flash

ავტორი გ. ჩაჩხიანი

09.06.2021 19:57

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს სამართალი?

samarTali

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

 საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის მიზანი  ისეთი ხელსაყრელი პირობების შექმნაა, რომელიც აუცილებელია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის -  „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება

დღეს, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მეცნიერი გამოთქვამს წუხილს იმაზე, რომ სკოლებში ბავშვებს სამართალს არ ასწავლიან. 

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესასრულებლად სკოლებში სამართლის სწავლება?  შესაძლებელია თუ არა, რომ იცოდეს ბავშვმა სხვისი უფლებები და დარწმუნდეს, რომ სწორად იქცევა ან სწორად ექცევიან, თუკი თავად არ ექნება გააზრებული საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების მნიშვნელობა? ლოკალური პრობლემა თუ გლობალური გამოწვევა?

2018 წელს „Children’s Legal Centre Wales“-ის ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ რესპოდენტთა 48% ყოველდღიურად გრძნობს საკუთარ ცხოვრებაზე სამართლის მოქმედებას. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 76%-ს არ ჰქონია შესაძლებლობა ესწავლა სამართალი. ახალგაზრდებმა არაერთი სფერო დაასახელეს, რომელშიც კანონები უშუალოდ ეხებათ. დასახელებული სფეროები მოიცავდა ასაკობრივ შეზღუდვებს (თანხმობა სქესობრივი კავშირის დამყარებაზე, არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვ.), სამუშაო რეგულაციებს, განათლებასთან დაკავშირებულ კანონებს, ბავშვთა უფლებებსა და ინტერნეტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

გამოკითხულთა 74%-მა საუკეთესო ადგილად სამართლის შესასწავლად სკოლა მიიჩნია; 28%-მა ინტერნეტი, ხოლო 25%-მა კი ექსტრა-კურიკულური აქტივობები, მაგალითად, ახალგაზრდული კლუბები დაასახელა. რესპოდენტებმა და ფოკუს ჯგუფებმა ბავშვების მიერ სამართლის შესასწავლად რამდენიმე გზა გამოყვეს, მათ შორის, როლური თამაშები, დებატები, „მთავრობისა და პოლიტიკის“ სავალდებულო სწავლება სკოლაში, საზოგადოებაში სხვადასხვა კლუბებისა და ვორქშოპების არსებობა.

გამოკითხულთა 42%-მა აღნიშნა, რომ მათ სჭირდებოდათ სამართლებრივი რჩევა, 20%-ს საოჯახო სამართლის საკითხებში, 5%-ს მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებში, 5%-ს ბულინგთან მიმართებით, 2%-ს განათლებასთან, ხოლო 2%-ს დამატებით მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კვლევის ერთ-ერთი საინტერესო შედეგი ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ სამართლებრივი საკითხების პოლიციასთან ძლიერი ასოციაცია იყო, რაც ცალსახად აჩვენებს, რომ ბევრი ბავშვის მიერ სამართლებრივი საჭიროებების დახმარების საჭიროებასთან დაკავშირების მიუხედავად, ისინი სამართალზე ფიქრისას მეტწილად სისხლისსამართლებრივ მართლმსაჯულებას წარმოიდგენდნენ, ვიდრე სამოქალაქო წესრიგს. ამრიგად, სამართლიანი საზოგადოებისთვის, სადაც სამართალი და კანონი პოზიტიურად და ყოველდღიური წესრიგის დამხმარე საშუალებად იქნება დანახული და არა ნეგატიურ და შემზღუდველ ღონისძიებად, მნიშვნელოვანია მოქალაქეებში სამართლებრივი განათლების სკოლის მერხებიდანვე დანერგვა.

რა შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს?

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეისობით საქართველოს სკოლებში სამართალს, როგორც საგანს, არ ასწავლიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები არ გვაქვს გადადგმული. მაგალითს ლია გიგაურის, მაკა ფერაძის, გიორგი გახელაძისა და გიორგი მშვენიერაძის ავტორობით 2015 წელს, საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის (GLSP) ფარგლებში, გამოცემული მასწავლებლისა და პოლიციელის დამხმარე სახელმძღვანელო „სამართლებრივი კულტურა“ წარმოადგენს.

სახელმძღვანელოს მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა სამართლებრივი განათლება მოზარდებში მონაწილეობითი დემოკრატიისა და სამართლებრივი პრინციპების შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და ფასეულობების გააზრებას ემსახურება. მოცემული კურსი უფროსკლასელთათვის, მე-9 კლასიდანაა განკუთვნილი. ამ დროიდან მოზარდთა ასაკი, ინტერესები, ცხოვრების სტილი და მათი გონებრივი განვითარება მათთან სამართლებრივ წესრიგზე საუბრის შესაძლებლობას იძლევა. 

სკოლის ეტაპზე სამართლის სწავლების მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენცია და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა. სახელმძღვანელო რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს, რომელთა კუთხითაც მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცნობიერების გაზრდა. სახელმძღვანელოს მიხედვით, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაიგონ, ვინ არის არასრულწლოვანი და რას ნიშნავს ქმედუნარიანობა; გაეცნონ არასრულწლოვნის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს; მიიღონ ინფორმაცია ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. სახელმძღვანელოში შესაბამის მაგალითად დასახელებულია ბავშვის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მშობელზე ან მეურვეზე გადასვლა, მაგალითად, ფეხბურთის თამაშისას მეზობლის ჩამტვრეული მინის ჩასმის ან საფასურის გადახდის გზით. ამასთანავე, სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ მოზარდები საკმაოდ არიან დაინტერესებული შრომითი კანონმდებლობის საკითხებით და ამ კუთხით მათთვის მინიჭებული უფლებებით, კერძოდ, ბავშვებს აქვთ უფლება იცოდნენ, რომ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების დადება სპორტთან, ხელოვნებასთან, კულტურის სფეროსა და სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე აკრძალულია არასრულწლოვნის დასაქმება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასა და გაყიდვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად, დაუშვებელია მათი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოსა და ღამის სამუშაოზე დასაქმება.

ავტორთა შეხედულებით, მოზარდებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვნებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ყველაზე გავრცელებულ სახეებზე - ქურდობაზე, ძარცვასა და ყაჩაღობაზე; იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვის საკითხებზე მოსწავლეებს უნდა აღენიშნოთ, რომ არ არსებობს ცივი იარაღის მართლზომიერი ტარება და ასეთი ფაქტი იწვევს პირის პასუხისმგებლობას. სახელმძღვანელოს მიხედვით, მასწავლებელი და პოლიციელი მოზარდს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებსა და აუცილებელი მოგერიების უფლებაზეც უნდა ესაუბრონ ისევე, როგორც კიბერდანაშაულზე (სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და უკანონო გამოყენება, მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა ან შეცვლა და სხვა). ავტორთა აზრით, მნიშვნელოვანია, მოზარდებმა გაიგონ, რომ ასეთი სახის ქმედებები არ არის უბრალო გართობა და მან შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის სახელსა და ღირსებას, მის ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებს, რაც კანონითაა დასჯადი. 

„სამართლებრივი კულტურის“ სახელმძღვანელოში მითითებულია არასრულწლოვნების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ცოდნის აუცილებლობის შესახებ, მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, მეტროპოლიტენის წესების დარღვევა, მანქანის ფანჯრებიდან ნაგვის ან საგნების გადაყრა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიდა მოწყობილობების დაზიანება, ექსკურსიის დროს დაცულ ტერიტორიებში ხეებზე ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე წარწერების და ნახატების გაკეთება და სხვა.  ხშირად ის, რაც ბავშვებისთვის მხოლოდ გართობად აღიქმება და რასაც მათი აზრით, არანაირი შედეგი არ მოჰყვება, სამართალდარღვევას წარმოადგენს და კანონი სათანადო პასუხისმგებლობასაც აწესებს.

ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა დასახელებული მოსწავლეების მიერ იმ კანონების ცოდნა, რომლებიც ბავშვებსა და ქალებს და მათი უფლებების დაცვას ეხება. სახელმძღვანელოს მიხედვით, აუცილებელია, ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია ძალადობის სახეებისა და ფორმების შესახებ; გაარჩიონ ერთმანეთისგან ძალადობრივი და არაძალადობრივი ქმედებები; ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან და ვის მიმართონ დასახმარებლად; იცნობდნენ ოჯახში ძალადობის სახელმწიფოს პრევენციული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკას; ინფორმირებულები იყვნენ დამცავი და შემაკავებელი ორდერის შესახებ, ვინაიდან ხშირად მოზარდს ოჯახური ძალადობა ჩვეულებრივ ქცევად ან აღზრდის მეთოდად წარმოუდგენია.

როცა სამართალი იცი, სისტემა არც ისე საშიშია

ჯოელ კოენი, TalksOnLaw-ს დამფუძნებელი და დიუკის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, თავის ერთ-ერთ სტატიაში „დროა, სამართალი ბავშვებს ვასწავლოთ“, მიიჩნევს, რომ სკოლაში სამართლებრივი საფუძვლების სწავლება სისტემას ნაკლებად საზარელს წარმოაჩენს. კოენის მოსაზრებით, საგანმანათლებლო სივრცეში სამართლის სწავლება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მოზარდების შიშისა და უნდობლობის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს. იურიდიული განათლებით მოზარდს შეეძლება პოზიტიური კავშირის დანახვა საზოგადოების სამართლებრივ ოფიცრებთან - პოლიციელებთან, პროკურორებთან და მოსამართლეებთან.  

დანაშაულის პრევენცია

სამართლის გააზრება არა მხოლოდ ეხმარება ბავშვს, დაიცვას საკუთარი თავი, ამავდროულად, მას შესწევს უნარი, მოახდინოს არაერთი დანაშაულის პრევენცია. სინტა უმპოსა და კარბი ეთეს ნაშრომი „საშუალო სკოლებში იურიდიული განათლების უპირატესობები“ ინფორმირებულ მოზარდზე საუბრისას ამბობს, რომ მას დანაშაულის ჩადენისკენ ნაკლები მიდრეკილება აქვს, ვიდრე იმას, რომელმაც ამა თუ იმ დანაშაულზე და მის სანქციაზე არაფერი იცის. მასაც, ვინც პასუხისმგებელია ჩადენილ დანაშაულზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცოდეს, რომელი კონკრეტული ქმედებაა არასწორი და რა სასჯელი მოელის მისი ჩადენის შემთხვევაში. უმპოსა და ეთეს მოსაზრებით, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის გააზრება სამართალდამრღვევებს ჩამოუყალიბებს გარკვეულ შიშს კანონის დარღვევის საწინააღმდეგოდ, გაიზრდება კანონის დაცვის ხარისხი და ზოგადი ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს უფლებებითა და მოვალეობებით თანასწორ სარგებლობას,რის შედეგადაც შემცირდება არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენა.

ჯოელ კოენის მოსაზრებით, დღევანდელი კანონები თავისი არსით კომპლექსურია და ნორმების - „გადაიხადე გადასახადი“ და „არ მიაყენო სხვას ზიანი“ - გასააზრებად და აღსაქმელად გარკვეული უნარ-ჩვევებია საჭირო. TalksOnLaw-ს დამფუძნებლის აზრით, საზოგადოება, რომელშიც მხოლოდ ერთეულებს და, ისიც მეტწილად იურისტებს, ესმით სამართალი, ვერ იქნება ჭეშმარიტად დემოკრატიული და დღეს, როცა კანონები არეგულირებს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი შვილები იმსახურებენ, იცოდნენ ამ კანონების შესახებ.

 

 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი