flash

ავტორი ნინა აგლაძე

23.04.2021 15:14

რეალური ისტორიები: როგორ არ გავხდი ბულინგის მსხვერპლი

როგორ არ დამაბულინგონ

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

დაზუსტებით რთული სათქმელია თუ რა აღვიძებს ჩვენში სურვილს ვინმე დავჩაგროთ, თუმცა ფაქტია, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვების მიმართ უსამართლოები და რიგ შემთხვევაში სასტიკებიც კი ვართ. არც ერთი ადამიანი არის დაცული ბულინგისგან. ამიტომ გახსოვდეს, შენ მარტო არ ხარ.

ამ სტატიისთვის რამდენიმე ადამიანს ვესაუბრეთ, რომელმაც შეძლეს და საკუთარი ძალებითა თუ სხვების დახმარებით საკმაოდ რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს და ახლა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.

“იუმორი ჩემი მთავარი იარაღი იყო და ახლაც ვამაყობ ამით” -  ნათია (სახელი შეცვლილია) 25 წლის 

“როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, დაახლოებით მეშვიდე-მერვე კლასში, სახეზე - ნიკაპთან საკმაოდ დიდი ხორცმეტი მქონდა. მაშინ ერთი ბიჭი მომწონდა და ერთხელ შესვენებაზე შაურმის ერთად ჭამა გადავწყვიტეთ. რაღაც მომენტში მან მითხრა: “ნათია ნიკაპზე შაურმა გაქვს!”. ეს დამცინავად ნამდვილად არ გაუკეთებია, მართლა ვერ მიხვდა, რომ შაურმის ნაკუწი კი არა ჩემი ხორცმეტი მქონდა. რეპლიკა რამდენიმე ადამიანმა გაიგო და ჩემს ხორცმეტს ამის მერე ყველა შაურმას ეძახდა, თანაც ხშირად სპეციალურად და უმიზეზოდ ამახვილებდნენ მასზე ყურადღებას. მე არ დავკომპლექსებულვარ, მათთან ერთად სიცილი დავიწყე და ჩემს ხორცმეტს ყოველ ჯერზე მეც შაურმას ვეძახდი. ცოტა ხანში არც არავის ახსოვდა შაურმა და ეგ ისტორია. თითქოს მიხვდნენ, რომ რადგან არ მწყინდა და არც არაფერი მთრგუნავდა ამ კომენტარებმაც დაკარგეს ყველანაირი აზრი თუ ძალა. შეიძლება ამ ისტორიაში მთავარი ის იყო, რომ ზუსტად ვიცოდი - ბიჭს, რომელიც მომწონდა განზრახ არ უნდოდა ჩემი წყენა და არც დაბულინგება. თუმცა სხვების მცდელობები წარმატებულად და მხიარულად მოვიგერიე.”

“უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი” - ზუკა, (სახელი შეცვლილია)   30 წლის

“სკოლის პერიოდში სათვალე მეკეთა და ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. ამის გამო ბიჭები ხშირად უაზრო კომენტარებს მესროდნენ და ჩემს გამოწვევას ცდილობდნენ. ფიზიკურად არავინ შემხებია, მაგრამ სამაგიეროდ დამცინოდნენ, ზღაპრის ყველაზე სასაცილო პერსონაჟებს მადარებდნენ, ჩემთვის ზედმეტსახელებს იფიქრებდნენ. განსაკუთრებით გოგოები თუ იყვნენ მაშინ აქტიურდებოდნენ. თავიდან მწყინდა  და ვცდილობდი  უკმაყოფილება გამომეხატა, მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ ამით კიდევ უფრო ვაქეზებდი და უფრო მეტად მაბულინგებდნენ, გავჩერდი და უბრალოდ აღარაფერს ვეუბნებოდი. დავალებებს მაინც ვაწერინებდი, არც ვბრაზდებოდი, თუ დაცინვას მიწყებდნენ კლასიდან გავდიოდი და ცოტახანში ყველამ თავი დამანება. ბოდიშიც მომიხადეს. 

“ჩემი კლასელი ყოველთვის მიცავდა” - თათა, (სახელი შეცვლილია) 28 წლის 

“ახალ სკოლაში, როდესაც გადავედი, თან უკვე მეთერთმეტე კლასში ვიყავი, იქ ერთი ბიჭი ძალიან აგრესიულად დამხვდა. ყოველთვის ახერხებდა მთელი კლასის წინაშე რამე ისეთი ეთქვა ჩემზე, რომ ყველას გასცინებოდა. ერთხელ ადგა და ჩანთა კლასის ფანჯრიდან გადამიგდო, მასწავლებელი კი იქვე იყო, მაგრამ იმის მაგივრად მისთვის შენიშვნა მიეცა ტკბილად გაეღიმა. ზუსტად მაგ დროს უკანა მერხიდან ხმა გავიგე: “ახლა დროზე ჩადი და ჩანთა ამოიტანე, მერე ბოდიშიც მოიხადე, რანაირად იქცევი - ჩვეულებრივი ერთუჯრედიანივით? თქვენ კიდევ რატომ უღიმით, რეებს აკეთებს ვერ ხედავთ?!” ახლაც მახსოვს. მაგ დროს რა ვიგრძენი არ ვიცი, ალბათ შვება? მადლიერება? ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ საკუთარ თავს ვუთხარი “თათა ვიღაც რომ გიცავს, შენ რას მიკეთებ?” და მაგის მერე აღარავის ვაჩაგვრინებდი თავს. ალბათ ზოგს გვჭირდება ადამიანი, რომელიც მაგ დასკვნამდე მიგვიყვანს. ის კლასელი ვინც დამიცვა მერე დასაჯეს და მშობლები დირექტორთან დაიბარეს, მაგრამ სამაგიეროდ ბიჭმა, რომელმაც ჩანთა გადამიგდო იმასაც და მეც ბოდიში მოგვიხადა".

გამოგვყევით მბებს მიღმა და დაელოდეთ რობოტი ტოტოს შემდეგ ეპიზოდს, სადაც უკვე პროფესიონალების მიერ შერჩეულ რეკომენდაციებზე მოგიყვებით, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ბულინგისან. 

მანამდე კი, გაეცანით რობოტი ტოტოს პირველ ეპიზოდს, სადაც ის მოგიყვებათ თუ რა არის ბულინგი და როგორ განვასხვაოთ ის სხვა ტიპის შეხლა-შემოხლისგან. 

 

ნინი

ნინი

ყველა მათგანს ვეთანხმები. მათი შემთხვევა მსუბუქი იყო. ზოგს სასტიკად ექცევიან და არც დაჩაგრულს გააჩნია თავდაცვის უნარი. პატარაობიდანვე ცუდად მექცეოდნენ. ხელს მკრავდნენ, მარტყავდნენ, მაგინებდნენ, კიბეებიდან მაგორებდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგრამ იმით გადავრჩი, რომ თავს ვიცავდი. თუ დამარტყავდნენ მეც ვარტყამდი. არასდროს არ მითქვამს ბილწი სიტყვა, რომ ეს მათი საბაბი არ გამხდარიყო. საბოლოოდ ქაჯი გამომიყვანეს, მეუბნებოდნენ რომ არ იყო ეს გოგოს საქციელი, თუმცა სხვაგვარად არ შემეძლო თავის დაცვა, არც არავინ მყავდა.

05.05.2021 09:41

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი