flash

ავტორი გოგა ნიჟარაძე

11.10.2021 15:24

როგორ დავიძინოთ უსაფრთხოდ, თუ კორპუსში ვცხოვრობთ

უკანონო მშენებლობები

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

წარმოდგენა არ მინდა, რამდენ კორპუსში მცხოვრებ ადამიანს არ დაეძინა 8 ოქტომბრის ღამეს, არ დაეძინება დღეს და კიდევ დიდი ხანი, სანამ ბათუმში მომხდარი ტრაგედია მედიის ყურადღების ცენტრშია.

მედია რომ დაივიწყებს ამ ამბავს მერე, ალბათ, ჩვენც დაგვავიწყდება, თვალსაც მოვხუჭავთ და ცოტა ხანში ისევ გავაგრძელებთ ისეთი სისულელეების კეთებას, როგორიც, მაგალითად, შვიდ სართულიანი კორპუსისთვის საყრდენი კედლის მონგრევაა.

არადა პრობლემა 8 ოქტომბერს არ გამოჩენილა. საფრთხე, რომ ნებისმიერი ჩვენგანის საცხოვრებელი შეიძლება ჩამოიქცეს, დიდი ხანია არსებობს. საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი კორპუსი, სადაც რომელიმე (თუ არა რამდენიმე) მაცხოვრებელი უკანონო მიშენებას ან უნებართვო მონგრევას არ ახორციელებს.

ამის დასტურად სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც შემიძლია მოვიყვანო:

რომელიმე ნორმალური ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება ანეგდოტადად მოეჩვენოს, იმის შიშით ვერ დაძინება, რომ ქვედა მეზობელმა შესაძლოა, კედელთან ერთად, იატაკიც გამოგაცალოს, თუმცა პრობლემა სახეზეა.

სწორედ ქვედა მეზობლის დაუდევრობას შეეწირა ექვს კაციანი ოჯახის ოთხი წევრის და კიდევ ათამდე ადამიანის სიცოცხლე, რომელებიც 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სადარბაზოში ცხოვრობდნენ, - ყოველ შემთხვევაში ასე ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების განმარტებით, მათ დააკავეს 3 პირი, რომელებიც კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ბინის მეპატრონეა, ხოლო ორი დაკავებული კი დაქირავებული მუშა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მეპატრონის მითითებით, მუშებმა უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით განახორციელეს სამუშაოები, რამაც კორპუსის მთლიანი სადარბაზოს ჩამოშლა გამოიწვია.

მუშებმა სახლის საყრდენი კედელი გამოანგრეს და ამგვარი დაუდევრობით შეძლეს, რომ ერთ დღეში რამდენიმე ოჯახი გაეუბედურებინათ და მთლიანი საქართველოსთვის კიდევ ერთი გლოვის დღე დაემატებინათ.

11 ოქტომბერი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, გლოვის დღედ გამოცხადდა. თითქოს, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ყოველდღიური დატირება არ გვეყოფოდა, ახლა კორპუსის ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ცხედრებიც უნდა ვითვალოთ. 

ფაქტია, რომ ამ ამბავში დამნაშავე მხოლოდ ბინის პატრონი და მუშები ვერ იქნებიან, რადგან პრობლემა სისტემურია და იგი მთელ საქართველოშია მოდებული. კითხები აჭარის მთავრობის მიმართაც ჩნდება. მაგალითად, უცნობია, ჰქონდა თუ არა ბინის პატრონს სამუშაოების ჩატარების უფლება, თუ არ ჰქონდა, რას აკეთებდა ამ დროს ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც სწორედ ამგვარი ინციდენტების აღმოსაფხვრელად ვუხდით გადასახადებიდან თანხას ჩვენც და ის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებიც. Მოკლედ, კითხვები ბევრია, თუმცა, პასუხები არ გვაქვს.

ხოდა, ამ ყველაფრის შემყურე კორპუსის მაცხოვრებლებო, სანამ დაძინებას გადაწყვეტთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ თქვენს მეზობლებს ცალი თვალით მაინც გადახედოთ, რომელიმე მათგანს თავისი ოთახის გრანდიოზულად გაფართოების გეგმა არ ჰქონდეს შემუშავებული. აბა როგორც ჩანს, ხელისუფლებას დიდად არც აინტერესებს ეს პრობლემა და თქვენივე თავს სხვა ვინ მიხედავს თქვენზე უკეთესად.

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი