flash

ავტორი ამბებს მიღმა

17.05.2021 19:19

რა არის ბულინგი და როგორ ავირიდოთ ის თავიდან

ბულინგი

ილუსტრაცია: მარიამ ჩაგელიშვილი

ამბებს მიღმას რობოტმა ტოტომ უკვე სხვადასხვა ვიდეოში მოგვიყვა, რა არის ბულინგი, როგორ ავირიდოთ ის თავიდან და რა პრევენციის გზები არსებობს. თუმცა მათთვის, ვისაც მოსმენას წაკითხვა ურჩევნია, გადავწყვიტეთ, რობოტი ტოტოს პერიფრაზი მოგვეხდინა. არც ისინი დაგვავიწყდა, ვისაც ვიდეოები ჯერ არ უნახავს და, სტატიის პარალელურად, შეგიძლიათ ვიდეოებსაც გაეცნოთ. 

ხშირად გავიგებთ ფრაზას - რატომ ბულინგი და არა ჩაგვრა ან აბუჩად აგდება? დიახ, ეს ორივე სიტყვა გამოხატავს ბულინგის ელემენტებს, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ აღწერს მის შინაარს.
ბულინგი ახალგაზრდებს შორის გამოვლენილი ძალადობის და აგრესიის ფორმაა, რომელიც ყველაზე ხშირად სკოლაში, მოზარდებს შორის ვლინდება.  ბულინგზე როცა ვსაუბრობთ, სამი რამ უნდა გვახსოვდეს:  

  1. ნებისმიერი არასასურველი ქმედება, რომელიც ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ მიმართულია მათი თანატოლის მისამართით არის ბულინგი.
  2. თუ მოზარდებს შორის ძალაუფლების ბალანსი დარღვეულია და ეს აშკარად არის შესამჩნევი - ესეც ბულინგია.
  3. ძალადობრივი და აგრესიული ქცევა თუ ხშირად მეორდება ან შეიძლება ხშირად განმეორდეს, აქ ნამდვილად ბულინგთან გვაქვს საქმე.   

ეს განმარტება დაგვეხმარება ბულინგი განვასხვავოთ სხვა სახის აგრესიული ქცევისგან, მაგალითად, ერთჯერადად მომხდარი ფიზიკური შეხლა-შემოხლისგან, შელაპარაკებისგან თუ მოზარდებს შორის მომხდარი სხვა გაუგებრობისას.

მოზარდი შეიძლება იყოს ბულერიც, ანუ მჩაგვრელი, მსხვერპლი ან ორივე მათგანი. ბულინგმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს იმ ადამიანს, ვისკენაც ის არის მიმართული. იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური ან განათლებასთან დაკავშირებული ზიანი.
თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბულინგი მასში ჩართულ ყველა მხარეზე უარყოფით გავლენას ახდენს, მჩაგვრელზეც, მსხვერპლზეც და მასზეც კი, ვინც ბულინგს შეესწრო. ეს გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ხშირად ზრდასრულობაში შეიძლება გაგრძელდეს.    

რატომ ყალიბდება ბულერი? ეს იმდენად რთული საკითხია, რომ ერთი პასუხი ამაზე არ არსებობს. არ არსებობს ბულერი მოზარდის ტიპური პორტრეტი, პროფილი. 

ძალადობის წინაშე ყველაზე დაუცველი ხშირად ის ახალგაზრდები არიან, ვინც რაიმე ფორმით განსხვავდებიან თანატოლებისგან, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური განსხვავება, ეროვნება, განსხვავებული ინტერესები, ჩაცმის მანერაც კი. 

ხშირად ბულინგის მსხვერპლი ბავშვები საკუთარ პრობლემაზე უფროსებთან არ საუბრობენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მშობლების ყურადღება და დაკვირვებულობა, რომ ნებისმიერ მინიშნებას მიაქციოს ყურადღება და გამოხატოს შვილისადმი მხარდაჭერა.   

თქვენ ალბათ გაინტერესებთ, რომელია ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმები? ახლავე გეტყვით:
ფიზიკური - დარტყმა, წიხლის ან ფეხის კვრა
ვერბალური - დამამცირებელი ზედმეტსახელის შერქმევა, გამოჯავრება, დაცინვა
ურთიერთობებთან/სოციალურ კავშირებთან დაკავშირებული - ჭორების გავრცელება, ჯგუფიდან გარიყვა
მსხვერპლის საკუთრების დაზიანება და რა თქმა უნდა, ონლაინ სივრცეც არ არის დაცული ბულინგისგან. ამას კიბერბულინგს უწოდებენ.
ბულინგი შეიძლება მოხდეს ყველგან - საკლასო ოთახში, საპირფარეშოში, სკოლის ეზოში თუ დერეფანში.

Პრევენციის მეთოდები

საინტერესოა გავიგოთ, არსებობს თუ არა პრევენციის რამე მეთოდები?
დიახ, საბედნიეროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბულინგის არიდება და შეწყვეტა შესაძლებელია, თუმცა მარტივიც არ არის. ამაში თანაბრად უნდა იყოს ჩართული ყველა ის ადამიანი, ვისაც სკოლასთან რამე შეხება გააჩნია.

თუ სადმე შევამჩნევთ, ან შევესწრებით ბულინგს, ჩავერევით და დავიცავთ დაჩაგრულს, ამით დიდ როლს ვითამაშებთ ბულინგის თავიდან არიდებაში.
პირველ რიგში, საჭიროა სკოლის მოსწავლეებისადმი ყურადღების და პატივისცემის თანაბრად გამოხატვა.

უფროსის მხრიდან გამოხატულმა იგნორმა, დამცირებამ თუ გარიყვამ, შესაძლოა მომავალი მჩაგვრელის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. უფროსებმა გახსნილად ისაუბრეთ ბავშვებთან ბულინგის შესახებ. ამით ჩვენ ბავშვს ვეხმარებით დროულად ამოიცნოს ბულინგის ნიშნები, არ დამალოს ის და თანატოლებს დაეხმაროს. 

სკოლის გარეთ აქტივობებში ბავშვის ჩართვა მას საშუალებას მისცემს უფრო დამოუკიდებელი იყოს და უფრო მეტ ადამიანებთან ჰქონდეს კონტაქტი. მისთვის საყვარელი საქმის კეთებით და აქტიური სოციალური კავშირებით ბავშვი თავდაჯერებას იძენს, რაც ძალიან დაეხმარება ბულინგის თავიდან არიდებაში.

და რაც მთავარია, ბავშვებმა უფროსებისგან უნდა მიიღონ ერთმანეთთან მოქცევის საუკეთესო გაკვეთილი. თუ ბავშვების გარშემო უფროსები პატივისცემით, სიყვარულით, ყურადღებით ეპყრობიან ერთმანეთს, იქ უკვე ბულინგის ადგილი აღარ არის.

Როგორ გავუმკლავდეთ ბულინგს  

Თუ ოდესმე საკუთარ თავზე გამოგიცდია ბულინგი, გახსოვდეს, რომ შენ მარტო არ ხარ და რაც მთავარია, ეს შენი ბრალი არ არის. ისიც გახსოვდეს, რომ შენ გარშემო ბულინგის დასაძლევი არა ერთი გზა არსებობს. STOMP Out Bullying - ეს ცნობილი ამერიკული ანტი-ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციაა. Ეხლა სწორედ მათ რჩევებს გაგაცნობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ბულინგს.  

Პირველ ეტაპზე დაფიქრდი - რამდენად შეგიძლია შენი ძალებით გაუმკლავდე პრობლემას. Თუ შენ გარშემო ძალიან დიდი რისკი არ არის, თუ არ ხარ შიშის/შფოთვის ქვეშ ან ფიზიკურად არ გემუქრებიან, იქნებ თავადაც იპოვო გამოსავალი. 

Ბულერთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი გულგრილობაა. Კარგად დააკვირდი, რა სურს მჩაგვრელს, იმისთვის, რომ შემთხვევით მიზნების ასრულებაში არ დაეხმარო. Ბულერს სურს თავი სუსტად გაგრძნობინოს, ძალა წაგართვას, შეგაშინოს და დაგასევდიანოს. Ამ დროს შენ როგორ იქცევი?! თუკი არ გამოამჟღავნებ რეაქციას, არ აჩვენებ, რომ გეშინია, დიდია იმის შანსი, რომ მალევე დაკარგოს ინტერესი. 

გახსოვდეს, მჩაგვრელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან - ჭამენ, სვამენ, სძინავთ და ცხოვრობენ, მათაც აქვთ პრობლემები და მათაც ეშინიათ. ერთადერთი განსხვავება შენსა და მათ შორის არის ის, რომ შენ არ ხარ მჩაგვრელი.  

Ესეც ჩვენი რჩევები: 

  1. მჩაგვრელი რომ მოგიახლოვდება, უბრალოდ გაერიდე. წარმოიდგინე, რომ სრულიად უცნობი ადამიანისგან მიდიხარ. შენც და შენი სხეულის ენაც მას დაანახებს, რომ მაგრად არ გაინტერესებს, რას ამბობს. 
  2. შეეცადე სხვა რამეზე კონცენტრირდე, იფიქრე რამე სასიამოვნოზე, მაგალითად,  სახლში რომ მიხვალ, როგორ დალევ ცხელ ჩაის და კარგ ფილმს ჩაუჯდები. ან წარმოიდგინე თქვენ შორის ხმაგაუმტარი შუშაა და ყველაფერი, რასაც შენს გასაგონად ამბობს, მარტო მას ესმის. 
  3. Არსებობს 100-მდე დათვლის ტაქტიკაც. მჩაგვრელი რომ მოგიახლოვდება,, დაიწყე დათვლა, თან ნელ-ნელა მას გაეცალე. Ამ დროს, რაც არ უნდა გითხრას, , შენს სახეზე ვერასდროს დაინახავს გაღიზიანებას.
  4. დაუყვირე - გაჩერდი! და თან წადი. გააგრძელე სიარული და არ მოიხედო უკან რაც არ უნდა დაგიძახოს. 
  5. ეს ჩემი საყვარელი ხრიკია: როდესაც მჩაგვრელი წამოგაძახებს რაღაცებს ან შენს ფეხსაცმელებზე იტყვის, რას გავსო, თვალი-თვალში გაუყარე და ისტერიკული სიცილი ატეხე. შეგიძლია დაეთანხმო კიდეც, “ვიცი, რომ ჩემი ფეხსაცმელები მახინჯია” და ასეთივე სიცილ-ხარხარში გააგრძელო შენი გზა. გახსოვდეს ფორმულა: მაქსიმუმ ერთი ფრაზა, სიცილი და გარიდება. არ გააგრძელო ლაპარაკი და მეტად არ მიაქციო ყურადღება, რას გეტყვის. 

ძალიან მაგარი ფრაზებიც მაქვს შენთვის, პასუხად რომ “მიუგო”:

რაც გინდა ის ქენი/თქვი. 

ახლა თავს უკეთესად გრძნობ? 

თუ ჩემზე ლაპარაკობ ჩემს ზურგს უკან, აშკარად ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე შენი! 

გაიზარდე, რა! 

როგორც იქნა მოიფიქრე რამე სასაცილო, რომ გეთქვა? 

არ ვარ დარწმუნებული, რატომ აგრძელებ ჩემზე რაღაცების თქმას, მაგრამ არ მაინტერესებს. 

Საკმარისია!

შენ ვაბშე ვინ ხარ და რატო მელაპარაკები?

რა მოსაწყენია… მითხარი, როცა მორჩები. 

უარესებიც უთქვამთ, არ იდარდო. 

ვააააუ, ეს სულ შენით მოიფიქრეეე??

ბოდიში, მაგრამ მგონი გგონია, რომ მაინტერესებს... 

Გაერიდე მჩაგვრელის - Ერთხელ რომ შეეპასუხები აღარ დაელოდო მის რეაქციას. Მაშინვე გაეცალე. Გახსოვდეს, როცა მიდიხარ, თან მიგაქვს მჩაგვრელის ძალაც! 

შეეცადე იფიქრო შენს  დადებით თვისებებზე, კარგზე. მუდმივად გახსოვდეს, რომ შენ ხარ ღირებული ადამიანი!  

შენი მჩაგვრელი რაიმე კომიკურ სიტუაციაში წარმოიდგინე, ბებიაშენის ტანსაცმელში გამოწყობილი სკეიტბორდზე ან ცოცხზე შემომჯდარ ალქაჯად… მოკლედ, ფანტაზიას მოუხმე და ბოლოს შენ გაიცინე! 

Იყავი თავდაჯერებული, მჩაგვრელები, ძირითადად, ისეთებს ირჩევენ, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მათზე სუსტები არიან. როგორც არ უნდა გეშინოდეს, შეეცადე და  დაიცავი თავი. Დამიჯერე, ეს მისთვის საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი იქნება. 

მეგობრების გარემოცვაში იყავი, როცა მჩაგვრელი მოგიახლოვდება - ასეთ დროს, ნაკლებად სავარაუდოა, ბულინგზე გადმოვიდეს. 

Თუ არც ერთი ეს ხერხი არ  ამართლებს, თუ ფიქრობ რომ საქმე ბევრად სერიოზულადაა, აუცილებლად მიმართე დახმარებისთვის შენთვის სანდო ადამიანს. Ყოველთვის მოიძებნება შენ გარშემო ისეთი ადამიანი, ვინც შენზე იზრუნებს.   

თუ ონლაინ გაბულინგებენ, არასდროს უპასუხო -  Მაშინვე  აცნობე შენს მშობლებს ან ოჯახის რომელიმე სანდო წევრს. მათთან ერთად დაბლოკე ეს ადამიანი, მაგრამ არ წაშალო შეტყობინებები! Შეინახე, შეიძლება კიბერბულინგის მტკიცებულებად დაგჭირდეს. 

რა არ უნდა გააკეთო, როცა გაბულინგებენ : 

  1. არ გაბედო და არ იფიქრო, რომ ეს შენი ბრალია. არავინ იმსახურებს დაბულინგებას!
  2. არ შეებრძოლო ან საპასუხოდ შენც არ დააბულინგო. 
  3. არ ჩამარხო შენში პრობლემა და არ იფიქრო, რომ ოდესმე თავისით გაივლის. 
  4. არ გააცდინო სკოლა ან სკოლის შემდეგ აქტივობებს არ გამოაკლდე იმიტომ, რომ გეშინია ბულინგის. 
  5. არ შეგეშინდეს ლაპარაკის. ბულინგზე ლაპარაკი დაბეზღება არაა! ეს სწორი საქციელია. 
  6. არ მიაყენო ზიანი საკუთარ თავს. Არ არსებობს სამყაროში მოუგვარებელი პრობლემა.  

დახმარების თხოვნა და უფროსისთვის თქმა არ ტეხავს - თუ ამჩნევ, რომ გაბულინგებენ, აუცილებლად მოუყევი ვინმეს, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი. თუ ფიზიკურად გაბულინგებენ და საფრთხის ქვეშ ხარ, აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა ელაპარაკო ზრდასრულს, მშობელს, ან მასწავლებელს, მიმართე ფსიქოლოგს, მეგობარს, ნებისმიერს, ვისაც ენდობი. Დაწვრილებით მოუყევი და აღწერე რას აკეთებს მჩაგვრელი, თავს როგორ გრძნობ. Თუ ერთხელ არ მოგისმენენ, გაიმეორე და ილაპარაკე იქამდე, სანამ საბოლოოდ ვიღაც არ დაგეხმარება. Იცოდე, რომ მათი ვალია ბულინგის დროს დაგეხმარონ

 

 

 

 



სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი