flash

ავტორი სალომე ხაჟომია

06.07.2021 16:36

რა მოხდა პრაიდის კვირეულის დროს - მოკლე მიმოხილვა

პრაიდი

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

პრაიდს ლგბტქ თემის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. პრაიდის კვირეულის გამართვა საქართველოში 4 ივნისს დაანონსდა, თუმცა 5 ივლისთან დაკავშირებული ღონისძიების დაანონსებისთანავე საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება, შემდგომ კი ჰომოფობიურმა ჯგუფებმაც დაგეგმეს შეკრება. 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები დილიდანვე მობილიზდნენ ქაშუეთის ეკლესიასა და რუსთაველის თეატრთან იმისათვის, რომ არ მიეცათ “თბილისი პრაიდის” მონაწილეებისთვის მარშის ჩატარების უფლება. საბოლოოდ დაანონსებული ღირსების მარში ვერ შედგა, ხოლო მოწინააღმდეგე ჯგუფებმა კი აქცია გამართეს.

როდის და როგორ დაიწყო პრაიდის კვირეული

“თბილისი პრაიდის” კვირეული 1 ივლისს დაიწყო და პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენებს ეძღვნება. ღონისძიებას გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებიც ესწრებოდნენ. მათ ლგბტქ თემის წარმომადგენლებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა, აღნიშნა, რომ თბილისი პრაიდის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება მისთვის საამაყო იყო. 

ღონისძიების პარალელურად ჰომოფობიური ჯგუფები იყვნენ შეკრებილები და ისინი ბოთლებსა და კვერცხებს ისროდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მობილიზებული იყო, სიტუაცია მაინც დაიძაბა და რამდენიმე სტუმარიც მსუბუქად დაზარალდა. 

ფილმის შემდეგ, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს, რასაც თან ახლდა ჰომოფობიური ჯგუფების შეძახილები. მათი მხრიდან აგრესიის გამო, პოლიციამ ადამიანების ნაწილი დააკავა კიდეც. 

როდის დაანონსდა “ღირსების მარშის” ჩატარება

“ღირსების მარშის” ჩატარება 5 ივლისს იგეგმებოდა, სლოგანით “გამოდი სოლიდარობისთვის”. ამ განცხადების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერები მათ მარშის გაუქმებისკენ მოუწოდებდნენ. ლევან ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმიც კი წაუყენა და 10-დღიანი ვადა მისცა პრაიდ კვირეულის გასაუქმებლად. ამ ფაქტმა გარკვეულწილად უფრო დაძაბა სიტუაცია და ხალხში აგრესია გაამწვავა. პოლიტიკოსების უმეტესობა პრაიდს ლგბტქ თემის პოპულარიზაციის წყაროდ მიიჩნევდა და ეწინააღმდეგებოდა მის ჩატარებას. 

მას შემდეგ, რაც “თბილისი პრაიდი”-ს ღონისძიება დაანონსდა, საქართველოს საპატრიარქომ პარალელურად, იმავე დღეს, მათ წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა დაგეგმა. “მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია”, -ვკითხულოთ განცხადებაში. საპატრიარქომ ამ განცხადებით პრაიდის ორგანიზატორებს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რომ მარშის ჩატარებისგან თავი უნდა შეეკავებინათ. 

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, დაგეგმილი ღონისძიების დროს, კარვების გაშლა დაანონსეს. გაერომ და დიპლომატიურმა მისიებმა გაავრცელეს განცხადება სახელწოდებით “დაიცავით შეკრების თავისუფლების უფლება თბილისში 2021 წლის პრაიდის კვირეულზე”. 

 

რა მოხდა 5 ივლისს

ძალადობრივმა ჯგუფებმა “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისები დაარბიეს, შუშები ჩაამსხვრიეს და შენობა დააზიანეს, პრაიდის ოფისში ადგილზე არავინ იმყოფებოდა. ისინი ოფისში აივნიდან შეიჭრნენ. თუმცა “სირცხვილიას” ოფისში კი “ტვ პირველის” ჟურნალისტი და ოპერატორი დახვდათ, რომლებსაც  სასტიკად გაუსწორდნენ. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა ლგბტქ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დაწვეს და აივნიდან გადმოყარეს. მათ შენობის აივანზე საქართველოს დროშა გადმოკიდეს. ჰომოფობიური ჯგუფების პრორუსული განწყობები გამოიხატებოდა იმ მოვლენაშიც, რომ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ამით ხაზი გაუსვეს ისას, რომ ევროპელად ყოფნა მათთვის დიდ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. 

პრაიდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რიონის ხეობის აქტივისტებიც ჩამოვიდნენ და საღამოს ქაშუეთის ეკლესიასთან გამართულ პარაკლისს დაესწრნენ. 

ჟურნალისტების ტექნიკა განადგურებულია, თავად მათ კი მრავალი დაზიანება აქვთ მიყენებული. ჟურნალისტების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზოგს თვალი დაუზიანდა, ნაწილმა გარკვეული მოტეხილობები მიიღო. ასევე დაზარალდნენ უბრალო გამვლელები, მათ შორის ერთ-ერთი იყო ტურისტი, რომელიც დანით დაჭრეს, მიზეზად კი საყურე დასახელდა. 

შსს-მ თბილისი პრაიდის დარბევაზე გამოძიება დაიწყო. ეს ეხება ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. განცხადებაში ნათქვამია: “ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი”. ასევე ვიგებთ, რომ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 პირია დაკავებული. 

ღირსების მარში არ შედგა

“თბილისი პრაიდმა” გაავრცელა განცხადება, რომ “ღირსების მარში” არ შედგებოდა. 

"თბილისი პრაიდის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე! ", — დაწერეს თავიანთ ფეისბუქგვერდზე.

მათივე თქმით, პრაიდის კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო, თუმცა არანაირი ქმედითი ზომა არ იქნა მიღებული სახელმწიფოს მხრიდან. მათ განაცხადეს, რომ თავს დაცულად ვერ გრძნობდნენ ამ აგრესიის შემყურე და შესაბამისად გამისვლაც ვერ შეძლეს. თუმცა მათივე თქმით, მიუხედავად სიძულვილის ჯგუფებისა და საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ღირსებისთვის მარში კვლავ ჩატარდება. 

“თბილისი პრაიდი”-ს დამფუძნებელი, გიორგი თაბაგარი, განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ შერცხვა თავისი ქვეყნის. 

რას სურთ მარშის მონაწილეებს ხელისუფლებისგან

“უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება; 

Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; 

უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი; 

დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა”. 

ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წელს ჩატარდა. ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა ის 18 ივნისს დაიწყო და ორი ღონისძიება შედგა- სოციალური სპექტაკლი და კონფერენცია. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი