flash

ავტორი სალომე ხაჟომია

15.10.2021 14:36

რატომ არის საჭირო სამოქალაქო განათლება

განათლება

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

სამოქალაქო განათლების, როგორც საგნის სწავლა ერთია, თუმცა ამ საგნისგან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება - მეორე. რეალობა ისაა, რომ აქტიური მოქალაქეები ნაკლებად გვხვდებიან, განსაკუთრებით, ეს პრობლემა ახალგაზრდებში შეიმჩნევა. რატომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო განათლების სწავლება? 

სამოქალაქო განათლება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილს წარმოადგენს. მისი, როგორც ერთი კონკრეტული საგნის, მიზანი საკმაოდ დიდია. სამოქალაქო განათლების მეშვეობით შესაძლებელია მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და იმის გაცნობიერება, თუ რა უფლებები აქვს ადამიანს და როგორ შეუძლია მისი გამოყენება. იმის ფონზე, რომ კვლევების თანახმად, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არც კი იცის საკუთარი უფლებების შესახებ, სამოქალაქო განათლებას კიდევ უფრო დიდი როლი ეკისრება სასკოლო გარემოში. 

ამ საგნის მეშვეობით შესაძლებელია მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ რა არის სახელმწიფოს დანიშნულება, როგორია ადამიანის უფლებები თუ თავისუფლებები. 

ის რაც საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ძალიან აკლიათ, არის აქტიური მოქალაქეობა და სწორედ ამას უწყობს ხელს სამოქალაქო განათლების სწავლება სკოლებში. ადამიანმა თუ არ იცის მისი უფლებების თუ მოვალეობების შესახებ, ის არც და ვერც მიიღებს ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობას, რომელსაც რაიმეს შეცვლა შეუძლია.

“ამბებს მიღმამ” გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, გვანცა მეტრეველს და გაგვერკვია, თუ როგორ ისწავლება ეს საგანი სკოლაში, რა მეთოდები არსებობს და რა აქტივობები ხორციელდება ამ მიმართულებით. 

რა წარმოადგენს იმ ძირითად მიზეზებს, რის გამოც სკოლაში სამოქალაქო განათლება უნდა ისწავლებოდეს?

სამოქალაქო განათლების, როგორც საგნის, დანერგვა სკოლებში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ეს არის საგანი, რომელიც მრავალფუნქციურია და, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებისთვის გამოყენებადია ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც მოსწავლე მიიხურავს სკოლის კარს და გავა საზოგადოებაში, ის იქნება იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, რაც ჯანსაღად მოაზროვნე და აქტიურ მოქალაქეს სჭირდება. ის შეიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე აღმზრდელობით ფუნქციებს. სამოქალაქო განათლება უდიდეს როლს თამაშობს მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე გააცნობიეროს მისი უფლებები, ჰქონდეს წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სახელმწიფო, რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია მას, როგორც მოქალაქეს.

სამოქალაქო განათლების სწავლება რამდენად კარგი და ნაყოფიერია? რა მეთოდები შეიძლება დაინერგოს ახალი პრაქტიკისთვის/რისი გაუმჯობესება შეიძლება ამ მიმართულებით?

თითოეულ საგანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და მეთოდები. ჩემი, როგორც მასწავლებლის მთავარი მიზანი არის თითოეული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. ამის მისაღწევად დღეს ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, მთავარია გათვალისწინებული იყოს მოსწავლეების ინტერესები და შესაძლებლობები, არ აქვს მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესი ონლაინ იქნება თუ საკლასო სივრცეში. ამ ყველაფრისთვის ვიყენებ ინტერაქციულ აქტივობებს, ელექტრონულ რესურსებს, ფილმებს, ანიმაციებს, ელექტრონულ აპლიკაციებს, რეალურ ისტორიებს, სტატიებს, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს და თავადაც ვქმნი საგანმანათლებლო მასალას. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია უშუალოდ მოსწავლეების ინტერესები და ყოველთვის ვმუშაობ ამაზე და ვიკვლევ ვის რა ინტერესის სფერო აქვს, რომ შესაბამისი მასალით იქნას მიწოდებული ესა თუ ის საკითხი, ამით მათთვის გაკვეთილები უფრო საინტერესო და სახალისო გახდება.  საგნობრივ საკითხებზე მუშაობისას ხშირად ვიშველიებ სპორტულ ისტორიებს, მუსიკალურ და ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მხატვრულ ფილმებს. ამ შემთხვევაში სხვა საგნებთანაც არის ხოლმე გადაკვეთის წერტილები, რაც კიდევ უფრო ზრდის ინტერესსა და ჩართულობას. ასევე, მნიშვნელოვან შედეგს იძლევა პროექტული სწავლება, სადაც უშუალოდ პრაქტიკულად იყენებენ გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას. სწავლებისას მეთოდები მრავალფეროვანია, თუმცა ვისურვებდი, რომ სხვადასხვა საგნის მასწავლებლების ინტეგრირება მეტად მოხდეს, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს.

როგორია მოსწავლეების მოლოდინი ამ საგანთან დაკავშირებით, ძირითადად რა ცოდნის მიღება სურთ? 

მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლება მეტია ვიდრე საგანი, როგორც თვითონ ამბობენ. ხშირად მომისმენია მათგან შემდეგი სიტყვები „ჩვენ სამოქალაქო განათლება გვასწავლის ცხოვრებას“. ყოველთვის, როდესაც ვეკითხები მათ საგნის სწავლების დასაწყისში, თუ რა მოლოდინი აქვთ საგნისგან, მპასუხობენ, რომ საგნის დახმარებით გაეცნობიან საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, რომ საჭიროებისამებრ დაიცვან ისინი ან სხვას დაეხმარონ. 

ჩემთვის მთავარი ღირებულება, რაც საგანს მოაქვს არის იმ აქტიური, პროგრესული და თავისუფალი მოქალაქეების ჩამოყალიბება, რომლებიც ჩართული იქნებიან ქვეყნის განვითარებაში.

როგორია ტელესკოლის გამოცდილება, რისთვის შეიქმნა და რამდენად ნაყოფიერი იყო სამოქალაქო განათლების სწავლება ამ გზით?

ტელესკოლა პანდემიის ერთ-ერთი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით განათლების სამინისტროსთვის. ახლა უკვე არა კომპიუტერით, არამედ კამერებით დავიწყე მოსწავლეებთან სამოქალაქო განათლების საკითხებზე საუბარი, რაც უდიდესი გამოწვევა იყო და სრულიად განსხვავებული გამოცდილება. თუ რამდენად წარმატებული და ნაყოფიერი იყო ჩემი ტელესკოლის სამოქალაქო განათლების სწავლება ამ გზით ამას ალბათ მოსწავლეები უფრო შეაფასებენ, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის მთელი პირველი სემესტრის განმავლობაში უყურებდნენ ჩემს გაკვეთილებს პირველ არხზე.

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი