flash

ავტორი ჯინი

23.03.2021 13:34

ქალი, როგორც თვითმკვლელი ტერორისტი

terrorist

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

“დახუჭეთ წუთით თვალები და წარმოიდგინეთ ტერორისტი. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ თქვენმა უმრავლესობამ არჩევანი მამაკაცზე შეაჩერა,  18-დან 40 წლამდე. შესაძლოა, შუა აღმოსავლეთიდან, იქნებ წვერითაც კი.” - ეს არის სიტყვები, რომლითაც დაიწყო თავის  TedTalk ტერორიზმის მკვლევარმა, ამერიკელმა მია ბლუმმა. ამ პატარა “სავარჯიშოს” შესრულებით, მია შეეცადა მსმენელისთვის დაენახებინა, რომ როდესაც საქმე ეხება ტერორიზმს, ჩვენი კოლექტიური ცნობიერი მიდრეკილია შექმნას ერთგვარი ჩარჩოები, რომელშიც ადგილი აღარ რჩება ქერა, ცისფერთვალება, ქრისტიანი ტერორისტებისთვის, ან თუნდაც ქალისთვის. ერთი საკითხია, რა განაპირობებს ასეთი კლიშეების შექმნას, მეორე ის, რომ მსგავსი დისკრიმინაცია ხშირად ხდება მიზეზი, რის გამოც თვითმკვლელი ტერორისტები წარმატებას აღწევენ. 

რატომ მიმართავენ სუიციდურ ტერორიზმს? 

დასაწყისისთვის, კარგი იქნება თუ ამ კითხვას გავცემთ პასუხს. ეს შედარებით გაამარტივებს დავინახოთ, რატომ და როგორ ერთვებიან ქალები სუიციდურ ტერორიზმში.

 თვითმკვლელი ტერორისტი “ჭკვიანი ბომბია”, რამდენადაც მისი მეშვეობით დროისა და ადგილის სიზუსტის გათვლაა შესაძლებელი (ქვემოთ ნახავთ, რომ ამ მხრივ ქალებს შეიძლება უპირატესობა ჰქონდეთ). “ადამიანი ბომბისთვის” ყველა ადგილი მისაწვდომია. თვითმკვლელ ტერორისტს შეუძლია ბოლო წუთს შეცვალოს შეტევის გეგმები, სამიზნის ან გარშემო მყოფი ადამიანების სიმცირის/ სიმკვრივის საფუძველზე გაამარტივოს/გაართულოს მიდგომა; შეიძლება იმის მიხედვით იმოქმედოს, ჩანს თუ არა ახლო-მახლოს უსაფრთხოების პერსონალი ან სხვა საწინააღმდეგო ზომები ხომ არ იკვეთება. 

მსოფლიოში თვითმკვლელთა ოპერაციებმა დაახლოებით ოთხჯერ მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე სხვა სახის ტერაქტმა. მოხერხებულობასთან ერთად მისი განხორციელება ტერორისტებსაც იაფი უჯდებათ სხვა თავდასხმებთან შედარებით. ამ ყველაფერთან ერთად, გავიხსენოთ, რომ ისლამურ სამყაროში ქალის სიცოცხლესაც ნაკლები ფასი აქვს... 

უფრო მეტიც, სუიციდური ტერორიზმი გარანტიას იძლევა, რომ მედია გააშუქებს. ასეთი ტერაქტები განსაკუთრებულად ძლიერი ფსიქოლოგიური იარაღიცაა. გარდა მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღისა (WMD), არც ერთი სხვა ტერორისტული ტაქტიკა არ იწვევს იმავე შიშსა და დამბლას ტერორისტების სამიზნე აუდიტორიაში, როგორც თვითმკვლელთა თავდასხმები. სწორედ ეს არის ტერორისტების მიზანიც: მთავრობისა და მოქალაქეების დაფრთხობა, ღრმა შიშისა და დაუცველობის კლიმატის შექმნა - ამ ყველაფრით მანიპულირებენ ტერორისტები და ცდილობენ მათ სასარგებლოდ გამოიყენონ. სწორედ ამ მანიპულაციაში შედის “მოულოდნელობის ეფექტი”, როდესაც ქალი ან  შენი მეზობელი თეთრკანიანი, ქრისტიანი კაცი ხდება თვითმკვლელი ტერორისტი. 

რატომ ირჩევენ ქალებს? 

ისევ გავუსვამ ხაზს მოულოდნელობის ეფექტს და გეტყვით, რომ კოლექტიური ცნობიერი არ მოელოდება ქალებისგან ტერორისტულ აქტს. ამის ძირითადი მიზეზი ორია: ქალების შესაძლებლობების სათანადოდ არ დაფასება, ანუ კულტურაში გამჯდარი “ქალი ვიცი კუხნაში”, ნაზი, მზრუნველი, მოსიყვარულე, პაციფისტი... და აღქმა, რომ ტერორისტული საფრთხე მოდის მხოლოდ ისლამური სამყაროდან, წვერიანი, ველური აღმოსავლელი კაცებისგან. ამ მიზეზებს კარგად იყენებენ ტერორისტული დაჯგუფებები ; მოდით, ვთქვათ, ჩვენს სტიგმებსა და სტერეოტიპებს ისევ ჩვენს წინააღმდეგ ატრიალებენ. ასე, მაგალითად:

 

  1. ქალები ნაკლებად იწვევენ ეჭვს. თავდაცვის ძალები შედარებით მსუბუქად ამოწმებს, უფრო მარტივად ატარებს ქალებსა და ბავშვებს, რადგან მათ ძირითადად აღიქვამენ, როგორც არასაბრძოლოებს. ამასთან, ქალებს უფრო მარტივად შეუძლიათ ბომბი დამალონ ტანსაცმელში, ან თავი ორსულებად გაასაღონ, ორსულებს კი როგორც წესი, კარსაც ვუღებთ, რიგში წინაც ვუშვებთ და ადგილსაც ვუთმობთ ღიმილით. ე.ი. მათ მიმართ გამოცხადებული ყურადღება და სანდოობა უფრო მარტივს ხდის თავდამსხმელის გადაადგილებას. 

 

  1. მეტი გამოხმაურება და აღშფოთება მოყვება მედიის მხრიდან. როგორც ზემოთ ვახსენე, ტერორისტული აქტის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდ აუდიტორიაზე ჰქონდეს წვდომა. შიში, დაბნეულობა, პანიკა - აი რისი გამოწვევა სურთ, რაც ცხადია მარტივი მისაღებია, როდესაც მათ წარმოდგენაში “ორსული” ქალი ფეთქდება.

  2. ქალების მონაწილეობამ შესაძლოა მამაკაცებში გააღვივოს დანაშაულის გრძნობა. როდესაც ქალი, მათი რწმენით, მამაკაცზე დაბალი რანგით მდგომი არსება, მაღალი იდეალების მიხედვით მოქმედებს, ეს მათ თავმოყვარეობას ეხება. ამასთან, ქალებმა მსგავსი მიდგომა შესაძლოა თავადაც გამოიყენონ და დააჯერონ საკუთარი ქმრები, ძმები, მამები და შვილები ტერორიზმის აუცილებლობაში. მაგალითად, მალიკა ელ არუდი ვებ-გვერდის მეშვეობით მამაკაცებს მოუწოდებს ერაყსა და ავღანეთში ჯიჰადისაკენ: “სანამ ჯიჰადზე არ წახვალ, შენ არ ხარ ნამდვილი მამაკაცი!”

რატომ ირჩევენ ქალები? 

ხშირად დასავლური მედია სრულიად გაოგნებულია, როდესაც უწევს ისეთი ახალი ამბის გაცხადება, როგორიც არის ევროპელი თინეიჯერი გოგონების ისლამურ ტერორისტულ დაჯგფუფებებში გადასვლა. კითხვა, რატომ აირჩიეს ქალებმა ეს გზა, სწორედ აქ იბადება, რადგან აღმოსავლელ ქალებზე როცა იმავეს ვისმენთ, გვეჩვენება, რომ ეს უფრო ბუნებრივია - ჩვენი წარმოდგენით “მათ ხომ არჩევანი არ ჰქონდათ”, “ასე არიან გაზრდილები” და ა.შ. არადა, ეს შეიძლება მათი გაანალიზებული არჩევანიც იყოს, შემდეგში შესაძლოა აღქმული, როგორც brainwashing-ის (“ტვინის გამორეცხვა”) ეფექტად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი თავად ასე ესახებათ ხოლმე. ცხადია, ზოგადად რთულია თქმა, როგორ მიდიან, რა მიზეზებია ის, რის გამოც ამ გადაწყვეტილებას იღებენ. ზოგი ფიქრობს, რომ მათ უყვარდებათ ის კაცები, რომლებიც ტერორიზმში არიან ჩართულნი, ან ძმისა და მამის გამო დგამენ ამ ნაბიჯებს… თითოეული შემთხვევა თავისებურია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოკვეთოს ყველაზე ხშირი შემთხვევები და აზრები ამასთან დაკავშირებით:

  1. მია ბლუმმა, კოლეგა ჩარლი ვინთერთან ერთად ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ასეთი რამ: “ის, რასაც ინგლისურად ეუბნებიან გოგონებს, განსხვავდება იმისგან, რასაც არაბულად ამბობენ” (ცნობილია, რომ აისისი და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები აქტიურად იყენებენ ინტერნეტ სივრცეს, იქ არჩევენ სამიზნეებს და საუბრით ცდილობენ გადაიბირონ). ინგლისურ ენაზე გოგონებს პირდებიან მათთვის სასურველ, ამაღელვებელ მომავალს, მდიდრულ ტანსაცმელს, მანქანებს, სამკაულებს, მოკლედ უზრუნველ ცხოვრებას და თან დიდი ღირებულებებისთვის ბრძოლას. თუმცა რეალობა, რომელშიც ეს “ტკბილეულით” მოტყუებული ქალები ხვდებიან, სხვანაირია. აისისში ქალებს არ აქვთ უფლება მამაკაცების გვერდით იბრძოლონ (არსებობს ორი ქალების დაჯგუფება “ალ-ხანსაა” და “უმნ ალ-რაიანი”, რომლებთაც აქვთ შეიარაღება, მაგრამ ისინი უბრალოდ “მორალის პოლიციაა” შარიათის კანონების დასაცავად). ერთადერთი რა დანიშნულებაც მათ აქვთ არის ის, რომ ჯიჰადისტ მამაკაცებს მოემსახურონ.

  2. უამრავი ქალი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა თვითმკვლელი ტერორისტის გზას ადგება. ეს ხდება არა მარტო ჯიჰადის კონტექსტში, არამედ, მაგალითად, შრი-ლანკაში, “თამილის ვეფხვებში”, თურქეთში PKK-ის დაჯგუფებაში… ამით ისინი საკუთარ სიკვდილს აზრს სძენენ:

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები თავიანთ თემში მიიჩნევიან “შინაარსისგან დაცლილად”, მათი ცხოვრება კარგავს აზრს. ღირსების კოდის მიხედვით, შეურაცხყოფილი ქალები უნდა მოკლან ოჯახის წევრებმა. ამ შემთხვევაში ტერორისტები, ფაქტობრივად, ხელგაშლილები ეგებებიან ამ ქალებს  აზრით, რომ  მაინც უნდა მოკვდნენ და რატომ არ უნდა წაიყოლონ თან რამდენიმე მტერიც?! ამგვარმა “გამოსავალმა” და მარტივმა “იარაღმა”, ალ-კაიდას შთააგონა  - მათ თვითონ დაიწყეს ქალების გაუპატიურება.

  1. კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს შურისძიება. როდესაც მტრის დანაყოფები ბროლის ველზე უკლავენ ქმარს, ძმას, მამას, შვილს, სამაგიეროს გადახდის სურვილი იპყრობს ქალს. პატრიოტულ სულისკვეთებასთან ერთად, მას ამოძრავებს ტკივილი. ამ ყველაფერზე, ლოგიკურია, გაგვახსენდეს ჩეჩენი “შავი-ქვრივები”, სხვანაირად ცნობილი, როგორც “შაჰიდკა”. ზოგიერთი მკვლევარის მიხედვით, მათგან გარკვეული რაოდენობა მოტივირებულია სწორედ შურისძიებით, სასოწარკვეთითა და დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ სწრაფვით, ვიდრე მაგალითად, რელიგიური ფუნდამენტალიზმით ან ინდივიდუალური პატივმოყვარეობით. თუმცა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ამ გოგონებს მშობლები ყიდდნენ, ბავშვობიდან გადიოდნენ წვრთნებს, ზოგიერთს აუპატიურებდნენ და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ აიძულებდნენ ემოქმედათ.  

ტერორიზმი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და უკონტროლო საფრთხედ აღიქმება. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ის თანამედროვე ადამიანისთვის დაახლოებით ისეთივე მტერი გახდა, როგორც ბოლო პერიოდში კორონა ვირუსი: ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ვიცით, რომ მისგან საფრთხე ყოველდღე შეიძლება გვემუქრებოდეს, ხოლო ვირუსის (ბომბის) მატარებელი კი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. 





სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი