flash

ავტორი სალომე ხაჟომია

08.09.2021 19:37

რას ვფიქრობ ონლაინ სწავლებაზე - ჩანაწერები

განათლება

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

COVID-19-ის პანდემიამ ყველა სფეროზე იქონია გავლენა, მათ შორის განათლებაზეც. სწავლება დისტანციურ ფორმატში გადავიდა, რისთვისაც სასწავლო პროცესში ჩართულ ადამიანთა უმრავლესობა მზად არ იყო. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ სკოლებსა თუ უნივერსიტებში, კარგად იციან იმ პრობლემების შესახებ, რაც ონლაინ სწავლებას უკავშირდება. ამიტომ “ამბებს მიღმამ” გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით მათ და გაგვერკვია, ემოციურად რამდენად რთულია არსებულ გარემოში ცოდნის მიღება, თუ გაცემა. 

მოსწავლეები/სტუდენტები

ლიკა, 16 წლის

მე ვარ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე და სწავლას ისევ ონლაინ ვიწყებ, რაც ჩემთვის ძალიან არაკომფორტულია. ამ ასაკში მოზარდებს განსაკუთრებით უჭირთ კონცენტრაცია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პარალელურად ფიქრი უწევთ მრავალ გაუთვალისწინებელ დეტალზე, რაც ონლაინ სწავლას თან ახლავს. ჩემი აზრით, ეს თაობა იმაზე ნაკლებს იღებს და სწავლობს ცხოვრებისგან, ვიდრე სხვა დანარჩენი, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ სახლში. ჩემს გარშემო მყოფი თანატოლები და ასევე მეც, განვიცდით რეალური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის, მეგობრებთან ერთად გარეთ გასვლის, გართობის ნაკლებობას. ონლაინ სწავლებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა უარესობისკენ, როცა მრავალი სასწავლო პროექტი შეგვეძლო დაგვეგეგმა და ნაკლებად სტრესულ გარემოში გავცნობოდით სხვადასხვა სიახლეს. მხოლოდ იმის ძალა შეგვწევს,რომ ეკრანის მიღმა ვუყუროთ მასწავლებლებს და ისე გავეცნოთ ახალ მასალას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცუდად აისახება მომავალში, როდესაც რაიმე სირთულეს გადავაწყდებით რეალურ სამყაროში.

გიორგი, 21 წლის

მეოთხე კურსზე გადავედი, ვსწავლობ ელექტრულ და კომპიუტერულ ინჟინერიაზე. მეორე კურსის ნახევარი და მთელი მესამე კურსი მომიწია ონლაინ სწავლება. ლექციები უინტერესო და საკმაოდ დამღლელი გამოდგა, მიჭირდა კონცენტრირება. ისეთ საგნებსაც კი ვერ ვუსმენდი ონლაინში, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. განსაკუთრებით ცუდი ის იყო, რომ ლაბორატორიულები ვერ მიტარდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ფაკულტეტზე პრაქტიკული სწავლება იყო, ამით უნდა დავუფლეობოდით პროფესიას და გვესწავლა თეორიის გამოყენება, რაც ვერ მოხერხდა ონლაინ სწავლების გამო. თავად ლექტორებიც კი აღიარებენ რომ ჩვენი ნაკადი განსაკუთრებით დაიჩაგრა და ფაქტობრივად ვერაფრის სწავლა ვერ მოვასწარით.

სესილი, 7 წლის

მე არ მომწონს ონლაინ სწავლება იმიტომ, რომ მასწავლებელს ვერ ვნახულობ. ხმაც ზოგჯერ ჭედავს. ძალიან მენატრებიან ბავშვები. ძალიან მომენატრა მასწავლებელიც. 

ელენე, 18 წლის

მე ვარ მეორეკურსელი, ვსწავლობ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. სამწუხაროდ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო მომიწია ონლაინ მესწავლა პირველი კურსი, ამიტომ ფაქტობრივად ვერ ვიგებ თუ რას ნიშნავს, იყო სტუდენტი. ასევე ონლაინ მიწევს მეორე კურსის დაწყებაც. ლექციებზე დასწრება სახლიდან ძალიან უინტერესო და მოსაბეზრებელია. ასეთ პირობებში ვერ ვახდენ კონცენტრაციას, მიჭირს რაიმეს გაგება. სულ სხვაა როდესაც რეალურად ესწრები ლექციას, რადგან იგრძნობა ჩართულობა, მაღალია კონცენტრაციის და ათვისების უნარი, ონლაინ სწავლების გამო კი ამ ყველაფერს მოკლებული ვარ.

მშობლები

მარეხი, 43 წლის

მე ვარ 14 წლის მოსწავლის დედა. შეიძლება ითქვას ,რომ ჩემი შვილი სხვა იყო ონლაინ გაკვეთილებამდე და სხვა არის ონლაინ გაკვეთილების შემდეგ. ბავშვს, რომელსაც ძალიან უყვარდა სწავლა და წიგნის კითხვა, ონლაინ დამოკიდებული გახდა. მე ისე განვიცდი, იმას რომ მოზარდებს ინტერნეტის გარდა, ფაქტობრივად სხვა ინტერესი აღარ დარჩათ. ნუთუ არსებობს სხვა რამ, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჯანსაღად მოაზროვნე მომავალი თაობა? არც კი იცით, რა ბედნიერები ხართ, თუ თქვენმა შვილებმა სკოლა უკვე დაამთავრეს. მესამე წელი გრძელდება ეს არაფრის მომცემი ონლაინი. თუ საჭიროა დაიკეტოს ყველაფერი. მეც მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი, მაგრამ თანახმა ვარ ამიკრძალონ მუშაობა, ოღონდ ჩემმა შვილმა სკოლაში იაროს... ეს იმხელა ტკივილია ჩემთვის, არავინ შემედავოს, მთავარი ბავშვის ჯანმრთელობააო, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილი, ზუსტად ეგაა, რომ არაფერი გაკეთდა მთელი ზაფხული იმისთვის, რომ სკოლა დაწყებულიყო.

თაკო, 34 წლის

იმ დედების რიცხვს მივეკუთვენები, რომლებისთვისაც პანდემიის პირობებში პრიორიტეტების სათავეში ფსიქიკური ჯანმრთელობა დგას. ახალი რეალობის დასაწყისში ბევრ სხვა შიშთან ერთად, მშობლებს გვეშინოდა, რომ პანდემია ბავშვებზე და მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც მოახდენდა უარყოფით გავლენას. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ჩვენ უკვე პირისპირ შევხვდით ამ შიშს. 

ჩემი შვილები - გაბრიელი და მარიამი, ბავშვობის ასაკიდან მოზარდობის ასაკში გადადიან. ეს ნიშნავს, რომ მათი განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის, აუციელებელია  მხარდამჭერი და ადეკვატური გარემო. მათ სჭირდებათ სოციალიზაცია თანატოლებთან. მათთვის მნიშვნელობანია ცხოვრების ამ ეტაპზე ჰქონდეთ საშუალება გამოსცადონ ურთიერთობათა მრავალფეროვნება,  შეიძინონ გამოცდილებები და ამ პროცესებში განივითარონ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა.  

სკოლის მთავარი ფუნქციაც სწორედ სოციალიზაციის ხელშეწყობაა. ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები სწავლობენ სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობას, აგროვებენ გამოცდილებას, აკვირდებიან  საკუთარ ინტერესებს, ემოციებს და სწავლობენ მათ მართვას. სწორედ ამ პროცესში ხდება პიროვნების ფორმირება. ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანების აზრისა და კვლევების შედეგების მიხედვით, ფაქტია, თანატოლებთან იზოლაციას უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამ დროისთვის, არ არსებობს კვლევა,  რომელიც ადასტურებს, რომ სკოლის დაკეტვას ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ხდება ბავშვების ინტერესების გათვალისწინება. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტებში ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა საერთოდ არ არის. მე და ჩემს შვილებს გვინდა  სკოლაში, რეალურ განმავითარებელ გარემოში დაბრუნება. მათ ენატრებათ და სჭირდებათ თანატოლებთან ურთიერთობა.

ნინო, 37 წლის

მთელი წელია ვემზადებით მარიამის სკოლაში წასაყვანად, ემზადება ბავშვი, ვემზადებით ოჯახი, ემზადება სკოლა. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ტიპიური განვითარების ბავშვის წაყვანაზე რა დრო, ენერგია, ემოცია და რესურსიც დაგიხარჯავთ, 5-ჯერ მეტი დავხარჯეთ ჩვენ. სკოლის შერჩევა, რეგისტრაცია, მულტიგუნდის შეფასება, ასისტენტის მოძიება/დასაქმება, სპეც.მასწავლებელი, სკამისა და მაგიდის ადაპტირება, ახალი ეტლის შეძენა, სკოლის ტუალეტის ადაპტირებისთვის განცხადებები სამინისტროს, პარალელურ რეჟიმში მარიამის ემოციურად მომზადება სკოლისთვის, ნუ, ჩაცმა-დახურვა და სასკოლო ინვენტარი საერთოდ არ ჩავთვალოთ. სკოლაც აქტიურადაა ჩართული და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსეულად დახვდეს მარიამს, ხოდა ამ დროს.... სკოლა არაო, კომპიუტერს მიუჯდეს სახლშიო... !!! ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამას! ყველაზე დიდ უსამართლობას ჩავდივართ ჩვენი შვილების მიმართ, რომელიც აუცილებლად დაგვიბრუნდება ძალიან მალე და ძალიან ცუდად! გაბრაზებული აღარ ქვია იმას, რაც მე ვარ ეხლა! 

იაკო, 32 წლის

პოსტი წავიკითხე სადაც მშობელი წერდა, რომ სკოლა ე.წ. რესტორანში გადაგვეტანა, სადაც თავისუფლად დადიან ბავშვები. ერთის მხრივ იუმორით დაწერილმა პოსტმა რეალურად დაგვანახა სურათი იმის, რომ სწავლის ონლაინ ჩატარება მხოლოდ რეალობიდან ამოვარდნას ჰგავს. აქტიურად ცხოვრება სხვა სივრცეებში და შეზღუდულად განათლების მიღება ცხადყოფს, რომ კოვიდმა არამარტო ჯანმრთელობის ცვლილებაზე იმოქმედა, არამედ გონებრივი დეგრადაციისკენ წაგვიყვანა. მე, როგორც მეორე კლასელის მშობელს, დედას, ქალს და უბრალოდ ადამიანს, რომელსაც უნდა შვილის კეთილდღეობა, წარმოუდგენლად მიმაჩნია სწავლება ეკრანს მიღმა. ჩემი შეხედულება ძალიან უარყოფითია, ვფიქრობ  გამომდინარე მდგომარეობისა მხოლოდ სწავლების დონის ამაღლება და აქტიური შემხებლობა კლასთან, მასწავლებელთან, წიგნთან, დაფასთან, ცარცთან და მერხთან ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვება თეფშიდან დანა-ჩანგლით, როგორც ჟანგბადი სუნთქვის დროს.

მასწავლებლები/ლექტორები

მაკა, 24 წლის

ჩემთვის ემოციურად ძალიან რთული იყო დისტანციური სწავლება. სულ სხვაგვარი განწყობაა საკლასო ოთახში, როდესაც პირისპირ შეგიძლია სხვადასხვა აქტივობებითა თუ როლური თამაშებით დაკავება. სწავლის პროცესი ბევრად უფრო სახალისო იყო და მოსწავლეებიც დიდი სიხარულით ელოდნენ ყოველ გაკვეთილს. ეს გარემო ეკრანთან ჯდომამ ჩაანაცვლა და ბავშვების თვალებშიც აღარ იკითხებოდა ის მოლოდინი და სიხარული რასაც სკოლაში, გაკვეთილის დაწყებამდე ვამჩნევდი ხოლმე. ონლაინ სწავლება მასწავლებლებისთვის გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. რეგულაციების გამო მოგვიწია სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმში გადატანა. დაწყებით კლასებთან განსაკუთრებით რთული იყო, რადგან პატარები დიდხანს ვერ ახერხებდნენ  ეკრანთან ყურადღებით ყოფნას და ამის გამო ახსნილის გაგებაც უჭირდათ. აღსანიშნავია ასევე გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირება, რაც მათი ჯანმრთელობის ინტერესებს ემსახურებოდა, თუმცა ეს უარყოფითად აისახებოდა სწავლის ხარისხზე. ხშირი იყო ტექნიკური ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც საკმაო დროს გვართმევდა. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს და გვექნება მოსწავლეებთან პირადად  შეხვედრის ბედნიერება.

რუსო, 36 წლის

ამ ზაფხულს მუსიკალურ ფესტივალზე ვიყავი. სამი გოგო მომიახლოვდა, თითქმის უცნობი სახეებით და მითხრეს, ჩვენ თქვენი სტუდენტები ვართო. გამიხარდა, მაგრამ ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ და მხოლოდ „სტუდენტები ვართო“ - ეს ინფორმაცია საკმარისი არ აღმოჩნდა. „მართლა? რომელი სტუდენტები?“, - ვკითხე. სახელები და გვარები დამისახელეს და მერეღა გახდა ცხადი, ვის ვესაუბრებოდი.  რეალურად, ამ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობდი, რადგან ნახევარი წელი, მთელი ერთი სემესტრი ვასწავლიდი. მაგრამ თან არ ვიცნობდი, რადგან ფიზიკურად ნანახი არ მყავდა. უხერხულობისგან თავი რომ დამეღწია, ესღა მოვიფიქრე: „აი, კამერებს რომ ხშირად არ რთავთ კლასში, ვერ გიცანით“, - და გავიცინეთ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ქუჩაში სტუდენტი მხვდება და ერთმანეთს ვერ, ან ძლივს ვცნობთ. კამერის არ ჩართვაც არ არის ამ უცნაური გაუცხოების მთავარი მიზეზი. შეიძლება სტუდენტების სახეებს კამერით - „ზუმის“ პატარა კუბიკებში ხედავდე, მაგრამ მაინც არ იცნობდე, ვერ ცნობდე. ამ დროს კი, ერთად რამდენი ლექცია, დავალება, ცხარე დისკუსია, დედლაინები, სირთულეები და მათი გადალახვა, უხერხული და სასაცილო მომენტები  და სხვა ერთობლივი გამოცდილება - ცხოვრების ბევრი საათი გვაქვს გამოვლილი. ასეთი უცნაური, ახალი ტიპის ციფრული გაუცხოება და, მე როგორც დავარქვი, უცნობ-ნაცნობობა მოიტანა ონლაინსწავლებაზე გადასვლამ. უკვე მეორე წელია გრძელდება და, მე, პირადად, ჯერ ვერ შევეგუე, თუმცა, ვატყობ, რომ მოგვიწევს.

ონლაინსწავლების ერთ-ერთი მთავარი ემოციური მომენტი კიდევ ემოციების გადასხვაფერებაა. მთლად არარსებობას ვერ ვიტყოდი - ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამას ველოდით. მაგრამ ონლაინაც ადამიანები აღმოვჩნდით, ცხოვრებას და სწავლას ისევ განვაგრძობთ ზუმში, ისევ ვცვლით ემოციებს, უბრალოდ, ისინი გასხვანაირდა - ელექტორნული გახდა, სულ სხვა, ახალი კულტურა ჩამოყალიბდა. კლასში წამოძახილები ჩეთში რეპლიკებმა ჩაანაცვლა, „უკაცრავად, სხვა საკლასო ოთახში შევედი თქვენს ნაცვლად და იმიტომ დამაგვიანდა“ მიზეზები  - „უკაცრავად, სხვა ლინკზე შევედი და იმიტომ დამაგვიანდამ“ და ასე შემდეგ. მოვიფიქრეთ ონლაინ სპეციფიკაზე მორგებული სავარჯიშოებიც, დავალებებიც, ჩართულობაც - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ნაკლებადაა პრობლემა. რაც ვერ ჩანაცვლდა, ეს ადამიანური გამოცდილებების ფიზიკურად გაცვლის, უბრალოდ, ერთად ყოფნის მომხიბვლელობაა, რაც ახლა დავაფასეთ. 

გვანცა, 24 წლის 

დისტანციური სწავლა დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით მასწავლებლებისთვის. ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვებს, არაფერი არ უნდა დარჩეს მათთვის გაურკვეველი, ემოციურად უნდა გავამხნევოთ ისინი და ეს ყველაფერი მოხდეს ჩვენი გაჯეტების დახმარებით, მაშინ , როცა თითოეული მოსწავლე განსხვავებულია და საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო და კვლავ რჩება სწორედ ეს. 30 წუთში (ერთი გაკვეთილი კვირაში ერთ საგანში) მოვახერხოთ და მივაწოდოთ განათლება. მეორე ფაქტორია იმ ემოციური  კავშირის არარსებობა, რომელიც რეალურ, საკლასო სივრცეში გვაქვს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. მოგეხსენებათ მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, თუმცა დისტანციური სწავლის დროს მასწავლებლის როლის მორგება მოუწიათ მთლიანად მშობლებს. 

ხატია, 29 წლის

მე ვკითხულობ ლექციებს ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა უკანასკნელ პერიოდში დისტანციურ რეჟიმში. ვფიქრობ სწავლების ამ ფორმას უარყოფითი გავლენა აქვს არა მხოლოდ სტუდენტების მოტივაციაზე და იმ საბოლოო შედეგზე რასაც ისინი ცოდნის სახით იღებენ, არამედ ლექციის სრულ პროცესზე. დისტანციურ რეჟიმში ლექციის კითხვისას თითქმის ქრება ის მნიშვნელივანი კავშირი სტუდენტთან, რომლის საშუალებით ლექტორი ცდილობს თითქოს "ძალით" ჩართული ყავდეს ლექციაზე ის სტუდენტიც კი, რომელიც სულაც არ მოდიოდა ფიზიკურად ცოდნის მისაღებად. ჩემთვის, როგორც ლექტორისთვის, რომელსაც ისევე უყვარს სტუდენტებთან ურთიერთობა, როგორც მათთვის ცოდნის გადაცემა, დისტანციურ რეჟიმში ლექციების კითხვამ ეჭვიც კი გამიჩინა არის თუ არა ეს ის პროფესია რომელიც ძალიან მიყვარდა?!

 

ზედა მეზობელი

ზედა მეზობელი

ბავშვებო და მშობლებო,პანდემია და ყველას გვიწევს უარის თქმა რაღაცაზე,მაგრამ წუწუნი არავის არაფერში გვარგია. ჩემს თაობას ბავშობა არ გვქონდა,რადგან ქუჩაში ავტომატიანი ხალხი დარბოდა და ოჯახებს აწიოკებდნენ,მაგრამ აქ ვართ და ამან უფრო გამძლე გაგვხადა ჩვენი თაობა. ის,რომ სკოლაში ვერ მიხვედით არის მშობლების ბრალი და მათი ფანატიზმის ამბები. მარტიდან მიმდინარეობს აცრა ქვეყანაში და ადამიანები არ იცრიან,ამ ადამიანებში ზოგიერთი მშობელიც შედის. სირცხვილია,როცა მშობელი თავის წილ რისკს არ წევს და მერე სხვას აკრიტიკებს. მშობლებს მაინცადამაინც არ დაუჯეროთ ბავშვებო,პედოფილი მღვდლის უფრო იჯერებენ,ვიდრე მსოფლიო მედიცინის. დამიჯერეთ,ზოგიერთი მშობელი თუ მასწავლებელი უფრო საშიშია თქვენთვის,ვიდრე პანდემია ან ონლაინ სწავლება. ყველაფერს ორი მხარე აქვს,ურთიერთობების ნაკლებობას განიცდით,მაგრამ გაზომბებისგან გიცავთ სამაგიეროდ.

06.10.2021 08:57
ანნა,11 წლის

ანნა,11 წლის

გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ გამოაცხადეს რომ სკოლა ონლაინ გაგრძელდებოდა 1 კვირა მე ძალიან გამიხარდა მაგრამ ახლა მირჩევნია დეზინფექციურ ხსნარში მაბანაონ და ასე ვიჯდე კლასში ვიდრე ისევ ონლაინ სწავლებაზე ვიყო

01.10.2021 01:03
სესილი 14 წლის

სესილი 14 წლის

მე ვფიქრობ რომ ონლაინ სწავლება არ არის გამოსავალი იმისა რომ ჩვენ დავამარცხოთ პანდემია, დღეს უმეტესობა კომპიუტერებზე და ტელეფონებზე ვართ დამოკიდებულები,ამას თან ერთვის გაუმართავი ინფრა სტრუქტურა და ვერ ვერთვებით გაკვეთილებზე შეფერხების გარეშე ,არ გვყოფნის დრო მასწავლებელთან ურთიერთობისთვის არ არის სრულყოფილი ჩვენი გაკვეთილები, მოგვენატრა ცოცხალი ურთიერთობა მასწავლებლებთან და ბავშვებთან. ვერ ვცვლით აზრებს ერთმანეთში რადგან დროში ვართ შეზღუდული, ბედნიერი ვიქნები თუ სკოლაში დაგვაბრუნებენ და დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

27.09.2021 18:58
ლანა, 16 წლის.

ლანა, 16 წლის.

მე ვარ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე და სწავლას ისევ ისე ვიწყებ როგორც წინა წელს, რთულია მაოხდინო გაკვეთილებზე კონცენტრაცია როდესაც სწორედ ამდროს გვჭირდება მასწავლებლების ჩართვა ყველა საგანში, ძალიან არაკომფორტულია იჯდე ტელეფონთან და უსმინო მასწავლებელს ისე რომ ვერ ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში წესიერად, ამ შეზღუდვება ბევრი მოსწავლეები სიზარმაცისკენად წაიყვანა, რეგულაციების დაცვის გამო ვერ ვღებულობთ საკმარის განათლებას როგორც საჭიროა, ზოგიერთს არაქვს სახლში ისეთ იადგილი სადაც მხოლოდ მარტოა და თავისუფლად შეძლოს მიკროფონის ჩართვა და საუბარი ან რამოდენიმე სახლში 2-3 ან მეტი მოსწვლეა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა საკმაოდ რთული ხდება... დილიდან რამოდენიმე საათით ვერ შორდები გამისხივებას რომელიც ჩვენთვის საზიანო და არაკომფორტულია, თავიდან ბევროსწავლეს გაგვიჭირდა შეჩვევა... მოზარდებს განსაკუთრებით გვიჭირს კონცენტრაცია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პარალელურად ფიქრი გვიწევს უამრავ გაუთვალისწინებელ პრობლემებზე, ეს ყველაფერი ძალიან რთულად აისახებაა ჩვენს მოვალაზე...

25.09.2021 00:36
სესილი, 12 წლის

სესილი, 12 წლის

პირველად ონლაინ გაკვეთილები ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე მაგარი იქნება თქო სახლიდან სწავლა მაგარამ ეხლა ვხვდები თუ როგორ ვცდებოდი. ძალიან ძნელია კონცენტრაცია გაკვეთილზე. ვფიქრობ საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს ონლაინ გაკვეთილი ვერ შეედრება. :)

20.09.2021 23:33
თაკო, 16 წლის

თაკო, 16 წლის

მე ვარ მეთერთმეტე კლასელი. რაიონში ვცხოვრობ და სწავლა ისევ ონლაინ იწყება, რაც ჩემთვის პირადად მისაღებია, რადგან ვფიქრობ სკოლა დამამთავრებელ წლებში არმაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩემი მომავალი განვავითარო. მაინც მიწევს რეპეტიტორთან სიარული რადგან სკოლიდან მიღებული ცოდნით გამოცდებს იმ ქულებზე რამდენიც მინდა ვერ ჩავაბარებ. ამიტომ მირჩევნია ცოტა გვერდზე გადავდო სკოლა, რის საშუალებასაც ონლაინ სწავლება მომცემს.

12.09.2021 23:29

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი