flash

ავტორი Tamta

18.10.2019 14:31

“დედა, რა არის ეს ჯოხი, რა გამიხდა?!' - ერთი დღე მოხუცთა სახლში

“დედა, რა არის ეს ჯოხი, რა გამიხდა?!' - ერთი დღე მოხუცთა სახლში

მზეო: “დაბადების დღეებს ვიხდით, სიმღერებით, სუფრით, ტორტით. ეს მათში რას იწვევს იცი? 

ნანი ბებო: “სიხარულს, სიხარულს იწვევს”

მზეო: “აი, დაიბადნენ, ხელახლა დაიბადნენ.”

 

“ჩემთან სიტყვა თავშესაფარი არ მოსწონთ და არც უწოდებენ ასე. ქალბატონმა ნანიმ აქაურობას “სიყვარულის საუფლო” დაარქვა. როგორც ოჯახი, ისე ვცხოვრობთ.” - მიყვება მზეო, რომელიც უკვე მეშვიდე წელია მოხუცებს უვლის. ერთმანეთს მისი სახლის ეზოში ვხვდებით, მოხუცებიც აქვე არიან, მზეს ეფიცხებიან, საუბრობენ და პერიოდულად მღერიან.

საქართველოში მოხუცთა სახლების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს - ოჯახის წევრის აქ მოყვანა ბევრისთვის მიუღებელი ან გაუგებარია. მზეო მიყვება, რომ ამ განწყობის გამო ბევრი არასასიამოვნო რამეც გაუგია:

“ბევრისგან მომისმენია კომენტარი: “ასეთ დღეშია, რაღა აზრი აქვს ამის სიცოცხლეს?!” აბა თვითონ მათ ჰკითხეთ? ისინიც კი, ვისაც გაუსაძლისი ტკივილები აწუხებთ, მაინც გეკითხებიან და გთხოვენ, დღის ბოლომდე ჰო მაცოცხლებო? ზოგი შვილს ელოდება და გთხოვს, ჩემი შვილის ჩამოსვლამდე მაცოცხლეო. ის უნდა აცოცხლო, უნდა დაპირდე, რომ იცოცხლებს"

ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ სხვის სიცოცხლეს ხელი არ შევუწყოთ და ადამიანს არ მივაწოდოთ ყველაფერი ის, რაც სჭირდება სულიერებისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

საკუთარი თვალით ვხედავ, რომ აქ მოხუცებისთვის ყველაფერს აკეთებენ - მზეოს და მის თორმეტივე თანამშრომელს სამედიცინო განათლება აქვთ, მაგრამ სხვა ფუნქციებსაც ითავსებენ. მთავარია, რომ თითოეულმა მათგანმა მოახერხოს მოხუცების საჭიროებების დაკმაყოფილება და კრიტიკულ მომენტში დახმარების სწრაფად გაწევა. 

“ეს ჩვენი ეშმაკური გათვლაა, რომ ყველამ იცოდეს წნევის გაზომვა ან ჟანგბადის აპარატის მართვა - არასდროს ვიცით, ვის რა დასჭირდება.”

დღის განმავლობაში ამ სახლში 35-მდე მოხუცი იყრის თავს. ბევრ მათგანს სკლეროზის, ალცჰეიმერის ან ასაკობრივი დემენციის დიაგნოზი აქვს. მათი მდგომარეობის მართვა მარტივი არ არის, მზეო მიყვება, რომ ზოგჯერ აგრესიასთანაც უწევს გამკლავება, თუმცა ამას ახერხებს, რადგან თითოეულ მოხუცს უკვე კარგად იცნობს. მისი აზრით, მთავარი მოხუცების ნდობის მოპოვება და სწორი მიდგომაა. ასეთი მიდგომით თვითონაც უქრებათ იმის განცდა, რომ თავიდან იშორებენ და რაღაც თავშესაფარში მიჰყავთ. 

“პირველი მედიკამენტი სწორი მიდგომაა - სიყვარული და იმედი, რომ იცოცხლებენ. აქ არის სკლეროზის, ალცჰეიმერის და დემენციის შემთხვევები, მაგრამ არ იფიქროს არავინ, რომ ეს ადამიანები არაადეკვატურები არიან და ვერ ხვდებიან ცუდს და კარგს. აი ის სიყვარული, რაც არის და რაც არის მათი მამოძრავებელი, იმას რომ გააღვივებ, მერე უკვე ადვილად ხვდებიან ყველაფერს.”

მისი თქმით, მოხუცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენთვის საჭიროები არიან. 

“ბევრს აქვს კითხვა: “რას წარმოვადგენ მე?” უნდა უპასუხო, როგორი საყვარელია, როგორ არ შეგიძლია მის გარეშე ყოფნა. არ უნდა დაუშალო და აუკრძალო რამე. არ უნდა აგრძნობინო ასეთი რამ. უმაქნისები არიან? არ შეუძლიათ, მაგალითად, თეფში თვითონ აიღონ? თუნდაც გაუტყდეთ, მერე რა. სარეცხი რომ შემოგვაქვს, რამდენიმე ქალბატონი კეცავს. შეიძლება ჩვენთვის არადამაკმაყოფილებლად, მაგრამ ისინი რაღაცას აკეთებენ და თვლიან, რომ გვეხმარებიან, ჩვენთვის საჭირო არიან.”

ასე ცხოვრობენ მზეოს სახლში და ბევრი კურიოზიც გადახდენიათ. მზეო მიყვება, როგორ დაიკარგა ერთხელ ახალი თეთრეულის კომპლექტები. პატარ-პატარად დაჭრილი და დაკეცილი ზეწრები დიდი ხნის ძებნის შემდეგ კარადაში იპოვეს. რაში სჭირდებოდათ მოხუცებს დანაკუწებული ზეწრები? ზუსტად არც თვითონ იციან, მაგრამ მათთვის ამ დროს საქმის კეთებაა მთავარი. 

ჰკითხავ, “რას აკეთებ?” გიპასუხებს, ვალაგებო და იმ მომენტში ის მართლა ალაგებს.

სწორედ ამიტომ თვლის მზეო, რომ მოხუცთა სახლების არსებობა აუცილებელია - აქ მათ ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ და მომვლელებიც ჰყავთ, სახლში მარტო დარჩენილებს კი ხშირად მეტყველებაც კი ავიწყდებათ. ამიტომ ჯობია, დღე აქ გაატარონ და თუნდაც უმნიშვნელო საკითხები ერთად გაარჩიონ.

“მათთვის სიმღერა და ლექსები ტვინის ვარჯიშია” - მიყვება მზეო, როცა მოხუცები სიმღერას იწყებენ. ნანისა და სულიკოს ბანს ბუბაც აძლევს -  “სიმღერის ხალისი, ლექსები, ყველაფერი აქ დაუბრუნდათ. მათ უნდათ სიცოცხლე. მერე რა, რომ დიდი ასაკია? აი ქალბატონი 94 წლისაა და მღერის, როგორ არ უნდა სიცოცხლე?” 

თუმცა, აქ უკვე სირთულე იჩენს თავს - ბევრი ადამიანის დატევა ამ სახლში ფიზიკურად შეუძლებელია, გაფართოებას კი თანხები სჭირდება. მოხუცთა ეს სახლი მთლიანად ოჯახის წევრების შემოწირულობით არსებობს და ჯერ-ჯერობით, გადართოების პერსპექტივა არ ჩანს. 

“რომ იყოს კრედიტი, ან რამე, რითიც მე ფართის დამატებას შევძლებდი, სიამოვნებით შევიფარებდი უპატრონო მოხუცებსაც. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა.” 

როდესაც ვეკითხები, რატომ გადაწყვიტა ამ საქმის წამოწყება, მზეო ისევ სიყვარულზე მესაუბრება. ბავშვობიდან უყვარდა მოხუცები, შემდეგაც ანალოგიურ ცენტრში მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ფორმალურ შინაგანაწესს ვერ ერგებოდა და დამოუკიდებლად მუშაობა დაიწყო. მისთვის მთავარი თითოეულ ადამიანზე ზრუნვაა. 

“სადაც არ უნდა ვიყო, სულ ამათზე ვფიქრობ. ჩემი მეგობრები, ჩემი მეუღლის მეგობრები, შვილების კლასელები იცონობენ მათ, ყველასთან სასაუბრო თემა არის ჩემი მოხუცები. მე მათ ვაიგივებ ჩემს მშობლებთან და ბებიასთან. სისხლისმიერი კავშირის გარდა, აქ განსხვავება არაა. მათში ჩემს მშობლებს რომ არ ვხედავდე, ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი.”

სიყვარული მოხუცებთან საუბრის მთავარი თემაც გამოდგა. 94 წლის ქალბატონმა ნანიმ ხომ აქაურობას “სიყვარულის საუფლო” დაარქვა. მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ:

“საუფლო? აი,იმიტომ ჰქვია, რომ ეს ხალხი, რომლებიც უკვე მოხუცდა, არავის რომ აღარ უნდა, ამათში არის კიდევ ძალიან ბევრი და  ძალიან კარგი სითბო. იმიტომ დავარქვით, რომ აი ამ მოხუცების სიყვარული იყოს ამ სახლში. მშვენივრად შემხვდნენ მე, ისე შემხვდნენ რომ აქედან წასვლა აღარ მინდა, სულ მინდა რომ აქ ვიყო. (იცინის) რატომღაც, ძალიან მსიამოვნებს იმიტომ რომ სუყველა ძალიან თბილად გვეპყრობა. ისე თბილად გვეპყრობიან, მგონია, ნათესავები ვართ ამათი. რაც უფრო დიდ ხანს ვიქნები აქ, ამათთან, უკეთესი იქნება.” 

“ახლაც პრობლემური ვარ მაგრამ ბევრი პლიუსი მაქვს.” - მიყვება ნინო, რომელმაც ინსულტი გადაიტანა -  “ცუდ ადგილზე ვიყავი, შვილო, ძლივს გადამარჩინეს. აქ კარგად ვარ, ეს კარგი ადამიანია, ძალიან კარგი. ახლა ნერვები არ მივარგა, მაგრამ ნორმალური ადამიანი ვარ. აქ ვიცი, რომ კიდევ ვინმეს ვჭირდები.” - ნინოს მდგომარეობა ფისქოტროპული მედიკამენტების ჭარბმა დოზამ დაამძიმა, მზეოს სახლში კი ასეთ მკურნალობაზე უარს ამბობენ.

ნელი ბებოც სიყვარულზე მესაუბრება.იგი 2 წლის წინ უგონო მდგომარეობაში მოიყვანეს აქ, ამის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. 

“შედეგი ისეთი მაქვს, ჩემს თავს ვერა ვცნობ. მე იმას ვიფიქრებდი, რომ გონს მოვიდოდი და ავლაპარაკდებოდი? ჩემი დადებითი მხარე ყველაფერი ამათი დამსახურებაა.  რძალ-დედამთილზეა ნათქვამი: “რძალი რომ შემოვა სახლში, როგორი იქნებაო? როგორიც დედამთილი დახვდება, ისეთი იქნებაო!” აქ თავისფლებაა, სულით, გულით თავისუფლება, მაგრამ საქმეს აკეთებენ ისე როგორც საქმეს უნდა. ამას უნდა მაგარი გონება და მოთმენაც. ამას ვხედავ მეც. ზოგიერთი, გამარჯობას ეტყვი და გაივლის. ის თავის საქმეს მაინც აკეთებს, ასეა თუ ისე, მაგრამ აქ აკეთებენ სიყვარულით. სიხარულით, სითბოთი და მოხუცებს რა უნდათ? სითბო უნდათ.”

ნელი ბებოს კარგად ახსოვს ის მომენტი, როცა გამოჯანმრთელდა: 

“15 დღე აზრზე არ ვიყავი. მოვიდა ექთანი და ბებო, ადექი პამპერსი უნდა გამოგიცვალოო,. რა? პამპერსი? რა პამპერსი? ავდექი, პამპერსი მიკეთია. ვაიმე-მეთქი, ახლაც მაკანკალებს, რომ მახსენდება, როგორ-მეთქი, რაში მჭირდებოდა?! გეხვეწები, მომხსენი, მე გავცემ ჩემს თავს პასუხს-მეთქი. მორჩა, ის დღე იყო და... რიცხვი რატომ არ დავიწერე, არ მახსოვს რა რიცხვი იყო, იმის მერე კარგად ვარ.” - საუბრისას ხალისი ემატება და ჯოხი უვარდება. იცინის: 

“დედა, რა არის ეს ჯოხი, რა გამიხდა?!” 

მზეო მეუბნება, რომ მოხუცთა სახლები ისევე გვჭირდება, როგორც, მაგალითად, საბავშვო ბაღები. მოხუცებთან საუბარი ამ საჭიროებაში მარწმუნებს: 

ახლა ვფიქრობ წასვლას, 2 შვილი და 4 შვილიშვილი მყავს, მაგრამ როგორ მოვოთმინო აქაურობის დათმობა? ეს სიხარული, ეს სითბო, ეს მოკითხვა? ეს ყველაფერი, ურთიერთობა. მე დავბერდი და გადავბერდი ქალი და როგორ ველაპარაკო ამაზე, არ ვიცი.

 

საუბრის ბოლოს დაღლილობა იჩენს თავს და მოხუცები ნელ-ნელა დასასვენებლად მიდიან. ზოგიერთი მათგანი ისევ მღერის, კატო ბებო თავის საყვარელ კატას ეთამაშება. დამშვიდოებებისას ნელი ბებო მე და თამთას (ჩვენს ოპერატორს) გვლოცავს და მნიშვნელოვან რამეს გვეუბნება: 

“დღეს ისეთი დრო დადგა, მოხუცებს კი არა, ახალგაზრდებს უნდათ სითბო, ნერვები რომ არ გაუფუჭდეთ. ჩვენ, მოხუცებმა, გავლიეთ ეს გზა, თქვენ ნერვები არ უნდა იშალოთ, გული და ნერვები უნდა შეინახოთ, მე რა უფლება მაქვს დაგარიგოთ, მაგრამ პრაქტიკიდან ვამბობ,” 

 

*მოხუცთა თავშესაფარი 

მისამართი: ზაჰესი, ავჭალის ქუჩა, 66

ტელეფონი: 574 88 01 58; 555 53 04 91

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი