flash

ავტორი გოგა ნიჟარაძე

10.08.2021 16:54

რატომ არ არის რუსეთი სანდო პარტნიორი საქართველოსთვის

ოკუპანტი

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

2 აგვისტოს  „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის განახლება სთხოვა.

საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!“ 
- დაწერა ინაშვილმა „ფეისბუკის“ გვერდზე.

ინაშვილის განცხადების კვალდაკვალ, რამდენიმე დღეში, განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და განაცხადა, რომ „მოსკოვი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან, იმდენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე“.  ქართულ მხარეს ამ განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსაზრება ჯერ არ დაუფიქსირებია.

ომს რომ მოლაპარაკებები ყოველთვის ჯობია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა, აქ მთავარი ის არის, თუ რამდენად სანდო ქვეყანა შეიძლება იყოს რუსეთი დიალოგისთვის. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ორი ქვეყნის წარსული ურთიერთობები ოპტიმისტურ მოლოდინს ნამდვილად არ ქმნის.

რამდენად სანდო შეიძლება იყოს რუსეთი პირდაპირი მოლაპარაკებებისას

ამ კითხვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ ლექტორს, ფიქრია ასლანიშვილს მივმართეთ. მისი განმარტებით, დიალოგის დაწყების  მიზანშეწონილობა რუსეთმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გვაჩვენა, მათ შორის 2021 წლის 4 აგვისტოსაც, როდესაც მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ მოქალაქეებს რუსული პასპორტები შესთავაზა.

„ეს ქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ რამდენიც არ უნდა ვეხვეწოთ რუსეთს, რომ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, ეს მათი მთავარი ამოცანა არასდროს იქნება. პირიქით, რუსეთის მთავარი ამოცანაა, რომ მთლიანად დაიქვემდებაროს საქართველო და გაატაროს მისი ინტერესები. ოღონდ, რა თქმა უნდა იგი დეოკუპაციის პროცესის დაწყებას ნამდვილად არ აპირებს,“
- განმარტავს ფიქრია ასლანიშვილი ჩემთან საუბრისას.

4 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას დაუჭირა მხარი. შეთანხმების თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ რუსეთის მოქალაქეობაც მოიპოვონ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის მოქალაქე გახდება ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის ის მცირე ნაწილიც, რომელსაც დღემდე რუსული პასპორტი არ ჰქონდა, შესაბამისად რუსეთ კიდევ უფრო გაზრდის საკუთარ გავლენას ამ რეგიონში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის ეს ნაბიჯი უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა.

სამხრეთ ოსეთის სრულ ანექსიის საშიშროებაზე საუბრობს ფიქრია ასლანიშვილიც. მისი შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ოკუპირებულ რეგიონში მოვლენები კიდევ უფრო რთულად განვითარდეს:

„პირადად ჩემთვის მოვლენების უფრო საშიში განვითარების გზაც არსებობს. მაგალითად, შესაძლებელია რუსეთმა, დროთა განმავლობაში, ცხინვალის სრული ანექსიაც მოახდინოს. ეს ნაბიჯები ცალსახად გვაჩვენებს იმას, რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა, რუსეთს ლაპარაკი ნამდვილად არ უნდა. ამასთან ერთად, მგონია, რომ მათთან პირდაპირი დიალოგი, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის გარეშე, საფრთხის შემცველი იქნება ჩვენთვის.

 ან რა დიალოგზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პასპორტიზაციის პროცესი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე შენდება რუსული სამხედრო ბაზები და ყოველდღე ხდება ქართული ტერიტორიის მიტაცება. მათ შორის, იმ ტერიტორიების, რომლებიც ე.წ სამხრეთ ოსეთის ოლქში არასდროს შედიოდა,“ 

წარსული მცდელობები რუსეთთან დიალოგისა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არსებულ ყველა ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ რუსეთთან ურთიერთობები დიალოგის გზით დაელაგებინა.

მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ 1991-1992 წლებში მიმდინარე დიალოგი ზვიად გამსახურდიასა და ელცინს შორის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის კრახით დასრულდა.

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს დსთ-ში (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში) გაერთიანება, რომლის ინიციატორიც ქვეყნის მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე იყო. იგი იმედოვნებდა, რომ ამ გზით შეძლებდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. მიღწეული შეთანხმების შედეგად, რუსეთმა დსთ-ს ე.წ სამშვიდობო ჯარი განათავსა ოკუპირებულ აფხაზეთში, რომლების რეალური მისია, მხარეების შერიგების მაგივრად, აფხაზებისა და ქართველების ინტერესების ერთმანეთისგან დაშორება იყო.

დსთ-ს ჯარი იყო ერთგვარი კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ქართველები ვერ ჩასულიყვნენ აფხაზეთში და პირიქით.

რუსეთთან „შერიგების“ მცდელობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასაც. როგორც იგი პირად მოგონებებში იხსენებს, საქართველოს იმ დროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მათ პირდაპირ შესთავაზეს რუსეთს, რომ საქართველო უარს იტყოდა ნატოს გზაზე, თუ იგი თავის ტერიტორიულ მთლიანობას დაიბრუნებდა, თუმცა, შედეგი არც ამ შეთავაზებას არ ჰქონია.

რა არის რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოში

რუსეთის ინტერესი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში რამდენიმე საუკუნეა უცვლელია. უცვლელია მათი სამოქმედო გეგმა და გეოპოლიტიკური სტრატეგია. ფიქრია ასლანიშვილის შეფასებით, უბედურებაა ის ფაქტი, რომ მრავალწლიანი ნეგატიური გამოცდილების მიუხედავად, ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა მაინც ვერ ან არ სწავლობს ისტორიის მაგალითებზე და დღემდე სჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს საქართველოს სანდო პარტნიორი.

„რუსეთის სტრატეგიული ინტერესი არამარტო დასუსტებული საქართველო, არამედ დასუსტებული სამხრეთ კავკასიის რეგიონია, რომელიც რუსეთთან ასიმილირებულ დამოკიდებულებაში იქნება,“ 
- ამბობს რესპონდენტი და თან განმარტავს, რომ პუტინის სახელმწიფოს ჩვენს რეგიონში მხოლოდ სამხედრო ბაზების განთავსება სჭირდება და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბაზები იქნება ცხინვალში განთავსებული, აფხაზეთში, ერევანში თუ ბაქოში, მისთვის მთავარია ტერიტორია და არა რომელიმე ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

რა უშლის რუსეთს ხელს ამ მიზნის სისრულეში მოყვანაში

რუსეთისთვის სერიოზული თავის ტკივილია დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პროდასავლურად არის განწყობილი. ფიქრია ასლანიშვილის განმარტებით, სწორე ამ მიზეზების გამო ცდილობს რუსეთი, რომ დასავლური ორიენტაციის მიმართ გააჩინოს ნიჰილიზმი, რომ თითქოს ევროკავშირი და ამერიკა არ არის სანდო პარტნიორები.

უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ მისიას ასრულებენ ხოლმე საქართველოში რუსული რბილი ძალის გამტარი პოლიტიკური პარტიები. ამის შემჩნევა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებაშიც შეგვიძლია.  საქართველოს პარლამენტის ორ გზის დეპუტატი, ირმა ინაშვილი, „ფეისბუკის“ გვერდზე წერს, რომ, თითქოს, რუსეთის გაღიზიანება საქართველოში ჩატარებულმა „ნატოს“ სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია, რის გამოც ის ქვეყნის ტერიტორიების მახლობლად სამხედრო ტექნიკას განათავსებს აპირებს. ამ განცხადებებით, პრორუსული შეხედულებების პარტიები ცდილობენ გაამყარონ ის მოსაზრება, რომ რუსული აგრესია საქართველოს პროდასავლური კურსით არის განპირობებული, რაც ჩემი რესპონდენტის თქმით უბრალოდ ტყუილია:

„ეს ნარატივი, რომ თუ ნატოზე უარს ვიტყვით რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს უბრალოდ ტყუილია. შორს რომ არ წავიდეთ, ამის კიდევ ერთი მყარი მაგალითი შეიძლება იყოს 1921 წლის მოვლენები. მაშინდელ საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა, რომ საქართველო არის ნეიტრალური სახელმწიფო, ანუ იგი უარს აცხადებდა დასავლურ კურსზე. თუმცა, ამის მიუხედავად, 21 წლის 25 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში ბოლშევიკური რუსეთის ჯარი მაინც შემოვიდა და ჯერ საქართველოს ოკუპაცია, შემდეგ კი ანექსია მოახდინა. და თუკი, კონკრეტული პარტიები ამ ისტორიულ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ ჭკუას, მაშინ ალბათ ან პოლიტიკურ სიბეცესთან გვაქვს საქმე ან მოღალატეობასთან,“ 

ფაქტია, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური სტრატეგია საუკუნეების განმავლობაში უცვლელია და იგი ამ დრომდე ჩვენს მთავარ პრობლემად რჩება. დანარჩენი ყველაფერი კი ამ პრობლემის მიერ გამოწვეული სიმპტომია. ჩვენთვის კი ახლა მთავარია, რომ გავაგრძელოთ ევროატლანტიკური გზისკენ სვლა და ვებრძოლოთ მთავარ პრობლემას და არა მის მიერ გამოწვეულ სიმპტომებს.

რუსეთი როგორც ასეთი,არასაიმედოა ყველასთვის,ყველგან და ყველაფერში

14.08.2021 11:44

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი