flash

ავტორი Irina

08.07.2021 17:19

მოსაზრება: შორს ქალაქიდან

შორს ქალაქიდან

თვითმფრინავი, რომელშიც ცივა და მე ვზივარ, ბალტიმორიდან სენტ ლუისში მიფრინავს. სადაცაა, მიწას მოწყდება და წამიყვანს. “შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან, შორს წაგვიყვანე”- მესმის ყურსასმენებში კარგად ნაცნობი ხმა და მეც სულ სხვა ქალაქზე ვფიქრობ.

თბილისზე. სადაც გუშინ ჩემი მეგობრები ისევ რუსთაველზე იდგნენ. მათთან ერთად ისინიც იყვნენ, ვისაც არ ვემეგობრებით, ან საერთოდაც არ მოგვწონს, რადგან რუსთაველი ჩვენი, ყველასია, და როგორღაც დაგვიტევს. ეს ადამიანები მდუმარე დემონსტრაციით აპროტესტებდნენ წინა დღეს - დღეს, რომელზეც, ღირსების მარშის ნაცვლად, ძალადობა, სიძულვილი და დამახინჯებული ქართული ცეკვა ვიხილეთ. რაც ყველაზე უარესია, სახელმწიფომ ვერ კი არა, უბრალოდ არ დაიცვა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, მოძალადეებს შეატოვა მედიის წარმოდადგენლები, ბავშვები და შემთხვევითი გამვლელები. იფიქრებდით, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. 

მე ასე ვფიქრობდი. ოკეანის გადაღმა ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ დავბრუნდებოდი სახლში ჟურნალისტად, როგორ მცემდნენ, მაგინებდნენ და შემაფურთხებდნენ მეც, მერე კი ჩემი შელახული ღირსების გარშემო აჭარულს დაუვლიდნენ. იმასაც ვფიქრობდი, როგორ შემეხედა თვალებში მეგობრისთვის, რომელიც ლგბტქ+ თემის წევრია და რომელსაც თავგამოდებით ვეპატიჟებოდი საახალწლოდ გოზინაყზე. ვფიქრობდი და მეშინოდა, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და არ უნდა დავბრუნდე. 

მოძალადეებსაც ეგ უნდათ. ეკლესია, მთავრობა და ფეისბუქის აქტიური მომხმარებლები მოგვიწოდებენ, წავიდეთ, გადავიხვეწოთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს. ცივი, დროსა და სივრცეში გაყინული ცნებაა ეგ “ქართველი ხალხი.” მთლიანად აბსტრაქტული, უნიჭოდ გამოთლილ ხის ჯვარსა და არყით გაჟღენთილ კავკასიურ მოძრაობებში გაჭედილი.

6 ივლისის აქციამ კი დამანახა, რომ, სინამდვილეში, მრავალწლიანი სიღარიბის, იმედგაცრუების და აპათიის მიუხედავად, ქართველი ხალხი ცოცხალია. მას ისიც შეუძლია, ძალადობას სიჩუმით და სიმრავლით უპასუხოს.

უპასუხოს და უთხრას, რომ საქართველოს პატრონები ჩვენ ვართ: ადამიანები, რომლებიც განვსხვავდებით ასაკით, სქესით, სექსუალური ორიენტაციით, მრწამსით, გემოვნებით, ცხოვრების სტილით, მაგრამ მაინც ვითმენთ ერთმანეთს. მეტიც, ვიღებთ და ვცდილობთ, გვიყვარდეს კიდეც ერთმანეთი. როგორღაც იმაზეც ვთანხმდებით, რომ რუსთაველის გამზირი, შავი ზღვა თუ ნებისმიერი სხვა ადგილი ყველასია, ჰაერს ყველა ვსუნთქავთ და უსაფრთხოდ ცხოვრება ყველას გვინდა. სიყვარულიც. 

ჩემი თვითმფრინავი უკვე დიდი ხანია აფრინდა და ყურსასმენებში ისევ იგივე, კარგად ნაცნობი ხმა მესმის. “გამოვა, ან არა,” - რამდენჯერმე იმეოებს დათო ჯიქია. მეც ისევ ვფიქრობ. 6 ივლისის აქცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, ზეგ და მაზეგ თავისუფალ სამოთხეში გავიღვიძებთ. ორ-სამ დღეში ჩამკვდარი პროტესტი აქამდეც გვინახავს და საზრუნავიც იმდენი გვაქვს, ამაზე დიდხანს არ შევჩერდებით. მაგრამ, ამის მიუხედავად, შორიდან მაინც მგონია, რომ რაღაც შეიცვალა. რუსთაველზე იმაზე მეტი ცისარტყელა გამოჩნდა, ვიდრე ღირსების მარშზე იქნებოდა. თან ისე, რომ მიკროფონსაც არავინ ჩაყვიროდა სადღეგრძელოებს. 

“გამოვა ან არა.” - ზუსტად არასდროს ვიცით. მაგრამ, იქნებ და გამოვიდეს? უფრო სწორად, იქნებ გამოგვივიდეს? დღეს ამის იმედი გამიჩნდა და მინდა მჯეროდეს, რომ ხვალვე არ გამიქრება.

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი