flash

ავტორი ს.ხაჟომია

04.06.2021 15:25

რა უნდა ვიცოდეთ სექსუალურ განათლებაზე

სეხუალური განათლება

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

სექსუალური განათლება განვითარებული ქვეყნების გარკვეულ ნაწილში ადრეული პერიოდიდან შეისწავლებოდა სკოლებში, ხოლო ნაწილი კი მიუღებლად მიიჩნევს ამ ტიპის სწავლებას მოზარდებისთვის. საზოგადოებაში დავა დღემდე არ წყდება, საჭიროა თუ არა სექსუალური განათლება და მოდის თუ არა ეს რელიგიასთან და მენტალიტეტთან შეუთანხმებლობაში.

სექსუალური განათლება არის მაღალი ხარისხის სწავლების მეთოდების ერთობლიობა, რის მეშვეობითაც შეისწავლება ადამიანის სექსუალობის შესახებ სქესობრივი ცოდნა და შედეგად ყალიბდება გარკვეული შეხედულებები. ის მოიცავს ადამიანის ორგანიზმში გარდატეხის ასაკში მიმდინარე ხილულ და უხილავ ცვლილებებს, ასევე ორსულობას, არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის გზებს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და ა.შ. 

სექსუალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია სასქესო ანატომიისა და რეპროდუქციული არსის შესახებ.  მისი ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებმა შეიძინონ საჭირო ცოდნა და უნარები, რათა ემოციური და სოციალური განვითარების კონტექსტში საკუთარი სექსუალობის შესახებ პოზიტიური ხედვა ჩამოუყალიბდეთ. 

სექსუალური განათლება საქართველოში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ოფიციალურად დამტკიცებულია ორი სახელმძღვანელო, რომლებიც სექსუალური განათლების საკითხებს ნაწილობრივ ეხება, ორივე მათგანი მე-8 კლასის ბიოლოგიის წიგნია. ერთ-ერთი 174-გვერდიანია და სექსუალური განათლების თემას აქედან მხოლოდ 6 გვერდი ეთმობა. 

საქართველოში პედაგოგები ხშირად ტოვებენ იმ თავებს და მოსწავლეებს სახლში ავალებენ წაკითხვას, რომლებიც რეპროდუქციული სისტემების, ქალისა და მამაკაცის ჩასახვის ორგანოებისა და ჩანასახის განვითარებას ეხება. ან ხდება ისეც, რომ გოგონებსა და ბიჭებს ცალ-ცალკე უტარებენ ამ თემასთან დაკავშირებულ გაკვეთილს. 

 სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ადრეული ქორწინების საკითხს ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემებს გადააწყდნენ, როდესაც მოსწავლეებისთვის სექსუალურ განათლებაზე მცირე პროექტის მომზადება სცადეს. ამ ტიპის სწავლებას არა მხოლოდ ეკლესია, არამედ სკოლის დირექცია და მოსწავლეების მშობლებიც ეწინააღმდეგებიან, განსაკუთრებით რეგიონებში. საქართველოში რელიგიური პირების მხრიდან სექსუალური განათლების საწინააღმდეგო აქციებიც ჩატარებულა.

სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა იმ მხრივ, რომ 2018 წლიდან სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“ შემოვიდა, რომელის სექსუალური განათლებას, გენდერს, თანასწორობას და სხვა მსგავს თემებს ეხება. შესაბამისად მოსწავლეებს გარკვეული ცოდნა მაინც ექნებათ სექსუალურ განათლებასთან მიმართებით.

ფსიქოლოგ ნათია კუჭუხიძის აზრით, მოზარდთან აბორტზე საუბრისას აუცილებლად გასარკვევია რასთან გვაქვს საქმე, რადგან საკითხი არის კომპლექსური და არასასურველ ორსულობამდე განვლილი ეტაპების გაანალიზება საჭიროა. მისივე თქმით, 14-დან 18 წლამდე გოგონების ორსულობა შესაძლოა ძალადობრივი აქტის ან სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის შედეგი იყოს.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ბავშვთა ფსიქოლოგის მაია ცირამუას აზრით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს სექსუალური განათლების მიღებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არსებობს მითი, რომ სექსუალური განათლების გამო ბავშვები ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, თუმცა ფსიქოლოგის აზრით ადრეული ქორწინება სწორედ იმ მიზეზით ხდება, რომ სკოლებში სექსუალური განათლება არ ისწავლება. ამას საზიანო შედეგი მოჰყვება, რადგან მედიკოსების თქმით, ადრეულ ასაკში ქალის ორგანიზმი ისეთი დატვირთვისთვის, როგორიც ორსულობა და მშობიარობაა, არ არის ჩამოყალიბებული. მათივე თქმით, აბორტიც სწორედ სექსუალურ გაუნათლებლობასთან არის დაკავშირებული. ამ ფაქტს ადასტურებს საქსტატის კვლევაც, რომლის მიხედვითაც 15-დან 19 წლამდე მოზარდებში აბორტების რაოდენობა იზრდება. 

სხვა ქვეყნების მაგალითები სექსუალურ განათლებასთან მიმართებაში

სომხეთში ახალგაზრდებისთვის სექსუალური განათლების საკითხებით ხელმისაწვდომობა სკოლების მიერ არ არის უზრუნველყოფილი. მასწავლებლების გადამზადება ამ კუთხით არ მომხდარა, შესაბამისად ისინი მოსწავლეებთან არ საუბრობენ მათთვის არაკომფორტულ თემებზე. სომხეთში, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები და ფსიქოლოგები სექსუალური განათლებისთვის დახვეწილ და გაუმჯობესებულ კურსს ითხოვენ. 

სომხეთში პედოფილიის 50-70 შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად და ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ეს სწორედ იქიდან არის გამოწვეული, რომ სექსუალური განათლების არარსებობის გამო ბავშვები ასეთ სიტუაციებს მოუმზადებლები ხვდებიან და არ იციან რა ხდება. მისივე თქმით, ბავშვების სექსუალური განათლებით უზრუნველყოფა აუცილებელია. 

აზერბაიჯანში 2015 წლიდან სკოლებში არის პროექტი, რომელიც ბავშვთა სექსუალურ განათლებას ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ახალგაზრდებს გარკვეულ თემებზე საუბარი ერიდებათ მშობლებთან, შესაბამისად ცოდნას ძირითადად ინტერნეტიდან იღებენ, რადგან სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აზერბაიჯანში, ნაადრევი ფეხმძიმობებისა და სელექციური აბორტების რაოდენობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი რაიონებშია.  

შვედეთი პირველი ქვეყანაა, რომელშიც სექსუალური განათლების სკოლებში შეტანა გახდა სავალდებულო 1955 წელს. ამ მხრივ ის ყველაზე პროგრესული ქვეყანაა. პირველი პროექტი პარლამენტში, რომელიც განათლების ინსტიტუტებში სექსუალურ განათლებას საჭიროებდა, ჯერ კიდევ 1908 წელს გამოვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლებში სექსუალურ განათლებას ასწავლიან და მოსწავლეებს გარკვეულ საკითხებზე აქვთ ინფორმაცია, ნაადრევი ქორწინებები, აბორტები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ორსულობა შემცირებულია. სექსუალური განათლების ძირითადი ნაწილი ისწავლება მე-5, მე-8 და მე-9 კლასებში.

შვედეთში სექსუალური განათლება ეხმარება ახალგაზრდებს, რომ უფრო პასუხისმგებლობით და სწორად წარმართონ თავიანთი სექსუალური ცხოვრება. ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და გაერკვეს რა არის მისთვის კარგი, რა ცუდი. სექსუალური განათლება მათ ეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. შვედეთში ასევე მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, რომ სექსუალური განათლება და გენდერული თანასწორობის განათლება ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირონ. 

ასეთი ტიპის სწავლებას აქვს დიდი ხნის ტრადიცია შვედეთში და მშობლები ამას მხარს უჭერენ. შვედეთში სექსუალური განათლების მასწავლებელი რომ გახდე, მხოლოდ მოკლე სატრეინინგო კურსებია გასავლელი. 

ალბანეთში შემუშავებული კანონი ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების შესახებ ახალგაზრდებისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დამტკიცდა 2012 წელს. სექსუალური განათლების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს სამი სხვადასხვა საგნის მეშვეობით მიეწოდებათ, ესენია: ბიოლოგია, ჯანმრთელობის განათლება და ფიზიკური განათლება. თემები ასაკის შესაბამისად არის გადანაწილებული, 10-12, 12-16 და 16-18 წლის მოზარდებისთვის. 

ალბანეთისა მოსახლეობისა და განვითარების ცენტრი (ACDP) 2011 წლიდან პედაგოგთა გადამზადების ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას ატარებს. ამ პროგრამის შედეგად, პედაგოგები ახერხებენ ადეკვატურად მიაწოდონ მოსწავლეებს მასალა სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით.  

ამ მიმართულების პროგრესული ქვეყნების რიგს ასევე მიეკუთვნება ნიდერლანდები, სადაც ბავშვებს ადამიანის ბიოლოგიასა და სქესობრივ განათლებაზე ბაღის ასაკიდან ესაუბრებიან. ამ ქვეყანაში მოზარდთა ფეხმძიმობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 

ამ ქვეყანაში სექსუალური განათლება მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა გენდერის თანასწორობა და ჰომოსექსუალობა. მათ ადრეულ ასაკშივე ასწავლიან, რომ თუ ორ კაცს ან ორ ქალს ერთმანეთი უყვარს, ეს სრულიად ნორმალურია. სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული არც ერთი საკითხი არ არის ტაბუირებული, განსაკუთრებით კი მაღალ კლასებში. რაც შეეხება გადამდებ დაავადებებს, ნიდერლანდებში ბევრად დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ამერიკაში და ბრიტანეთში. ასევე, ნიდერლანდებში ორსულობის მაჩვენებელი თინეიჯერებში არის ძალიან დაბალი.

ამერიკულ სკოლებში სექსუალური განათლების ორი ფორმა არსებობს. პირველი ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავების იდეაზეა აგებული, ხოლო მეორე კომპლექსურ სექსუალურ განათლებას მოიცავს, რომლის დროსაც მოსწავლეებისთვის პოზიტიურ მაგალითად მოჰყავთ ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავება, თუმცა ამავე დროს კონტრაცეფციის მეთოდებს ასწავლიან. 

რაც შეეხება პირველს, Abstinence Only Until Marriage, ანუ ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავების პროგრამას, კვლევებმა დაადასტურა, რომ ამერიკელი მოზარდები ევროპულ თანატოლებს რეპროდუქციასა და უსაფრთხო სექსის თვალსაზრისით მოზარდებს ჩამორჩებოდნენ. თუმცა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უარყოფითი შეფასებების მიუხედავად,  2016 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამ პროგრამისთვის მილიონობით დოლარი გამოყო. 

ბრიტანეთის შემთხვევაში, განსხვავებული მოსაზრებებია პროფესორებისა და რელიგიური ლიდერების მხრიდან. პროფესორები აუცილებლად მიიჩნევენ სექსუალური განათლების სწავლებას, ხოლო რელიგიური ლიდერები წინააღმდეგები არიან. 

შესაბამისად, ცალსახა მოსაზრება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სექსუალური განათლება, რადგან შეხედულებები განსხვავდება როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე თუნდაც კონკრეტული ქვეყნის საზოგადოების წევრების მხრიდან. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი