა სავსე იყო განათლების სისტემაში ექსპერიმენტებით. განსაკუთრებით პრობლემატური იყო ისტორია: ისტორიული მოვლენები ქაოტურად ისწავლებოდა, სხვა სოციალურ მეცნიერებებთან შედარებით. მხოლოდ 1934 წელს შეძლეს და საბოლოოდ შეჯერდნენ, თუ რა უნდა სცოდნოდა საბჭოთა ადამიანს თავის წარსულზე.  შესაბამისად, “რეაბილიტირებული” ისტორიის სახელმძღვანელო სკოლებს გადასცეს. 

დიდმა სამამულო ომმა დიდი გავლენა იქონია მთლიან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე. წლები დასჭირდა საბჭოთა კავშირს ჰიტლერისგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია საშუალო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ძალისხმევა მიმართული იყო თითოეული მოსწავლიასა და მასწავლებლების სარგებელზე. 

ცივი ომის დროს გაზრდილი ტექნოლოგიური კონკურენცია საბჭოთა კავშირისთვის მოტივაცია გახდა,  მეტი ყურადღება დაეთმო კონკრეტული მეცნიერებებისთვის, განსაკუთრებით კი, მათემატიკისთვის. მათემატიკის ნამდვილი  ბუმი 150-იანი წლების ბოლოს დაიწყო. იხსნებოდა სპეციალიზებული მათემატიკური სკოლები, სწორედ ეს სკოლები დაამთავრეს იმ ახალგაზრდებმა, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანეს საბჭოთა კოსმოსურ კვლევებში. 

საბჭოთა სკოლების ერთ-ერთი გამორჩეული “თვისება” თავისუფალი კლუბები იყო. ბავშვებს უფასოდ შეეძლოთ აერჩიათ კურსები: ფოტოგრაფია, ავიაცია, იარაღის აწყობა-დაშლა, ფარიკაობა და სხვა. 

საბჭოთა სკოლებზე ლაპარაკისას აუცილებელია ვახსენოთ პიონერები - ბოი სკაუტების საბჭოური ვერსია. პიონერების საქმიანობას, რა თქმა უნდა, იდეოლოგიური მოტივები ჰქონდა, მაგრამ, საერთო ჯამში, მათი საქმიანობა მოხალისეობრივი და კეთილშობილური იყო  - აგროვებდნენ მაკულატურას, გადაამუშავებდნენ მეტალს, ასუფთავებდნენ გარემოს, ეხმარებოდნენ ხანში შესულებს... 

უმაღლესი განათლების მნიშვნელობა

სსრკ უმაღლესი განათლების მიღებისთვისაც საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავდა. რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა ახალი უნივერსიტეტები დააფუძნეს. განსაკუთრებით საჭიროებამ თავი იჩინა 1930-იან წლებში, როდესაც, ინდუსტრიალიზაციის შედეგად, სსრკ ახალი სპეციალისტების ყოლის საჭიროების წინაშე აღმოჩნდა.  მოგვიანებით, 1950-იანი წლებიდან, ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების ახალი ტალღა წამოვიდა და 1975 წლისათვის, სსრკ-ში დაახლოებით 5 მილიონი სტუდენტი იღებდა უმაღლეს განათლებას. კარგ სტუდენტებს სწავლისთვის ფულსაც უხდიდნენ. 

უმაღლესი განათლების მიღება სსრკ-ში არა მხოლოდ ცოდნის მიღებას ითვალისწინებდა, არამედ ხშირად გულისხმობდა ფიზიკურ შრომაში ჩართულობას. ზაფხულობით სტუდენტები აყალიბებდნენ ე.წ. სტუდენტთა სამშენებლო ბრიგადებს, რომლებიც განლაგდებოდნენ საბჭოთა ეკონომიკისთვის აუცილებელ სამშენებლო ობიექტებზე. ამ აქტივობის მთავარი იდეა სტუდენტებში სამუშაო ეთიკის გამომუშავება იყო.  

1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ოფიციალური პოლიტიკის ცვლილებამ განათლებისა და მეცნეირების სისტემაზეც მოახდინა გავლენა. 1956 წელს,  მეოცე პარტიულ კონგრესზე ნიკიტა ხრუშოვმა  ახალი რეფორმები წამოიწყო. მისი პოლიტიკის ამომავალი იდეა იყო “ცხოვრებასა და სკოლას შორის კავშირის გაძლიერება” განათლების სისტემის ყველა საფეხურზე. 

პოლიტექნიკური სასწავლებლების იდეა კვლავ გაცოცხლდა, მაგრამ ძირითადად მისი ფუნქცია იყო მოსწავლეების გადამზადება/ სპეციალიზაცია პროფესიული საქმიანობისთვის წარმოებასა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში. 1958 წლის საგანმანათლებლო რეფორმების მიზანი იყო ზოგადი და პოლიტექნიკური განათლების პროფესიული სწავლების შერწყმა ისე, რომ 15 წლის შემდეგ ახალგაზრდების დიდ ნაწილს უშუალოდ "წარმოება" დაეწყო.

და მაინც, რატომ ამართლებდა საბჭოთა განათლების სისტემა უმეტესობისთვის?

მაშინდელი განათლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები შესაბამისობაში მოდიოდა რეალობასთან: ბევრი საზეპიროები, ლექსები და პიონერისთვის შესაფერისი აზროვნება. საბჭოთა კავშირის სიძლიერე მეცნიერულ, “ტექნიკურ” საგნებში იყო - ისეთი ცოდნის მიღება-განვითარება, რაც პრაქტიკაში გამოსადეგი იქნებოდა. მეცნიერების საჭიროება განსაკუთრებულად გამოჩნდა ცივი ომის პერიოდში. ამ დროს სწორედ მეცნიერება გახდა  მთავარი საბრძოლო იარაღი. ხოლო ჰუმანიტარული საგნები, ლიტერატურა და ისტორია, რამდენადაც მათ შეეძლოთ ბზარები გაეჩინა კომუნისტური საზოგადოების წყობის უალტერნატივობის რწმენაში, მკაცრად კონტროლდებოდა. 

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, ადრეული საბჭოთა სკოლები ხასიათდებოდა სამი ერთთმანეთისგან გამიჯნული კომპონენტით: ძალდატანებითი თანასწორობა და იმ ჯგუფების პრივილეგირებულობა, რომლებიც ადრე ცუდ პირობებში იყვნენ; ტრადიციული, რელიგიაზე დაფუძნებული ღირებულებების კომუნისტური იდეოლოგიის სწავლებით ჩანაცვლება; და ინოვაციური კურიკულუმი, რომლის მიზანიც იყო განათლებისა და “რეალური ცხოვრების”, იგივე სამუშაოს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირება. მთავარი აქ იმ ადამიანების ჩამოყალიბება იყო, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ წინასწარ მათთვის განსაზღვრულ ადგილს მოერგებოდნენ კომუნისტურ რეჟიმში. ანუ საბჭოური სკოლა იყო საბჭოური ცხოვრებისთვის მზადება, შესაბამისად, ახალგაზრდებს არ უჩნდებოდათ განცდა - არ ვიცი ვინ ვარ, როგორ უნდა გადავიხადო გადასახადები... დღეს მოსწავლეების მთავარი პროტესტის საგანი ხომ სწორედ ეს არის - სკოლები არ გვამზადებენ რეალური ცხოვრებისთვის. აი, საბჭოთა კავშირში კი ამდენი ფიქრი არ იყო საჭირო, სკოლაც, სახლიც და სამსახურიც ერთი სისტემის ზუსტი უჯრედები უნდა ყოფილიყო. საბჭოელმა მოსწავლემ სკოლის დამთავრების შემდეგ იცოდა, , როგორ გამხდარიყო  იყოს თავისი კომუნისტური თემის ნაწილი. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი