ავტორი Sandro

05.08.2020 15:27

რატომ არ ვრეკავთ პოლიციაში?

პოლიციაში დარეკვა

სისტემური ძალადობა, ხელისუფლების ინტერესების გატარება, საბჭოთა მეთოდები - უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საზოგადოებას პოლიციის მიმართ ბევრი პრეტენზია დაუგროვდა. ხელისუფლება მნიშვნელოვან რეფორმებს გვპირდებოდა, თუმცა მოქალაქეები მიიჩნევენ - ცვლილებების ხარისხი და ტემპი საეჭვოდ დაბალია, ქვეყანა კი ისევ რეპრესიებით კონტროლდება.  

გახმაურებული საქმეების დროს მოქალაქეთა პასიურობამ და სამართალდაცველთა არადამაჯერებელმა რეაგირებამ ძველ პრობლემებზე სასაუბროდ ახალი საბაბი გააჩინა. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს პრობლემები გუშინ არ დაწყებულა და უკვე ათწლეულებია, ნორმად იქცა. მათი აზრით, ბევრი სხვა სისტემური პრობლემისა არ იყოს, სიახლეების პოლიტიკური ნება ამ მიმართულებითაც არ არსებობს. 



კომუნიკაციის პრობლემა

არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელისთვის, ანა აბაშიძისთვის, ის გარემოება, რომ მოქალაქეები 112-ში დარეკვისგან თავს იკავებენ, სამწუხაროა, თუმცა არა გასაკვირი. 

პოლიციაში დარეკეთ, შემდეგ კი პოლიციის შენობაში შესაძლოა იმ ადამიანის პირისპირ აღმოჩნდეთ, ვის შესახებაც პოლიციას შეატყობინეთ - ეს დაუშვებელი და წარმოუდგენელია, მაგრამ ანა ყვება, რომ მსგავსი ისტორია ბევრჯერ მოუსმენია. ან კიდევ უარესი.

“განმცხადებლის შესახებ მონაცემები “შემთხვევით” აღმოჩენილა იმ პიროვნების ნათესავების ხელში, ვის შესახებაც პოლიციაში განაცხადა. შემდეგ კი ადგილი ჰქონდა ამ ადამიანის დაშინების ცდელობას”, - ამბობს ანა და დასძენს - “ბუნებრივია, რომ ადამიანები ცდილობენ, ეს უსიამოვნება თავიდან აირიდონ”.

პოლიციასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის პრობლემაა. ხშირად ეს კომუნიკაცია მოქალაქისთვის სახიფათოც შეიძლება იყოს. საფრთხე კი უშუალოდ პოლიციელის მხრიდან მომდინარეობს.

ჩვენთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის”(EMC)  წარმომაგენელი, თამარ გვასალია ამბობს, რომ სახელმწიფო მოქალაქეს პოლიციისგან სათანადოდ არ იცავს. მაგალითად, არ ხდება ე.წ. სამხრე კამერების გამოყენების სათანადო კონტროლი. გარდა ამისა, პოლიციის მანქანები და ის ოთახები, სადაც პოლიციელისა და დაკავებული ადამიანის შეხება ხდება, კამერებით აღჭურვილი საერთოდ არ არის. არადა, არასათანადო მოპყრობის, ზეწოლის და ძალის გადამეტების ფაქტები ყველაზე ხშირად სწორედ იქ ხდება. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებს პოლიცია, მით უფრო არ ენდობიან მას მოქალაქეები. 

თამარ გვასალია განმარტავს, - სახელმწიფოს არ გააჩნია ერთიანი ხედვა, თუ როგორ გაზარდოს ნდობა მოქალაქეების მხრიდან, მაგრამ თან არ გააჩნია პრევენციული პოლიტიკა. ერთადერთი რასაც ის აკეთებს, დანაშაულის შეკავებაა. დანაშაულზე რეაგირება კი  რეპრესიული მეთოდებით ხდება.

 

საბჭოთა წარსული

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პასუხი დღევანდელ პრობლემებზე, პირველ რიგში, უახლოეს ისტორიაში უნდა ვეძებოთ.

“როდესაც კომუნისტებმა ქვეყანა დაიპყრეს, მათ სჭირდებოდათ ინსტრუმენტი, რათა ხალხი არ აჯანყებულიყო. ჯარისკაცების ნაცვლად, ეს ფუნქცია პოლიციას მიანიჭეს. აქ პოლიციის მორალი შეიცვალა - ეს უკანასკნელი ადამიანის დამხმარე კი არა, არამედ სისტემის წარმომადგენელი იყო, რომელიც ადამიანს იმორჩილებდა”.

 

პოლიტიკოსი მიიჩევს, რომ ქართული პოლიციის მთავარი პრობლემა საბჭოთა წარსულია, და მისგან განთავისუფლება უწყებამ ჯერაც ვერ შეძლო. არც ერთპიროვნული იერარქია და ერთპარტიული კონტროლი წასულა სადმე. 

დახურული და მეტ-ნაკლებად თავისუფალი ჯოჯოხეთი - ასე ადარებს იაგო წარსულსა და აწმყოს. მისი აზრით, სიტყვის თავისუფლების იმ დოზით არსებობა, რა დოზითაც ის დღეს არსებობს, მოცემულობას ოდნავ აუმჯობესებს და პოლიციას აკავებს. თუმცა იაგო სისტემაში ნეგატიური ცვლილებების სერიოზულ პოტენციალს ხედავს. იგი დარწმუნებულია - თუკი გაუარესდება გარემო, გაუარესდება პოლიციაც. 

თამარ გვასალიასთვის საბჭოთა მემკვიდრეობა, პირველ რიგში, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში იკვეთება. “სამწუხაროდ, ნორმატიულ დონეზე, პოლიციის მუშაობის მეთოდიკა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ შეცვლილა. უცვლელია ოპერატიული სამძებრო საუშაოების პრინციპები, მათ შორის ტაქტიკურ და მეთოდოლოგიურ დონეზე” 

გამოსავალს მხოლოდ ძირეულ რეფორმებში ხედავს. მთავარი გამოწვევები გამომძიებლების გადამზდება და გამოძიების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. საქმე ისაა, რომ პროკურატურის ზეგავლენა გამოძიებაზე დღემდე მეტისმეტად დიდია.  თამარი განმარტავს - აღნიშნული რეფორმის კონფეცია უკვე შემუშავდა. თუმცა ამ ეტაპზე ის გაყინულია. რატომ? თამარისთვის პასუხი მარტივია: არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება. ისევე, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაბამისი რესურსი. ამასთან, წინების მსგავსად, ამ ხელისუფლებამაც ვერ გაბედა, რეპრესიული მექანიზმის ნაცვლად, პოლიცია დამცავ მექანიზმად გადაექცია. 

 

“სახელმწიფოსთვის პოლიცია დღეს არის კონტროლის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი. ვერც ერთ საპროტესტო აქციას ვერ ნახავთ, სადაც სახელმწიფო საზოგადოების წინაშე პოლიციის გარეშე დადგება... იქ, სადაც აუცილებელი იყო საზოგადოებასთან გასვლა, პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი, სახელმწიფომ სპეცრაზმი გამოიყვანა”. 

 

პოლიცია, რომელიც “გვიდებს”

როგორ შედის სახელმწიფო მოქალაქეებთან დიალოგში და როგორ მუშაობს ნდობის გაძლიერებაზე? პასუხს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ვიგებთ. სკოლის მოსწავლეებთან და ახალგაზრდებთან თემატური შეხვედრების გარდა, “ცნობიერებისა და ნდობის ამაღლების მიზნით, სამინისტრომ შეიძინა Investigation Discovery-ის ოფიციალური ლიცენზია და შეიქმნა ფართო საზოგადოებაზე გათვლილი კრიმინალური დოკუმენტალური ტელეგადაცემა „პოლიციის ფაილები“. საანგარიშო პერიოდში მოხდა 13 სერიის გადაღება. სერიები განთავსდა „ტელეიმედის“ ეთერში, სამინისტროს ოფიციალურ „Facebook“ გვერდზე და სამინისტროს „Youtube“ არხზე”.

ტელეგადაცემამ გაჭრა თუ არა, ჯერ არ ვიცით. პოლიციის მიმართ ნდობის ხარისხი ბოლოს 2019 წელს IRI-მ შეაფასა. მაშინ სამართალდამცველებს მოსახლეობის 59% ენდობოდა.  მოქალაქეებს ეჭვები აწუხებთ, სისტემის შიში კი არსად წასულა - ამის შესახებ სხვა სოციოლოგიური კვლევებიდანაც ვიგებთ. 2018 წელს “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიციელები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით, ნარკოტიკების ჩადების მეთოდს იყენებენ.

ყველა თანხმდება, რომ ეს ცუდია. იმაზეც თანხმდებიან, რომ “ჩადება” სისტემის ინსტრუმენტად საბჭოთა კავშირმა აქცია. ოღონდაც ამ ფონზე მოსახლეობის 41% "ბოროტების იმპერიის" დაშლას კვლავაც ნეგატიურ მოვლენად აფასებს. არადა, საბჭოთა მემკვიდრეობის თანახმად, იდეოლოგიის გამო ყველაფერი მოსულა. ადამიანის ადგილი კი არა ღირებულებითი სისტემის ცენტრში, არამედ გულაგებშია. ან, უკეთეს შემთხვევაში, სადღაც პერიფერიაზე.

 

გარეკანის სურათი: ხარება ქავთარაძე

კომიქსები: სანდრო გვინდაძე

 

zura

zura

shetyobinebas rom gzavni da ici rom uewveli unda dagkitxon dzaan uazrobaa , anu tu gaxda sawiroeba rom gamoidzaxo samashvelo an policia aucileblad unda dawero chveneba da kide unda dagkitxon

16.08.2020 19:07
გიორგი

გიორგი

რანაირად უნდა დარეკო 112.ზე დარეკავ და შენ გიჭერენ გეტყვით რაც ვნახე ჩემი თვალით ჩემა სიძემ საფულე იპოვა ბლომად ფული და საბუთები ეწყო და 2.სუტკა განყოფილების დროებით დასაკავებელში ეჯდათ!! ეს ერთი მეორე თელავის ტრასაზე ხე წაიქცა და სამი სათის განმავლობაში ჩვენებები მაწერინეს როგორ ქუხდა ქარი საიდან უბერავდა წვიმა როგორ მოდიოდა და ესეთი სირობები!! მე დავრეკე რო სამაშველო გამოგზავნეთქო რომ დახერხონ და გზა განთავისუფლო ჩახერგილიათქო და იმათ კოდევ დაკითხვებზე წამიყვანეს და ხეც ჩემი დასახერხი გახდა!! მერე ანონიმურობას არავითარ შემთხვევაში არანაირად არ იცავენ და როგორ იცით ეხლა მე აწი კიდევ დამრეკი ვარრრ?? მოკლან კიარა სუ ნაკუწნაკუწ რო დაჩეხონ ჩემდათავად დამრეკისიც კიდევ რაა!!

13.08.2020 23:25

სახელი

კომენტარის დამატება