flash

ავტორი სალომე ხაჟომია

16.09.2021 17:57

რა უნდა ვიცოდეთ ორსულთა ვაქცინაციაზე

ვაქცინაცია

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

COVID-19-ით დაავადება ორსული ქალებისთვის განსაკუთრებით საშიშია, რადგან დელტა შტამმა სწორედ ისინი მოაქცია რისკჯგუფში. COVID-19-ით დაავადებულ ორსულებში დიდია ნაადრევი მშობიარობისა და სხვა გართულებების რისკი. 

საქართველოში ვაქცინაციის დაწყების დროს, ორსული ქალების აცრის უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ იდგა და საჭირო რეკომენდაციის გაცემა ვერ ხერხდებოდა. ორსულები თავს იკავებდნენ ვაქცინაზე, რადგან ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) გამოაცხადა, რომ ორსულების ფაიზერით აცრა შესაძლებელია, საქართველოში აცრილთა რიცხვი შედარებით გაიზარდა. აცრაზე მისული ორსულებისთვის მეან-გინეკოლოგის ნებართვა არ არის საჭირო. სინოფარმი და სინოვაკი ორსულებისთვის არ არის ნებადართული, რადგან აღწერაში არ არის მითითებული, რამ მათში მისი გამოყენება დაშვებულია. 

გაეროს მოსახლოების ფონდი აქტიურადაა ჩართული ორსულების წახალისებაში ვაქცინაციისთვის. UNFPA/NCDC-ის მიერ მომზადებულია საინფორმაციო ბროშურა, რომელშიც იმ კითხვებზე პასუხებია, რაც ორსულებს ხშირად აწუხებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს:

რა გავლენას ახდენს ორსულებზე COVID-19?

დაინფიცირების შემთხვევაში, ორსულებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკი გაცილებით მაღალია. ორსულებში დაინფიცირებამ შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა ან მკვდარშობადობა გამოიწვიოს. რისკი კი განსაკუთრებით მაღალია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. კვლევების თანახმად, ორსულ ქალებში შედარებით უფრო ხშირია ჰოსპიტალიზაციის საჭიროება. 

ორსულობის პერიოდში დაინფიცირების შემთხვევაში, რა გავლენას მოახდენს COVID-19 ნაყოფზე?

ამ ეტაპზე მტკიცებულება არ არსებობს, რომ ორსულმა ნაყოფს ან ახალშობილს შესაძლოა ვირუსი გადასცეს. COVID-19 ორსულობის ადრეულ პერიოდში ორსულობის შეწყვეტის რისკს არ ზრდის. ახალშობილების COVID-19-ით დაინფიცირება მშობიარობის მეთოდზე, ძუძუთი კვებაზე ან დედისა და ახალშობილის ერთ სივრცეში ყოფნაზე არ არის დამოკიდებული. 

რატომ მიეკუთვნებიან ორსულები COVID-19-ით მოწყვლად ჯგუფს?

ორსულობის განმავლობაში ვირუსულ ინფექციებთან გამკლავება რთულია, კარგ მაგალითს წარმოადგენს გრიპოზული ინფექციები. დაინფიცირების შემთხვევაში, ორსულებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკი გაცილებით მაღალია. ორსულები ყველა გესტაციურ ასაკში უნდა აიცრან COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინით. 

შეიძლება თუ არა COVID-19-ის გადადება ახალშობილისთვის?

ამჟამინდელი მტკიცებულებებით, ვირუსის გადაცემა ორსულობის ან მშობიარობის დროს იშვიათია. COVID-19-ით დაინფიცირება მშობიარობის მეთოდებზე ან კვების ტიპზე დამოკიდებული არ არის. ახალშობილების მცირე ნაწილს COVID-19 დაბადებიდან მოკლე ხანში დაუდასტურდათ, თუმცა ვირუსის გადაცემა მუცლად ყოფნის დროს მოხდა თუ მშობიარობის შემდეგ უცნობია. 

გაუკეთდება თუ არა COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტი ახალშობილს?

თუ ორსული არის COVID-19-ზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევა, ნეონატოლოგები შეაფასებენ ახალშობილს და მის მოვლასთან დაკავშირებით რჩევებს გასცემენ. ახალშობილის ტესტირება აუცილებელია. 

რა ვადაზეა შესაძლებელი ვაქცინის გაკეთება ორსულობის დროს?

ვაქცინის გაკეთება უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. ორსულობის მეორე ტრიმესტრამდე დალოდება სავალდებულო არ არის. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა დელტა შტამისგან უფრო კარგად იცავს. 

არის თუ არა COVID-19-ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური ორსული ქალებისა და მათი ჩვილებისთვის? 

COVID-19-ის არც ერთი ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ კომპონენტს არ შეიცავს. იგი ორსულებისა და ბავშვებისათვის უსაფრთხოა. ცოცხალ ვირუსებზე დაფუძნებული ვაქცინები ორსულობის დროს არ გამოიყენება. 

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორსული ქალი უარს ამბობს COVID-19-ის ტესტირებაზე?

იმ შემთხვევაში, თუ ორსული გეგმიური ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად ეწვია კლინიკას, მაგრამ უარს აცხადებს COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, სამედიცინო პერსონალი მას მოემსახურება როგორც უცნობი სტატუსის მქონე პაციენტს.

იწვევს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის შეწყვეტას ან მკვდრადშობადობას?

კვლევების მიხედვით, ორსულობის შეწყვეტის და მკვდრადშობადობის რიცხვი დაბალია იმ ქალებში, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ზრდის აბორტის ან მკვდრადშობადობის რისკს. 

“ამბებს მიღმამ” გადავწყვიტეთ, გაგვეგო, გინეკოლოგ თინა გაგუასა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის , აზრი ორსულების ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

თინა გაგუა

ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციის საშუალებაა ორსულებში, რათა თავიდან ავიცილოთ დაინფიცირება, ან დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე მიმდინარეობა. ჩატარებული კლინიკური კვლევების მიხედვით, ითვლება, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. SARS-CoV-2 სპეციფიური IgA და IgG ანტისხეულები აღმოჩენილი იქნა ვაქცინირებული, ლაქტაციაში მყოფი ქალების რძეში. ჩატარებული კვლევების მიხედვით, ორსულებსა და მეძუძურ დედებში უსაფრთხოდ ითვლება mRNA და ვექტორული ტიპის ვაქცინები. საქართველიში, ამ ეტაპზე ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის დაშვებულია Pfizer ვაქცინის გაკეთება. ფაიზერმა 24 აგვისტოს FDA- სრული ავტორიზაცია მიიღო. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ოფიციალური მონაცემებით 200 000 -ზე მეტი ორსულია აცრილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინირებული მშობიარეების ჭიპლარის სისხლში აღმოჩენილია ანტისხეულები, რაც გვაძლევს იმის უფლებას ვივარაუდოთ, რომ ის ნაყოფსაც გადაეცემა და ახალშობილის დაცვას სიცოცხლის პირველ დღეებში უზრუნველყოფს. არაორსულ სიმპტომურ პაციენტებთან შედარებით უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ ორსულებს, კოვიდ-19-ის სიმპტომური მიმდინარეობით, დაჭირდეთ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და მოხვდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ერთი და იგივე ასაკობრივი ჯგუფის ქალები, აჩვენა, რომ ორსულებში უფრო ხშირი იყო ხელოვნური სუნთქვის და ინტენსიური თერაპიის საჭიროება. 

ლელა ბაქრაძე

გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის დედათა ჯანმრთელობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ, ამ მიმართულებითაც დაგვაყენა ახალი გამოწვევების წინაშე. გამოიკვეთა, რომ ორსულები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, წამოვიწყეთ კამპანია, რომელიც მიზნად ორსულებს შორის ვაქცინაციის პოპულარიზაციას ისახავს. სხვა აქტივობებთან ერთად, კამპანიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია გინეკოლოგობთან შეხვედრები საქართველოს მასშტაბით და მათთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება ორსულობის პერიოდში ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ.

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი