flash

ავტორი ჯინი

14.06.2021 17:05

რაზე ვლაპარაკობთ, როცა TikTok ბულინგზე ვლაპარაკობთ?

TIK TOK ბულინგი

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

ტიკტოკს ერთხელ თუ “დაუმუღამებ”, მერე რთულია, სქროლვისას აკონტროლო დრო, კონტენტი და საკუთარი რეაქციებიც კი. აქ აუცილებლად იპოვი ვინმე ისეთ ინფლუენსერს, შენს გემოვნებასა და მოთხოვნებში რომ ჩაჯდეს, მაგრამ ამ მხიარული, შემეცნებითი, თბილი და სულელური ვიდეობის მიღმა ტიკტოკის ბნელი მხარეც იმალება. ვიდეოები შეიძლება ძალიან სწრაფად იქცეს ატაცებული მომხმარებლების მიერ - რაც შეიძლება იყოს “სასაცილო”, ხშირად იქცევა დაცინვისა და ბულინგის ობიექტად. ხშირად ტიკტოკერები თავიანთ ანგარიშს შლიან, ან იწერენ საბოდიშო ვიდეოებს, ან ბულინგს ბულიონგითვე პასუხობენ, ზოგიერთის მენტალურ ჯანმრთელობას საკმაოდ სერიოზული ზიანიც ადგება...

ამერიკაში ტიკტოკის მომხმარებელთა 25% 10დან 19 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. ეს ის ასაკობრივი პერიოდია, ბავშვები თავის დამკვიდრებას რომ იწყებენ სოციუმში, მათთვის მნიშვნელოვანი ხდება გარეგნობა, სტატუსი, პოპულარულობა. ცნობილი სასკოლო “high-school” დრამებშიც ვხვდებით ამ კლიშედ ქცეულ ისტორიებს - ყველაზე ლამაზი, პოპულარული გოგონები და ბიჭები, რომლებსაც ყველა შენატრის, ყველას სურს, მათ ჰგავდნენ და მეორე მხარეს, ე.წ. “ნერდები” და “ვეირდოები”, რომლებსაც ვერავინ ამჩნევს ან თუ ამჩნევენ, დაცინვის ობიექტად იქცევიან. ამგვარი სტილი ტიკტოკშიც “წარმატებულად” გადმოვიდა. 

ტიკტოკი, როგორც სხვა სოციალური მედია ქსელები, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შექმნას ალტერნატიული სამყარო, სადაც ყველა ლამაზი და წარმატებულია. თაობა ზეტისთვის ასეთ პლატფორმად ტიკტოკი იქცა, სადაც, სამწუხაროდ, გვერდს ვერ უვლიან ბულინგს, რომელიც მათი თანამედროვეობის განუყოფელი პრობლემაა. 

ტიკტოკ ბულინგის პრობლემაზე გვესაუბრება ცნობილი ქართველი ტიკტოკერი და ფსიქოლოგი, თათა იმნაიშვილი: 

თაობა ზეტის გამოკითხვის შედეგებმა კითხვაზე, რა არის თქვენთვის ყველაზე პრობლემატური, აჩვენა, რომ ბულინგი მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. ეს უკანასკნელი ახალი ტერმინია, თითქოს ამ თაობასთან ერთად გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა დროსთან ერთად (ჩაგვრა ყოველი თაობისთვის ნაცნობი მოვლენაა, მაგრამ აქამდე მას ბულინგს არ ვუწოდებდით და საკითხიც ასე მასშტაბურად არ ყოფილა განხილვის საგანი),  რა მიზეზებმა განაპირობა ბულინგის პრობლემის წინ წამოწევა ამ თაობაში

ვერ ვიტყოდი რომ ბულინგი რაიმე ახალი მოვლენა გახლავთ, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ თაობა ზეტისთვის, ადრე უბრალოდ ამას ჩაგვრად მოვიხსენიებდით და შედარებით იშვიათი იყო თითქოს... მაგრამ სულ კითხვა მიჩნდება, ნამდვილად კი იყო ასე? ჩემი აზრით, რამოდენიმე ფაქტორი არსებობს, რის გამოც ეს პრობლემა უფრო შესამჩნევი გახდა. ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ქსელები გახლავთ. ადრე ადამიანის დასაბულინგებლად უფრო პირისპირ საუბარი იყო საჭირო, რასაც, თავის მხრივ გამბედაობა სჭირდება. ადამიანმა იცოდა თავისი მჩაგვრელის ვინაობა და შელაპარაკების ფაქტის შესახებ ცნობილი იქნებოდა მხოლოდ  მცირე ჯგუფისთვის. ახლა შესაძლებელია ადამიანის დაბულინგება სრულიად ანონიმურად, რამოდენიმე ანგარიშით და თან ისე, რომ ეს ფაქტი იქნება ცნობილი ძალიან დიდი აუდიტორიისათვის და აი ამ მაშტაბებთან და „ყოველთვის წამგებიან“ პოზიციასთან გამკლავება, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია. სამართლიანობისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი ამა თუ იმ ფორმით.

ტიკტოკის მომხმარებელთა უმეტესობა 14-19 წლამდე ახალგაზრდაა. თქვენ, როგორცფსიქოლოგი და ტიკტოკერი, რამდენად ხშირად აწყდებით ბულინგის შემთხვევებს ამ პლატფორმაზე

- საკმაოდ ხშირად ვაწყდები მსგავს ფაქტებს და ბულინგი თითქოს უკვე ჩვეულებრივ თანმდევ მანკიერებად იქცა ამ აპლიკაციაზე, თუმცა, ზუსტად ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, სიმართლე რომ გითხრათ, არც გამკვირვებია. ბულინგი ყველაზე ხშირ შემთხვევაში ძალიან დამახასიათებელია მოზარდებისთვის. ამ ასაკში ხდება ფასეულობების და შეხედულებების პირველი გადაფასება, თვითშეფასების პრობლემები, ბრაზის რეგულირების და კონტროლის პრობლემები, თვითდამკვიდრების საკითხები და ა.შ.

 - თქვენი აზრით, რა განაპირობებს ბულინგის ხშირ შემთხვევებს ტიკტოკზე

 -ჩემი აზრით, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ეს ფაქტორებია ანონიმურობა, ნაწილობრივ ძირითადი მომხმარებლების ასაკი და ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ტიკ ტოკი შედარებით ახალი პლათფორმა გახლავთ, მგონია რომ რეპორტინგის სისტემა ჯერ ისე კარგად არ არის განვითარებული და მითუმეტეს როდესაც საუბარია ქართულენოვან ტექსტებსა და  ვიდეო ჩანაწერებზე.

- ხომ არ ხდება ბულინგის ნორმალიზება ტიკტოკზეკაი ტიპობისიარლიყის ქვეშ?

- მსგავსი ტენდენცია არ შემიმჩნევია, თითქოს პირიქით, წინააღმდეგობა მოდის ხოლმე სხვა მომხმარებლებისგან მჩაგვრელის მიმართ, თუმცა მოლოდინი იმისა რომ ბულინგი იქნება და ეს ნორმალურ, ჩვეულ მოვლენად იქცა, ეს სამწუხარო რეალობა გახლავთ.

- თავად თუ გიწევთ თქვენსკენ მომართულ არასასიამოვნო რეაქციებთან გამკლავება ტიკტოკზე

რა თქმა უნდა, თუმცა ჩემს ექაუნთზე უფრო იშვიათად ვაწყდები მსგავს კომენტარებს. უფრო კამათი მიდის ხოლმე ამა თუ იმ საკითხზე რამდენად ეთანხმებიან თუ არა. მე ვთვლი რომ ნებისმიერ შეხედულებას აქვს უფლება, რომ იარსებოს, შესაბამისად ჯერ-ჯერობით არავინ დამიბლოკავს ტიკ ტოკზე, მაგრამ თუ ადამიანი გადმოდის პირად შეურაცხყოფაზე, ვთვლი, რომ დაბლოკვის ფუნქციის გამოყენება გამართლებულია და ზოგჯერ აუცილებელიც.

- რა რჩევებს მისცემდით ტიკტოკერებს ბულინგთან დაკავშირებით?

გახსოვდეთ რომ ადამიანი, რომელიც გაბულინგებთ მას საკუთარ თავთან უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე თქვენთან, შესაბამისად საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ მის სიტყვებს, მაგრამ თუ მოგდით შეტყობინებები, რომ ხართ მახინჯი, უინტერესო, წარუმატებელი და ა.შ. ატყობთ, რომ ემოციურად ვერ უმკლავდებით ან უბრალოდ არ გსიამოვნებ, გახსოვდეთ, რომ კომენტარების წაშლის და ექაუნთის დაბლოკვის ფუნქცია არსებობს და მათი გამოყენება საჭიროა პირველ რიგში თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის. ჩათვალეთ რომ ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ ერთი ფორმა.  

ტიკტოკმა პრობლემა დაინახა და კიბერბულინგის პრევენციისთვის ზომებიც მიიღო. მათ შექმნეს სპეციალური გვერდი, რომელიც ხსნის, რა არის ბულინგი და როგორ უნდა დაიცვან თავი მისგან მომხმარებლებმა. ტიკტოკი მომხმარებლებს მოუწოდებს, განაცხადონ შევიწროებისა და სხვა შეუსაბამო საქციელის შესახებ, რათა შესაძლებელი იყოს მისი დროული გამოკვლევა და მოგვარება.  თუ თქვენ ან თქვენს შვილს ავიწროვებენ ტიკტოკზე, მნიშვნელოვანია ამაზე ხმამაღლა ისაუბროთ.

 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი