flash

ავტორი Tamta

08.11.2019 15:17

ვადასტურებ, რომ ვარ 18 წლის ან მეტის - როგორ უნდა დარეგულირდეს სათამაშო ბიზნესი?

ვადასტურებ, რომ ვარ 18 წლის ან მეტის - როგორ უნდა დარეგულირდეს სათამაშო ბიზნესი?

“მე ნუ ჩამწერ, მაგრამ ერთს გეტყვი, კაზინო პრობლემა იმდენად არაა, “ხელზე გამაზვაზე” დაწერე.” - მითხრა ერთ-ერთმა რესპოდენტმა ქუჩის გამოკითხვაზე აზარტული თამაშების შესახებ. მერე ისიც მოაყოლა, რომ კაზინოების მოგება გამომეთვალა. 

აზარტული თამაშების საკითხი ჩვენს საზოგადოებაში ერთმა სამწუხარო მოვლენამ წამოწია წინ - ახალგაზრდის თვითმკვლელობის შემდეგ მოქალაქეებმა გარშემო მიმოიხედეს და აღმოაჩინეს, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, “რულეტკის”, ჯეკპოტის, ნარდის, სეკას და ბურას რეკლამა გხვდება. 

“აეროპორტში ბოლოს როდის იყავი?! ჩემოდნები “რულეტკაზე” ჩამოდის.” - მითხრა მეგობარმა, - “იმას ვხუმრობდით, წითელზე ჩამოვიდოდა თუ შავზე.”

ფილმის ნახვა თუ გინდა, აჭარანეთზე შედიხარ, დიმიტრი ობოლაძის ხმა ადრე ჩემპიონთა ლიგასთან თუ ასოცირდებოდა, ახლა ლიდერბეთის გათამაშება გახსენდება. მეტიც, გასულ წელს მთლიანი კერძო სექტორის ბრუნვის 16% სწორედ ამ სფეროში იყო, ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე 10 კომპანიიდან კი 5 იყო დაკავებული სათამაშო ბიზნესით. 

ამ ფონზე ლუდომანია, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, მენტალურ დარღვევადაა აღიარებული. ორგანიზაციში “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” აცხადებენ, რომ ამ მიზეზით, ივლისიდან მოყოლებული 17 თვითმკვლელობა მოხდა. 

1 ნოემბერს საზოგადოების ნაწილი კანცელარისთან შეიკრიბა და სახელმწიფოს აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირება მოსთხოვა. აქციის ორგანიზატორებმა სამი მოთხოვნა გააჟღერეს: ონლაინ და სახმელეთო კაზინოებში ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე აწევა; კაზინოების სპეციალურად გამოყოფილ ზონებში გადატანა და სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვა. 

რეფორმის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ ასეთი ტიპის მოთხოვნები არარელევანტურია. მაგალითად, სადავოა, ვინ და როგორ უნდა განსაზღვროს ზუსტად სად განთავსდება კაზინოები; ან რატომ არის ასაკობრივი ბარიერი 25 წელი, მაშინ, როდესაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლსეობაში ეს ზღვარი 18 ან 21 წელია. 

გარდა ამისა, როგორც გამოკითხვის რესპოდენტმა  მიგვანიშნა, მთავარი სირთულე აქ ე.წ. “ხელზე გამაზვის” აღმოფხვრაა - ასეთ შემთხვევაში მოთამაშეს არა ოფიციალურ დაწესებულებასთან, არამედ საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის პიროვნებებთან აქვს შეხება და ვალის დაბრუნებაც მათთვის უწევს. უხეშად რომ ვთქვათ, მევალე მას “მოსაკლავად დასდევს,” სახელმწიფოს კი ამ ყველაფრის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია. 

პრობლემურია რეკლამის განთავსების საკითხიც - რეკლამის აკრძალვა დააზარალებს იმ კომპანიებს, რომლებსაც კაზინოებთან ხელშეკრულებები აქვთ. გარდა ამისა, “გირჩის  წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ტვ პირველთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ  რეკლამის აკრძალვა ამ სფეროში მხოლოდ მცირე კომპანიებს დააზარალებს. მისი თქმით, ისეთ ცნობად სახელებს, როგორიც, “აჭარაბეთი” ან “ლიდერბეთია”, რეკლამის აკრძალვა არაფერს დააკლებს, მცირე კომპანიები კი ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ვეღარ მოახერხებენ. 

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ცხადია, რომ სათამაშო ბიზნესს გარკვეული სახის რეგულაციები ნამდვილად სჭირდება. “მაზავშიკებს” სახელმწიფო დღეს ვერ გააკონტროლებს, ვერც ზრდასრულ ადამიანებს აუკრძალავს გადაწვეტილებების მიღება.  თუმცა, მინიმუმ, იმის უზრუნველყოფა მაინც აუცილებელია, რომ არასრუწლოვანები კაზინოში ვერ მოხვდნენ და ვერც ონლაინ-სამორინეებში მოახერხონ დარეგისტრირება. კვლევის თანახმად, საერთო ჯამში გამოკითხული სკოლის მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს 18 წლამდე მოზარდებისთვის აზარტულ თაშებთან შეხებას.” 

ეს გასაკვირი არაა, რადგან მე თვითონ ინტერესის გამო შევქმენი ონლაინ ანგარიში მაშინ, როცა სკოლაში ვსწავლობდი და ეს ანგარიში “აჭარაბეთის” მონაცემთა ბაზაში დღემდე არსებობს. 

 

*ილუსტრაცია: The Express

Leo

Leo

პრობლემა უმუშევრობაშია. ესაა მთავარი ამ შემთხვევაში. ახალგაზრდები ვერ მუშაობენ, თავიანთ შესაძლებლობებს ვერ იყენებენ ამ ქვეყანაში და ასე უქმად მყოფი მოზარდი ბუნებრივია თამაშის ცდუნებას ვერ უძლებს. განვითარებულ ქვეყნებში რატომ არ არის მოთამაშეების ამხელა პროცენტი? იმიტომ, რომ იქ ახალგაზრდებს და ზოგადად ხალხს არჩევანი აქვს. სამუშაო ადგილები, სპორტი და ათასი რამ. ქვეყანას უნდა მიეხედოს, ესაა მთავარი. სტუდენტების უდიდესი ნაწილი სწავლას ასრულებს და აღარ იცის მერე რა ქნას. სახელმწიფოს არ სჭირდება ისინი და როცა თავს უსარგებლოდ გრძნობ, ან ვქეყნიდან მიდიხარ, ან მსგავსი რაღაცებით ცდუნდები. გემბლინგის რეკლამებს რაც შეეხება, რეგულაციები ამ მხრივ გაჭირდება, თუმცა ოდნავ უნდა შემცირდეს, ყველგან მაგათი ბანერებია. ნუ ის ცალსახაა, რომ 18 წლამდე ადამიანი კაზინოში არ უნდა შეუშვა. ამის გაკონტროლება შეიძლება, თუმცა ონლაინში მოზარდებს დღეს ვერავინ გააკონტროლებს იმიტომ, რომ 2019 წელია და ინტერნეტი უკონტროლო სივრცეა.

11.11.2019 10:35

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი