flash

ავტორი სალომე ხაჟომია

12.10.2021 19:45

როგორ ვმართოთ აგრესიული ქცევა ბავშვებში

ბავშვები

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

ალბათ ბევრჯერ გაგვიგია ტერმინი ,,აგრესიული ქცევა'', თუმცა, ხშირ შემთხვევაში,ზუსტად არ ვიცით რას ნიშნავს ის, ან როგორ გამოიხატება. აგრესიული ქცევა ბავშვებში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს და ხშირია მისი გამოვლენის შემთხვევები. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რა არის აგრესიული ქცევა, როგორაა შესაძლებელი მისი ამოცნობა და მართვა, ჩვენ გავესაუბრეთ ფსიქოლოგს, ნათია კუჭუხიძეს.   

რა არის აგრესიული ქცვევა

აგრესია გარკვეული ქცევების ერთობლიობაა, რომელიც დაკავშირებულია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვისთვის ზიანის მიყენებასთან. ბავშვებში აგრესიულ ქცევას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდეს, მათ შორის ყურადღების მოთხოვნა, სასურველ ნივთზე ხელმისაწვდომობა, უინტერესო დავალების არშესრულების სურვილი.

აგრესიას იყენებენ სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, მრისხანების ან მტრული დამოკიდებულების გამოსახატად, დასაშინებლად ან მიზნის მისაღწევად.  აგრესია შესაძლოა შიშზე ან ტკივილზე რეაქცია იყოს, ან გამოიყენებოდეს კონკურენციისას. ძირითადად ასხვავებენ ოთხი სახის აგრესიას, ესენია: ფიზიკური, მენტალური, ემოციური და ვერბალური.

ფიზიკური აგრესია - აგრესიული ქცევა, რომლითაც ადამიანი ფიზიკურად აზიანებს საკუთარ თავს ან სხვას, მაგ.: ურტყამს, კბენს, იარაღს იყენებს, წიხლებს ურტყამს და ა.შ.

მენტალური აგრესია - აგრესიული ქცევა, რომელიც იწვევს ვინმეს ფსიქიკურ დაზიანებას, შფოთვას, სტრესს ან დეპრესიას და სხვ..

ემოციური აგრესია - აგრესიული ქცევა, რომელიც ემოციურად ისე აზიანებს ვინმეს, რომ ის იძულებულია იბრძოლოს თვითგამოხატვისთვის.  

ვერბალური აგრესია - აგრესიული ქცევა, როდესაც ერთი ადამიანის სიტყვები მიმართულია სხვა ადამიანის თვითრწმენის შემცირებისკენ. (აგრესიული ქცევა, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანის სიტყვიერ დამცირებას.)

აგრესიულ ქცევას შესაბამისი სირთულეები მოყვება, რის დაძლევისთვისაც სპეციალური თერაპიაა საჭირო. საქართველოს რეგიონებში რამდენიმე წელია შესაბამისი პროფილის ცენტრები გაიხსნა, სადაც ქცევითი თერაპიაზეა დაფუძნებული მკურნალობა. კვლევები მხარს უჭერს აგრესიული ქცევის მართვის დროს პოზიტიური ჩარევების გამოყენებას. 

როგორ ამოვიცნოთ აგრესიული ქცევა

ზოგჯერ ბავშვის აგრესიული ქცევა შესაძლოა იყოს ნორმალური რეაგირება არანორმალურ გარემოებებზე. განსაკუთრებით ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არ გამოგვრჩეს ბავშვზე ძალადობის შემთხვევა, იქნება ეს ფიზიკური/ ფსიქოლოგიური ძალადობა გარშემომყოფების მხრიდან, თუ ბულინგი თანატოლთა მხრიდან, რომელიც ხშირად ბავშვის აგრესიული ქცევთ ვლინდება.  ბავშვის აგრესიული ქცევა შესაძლოა ჩაითვალოს ნორმალურ ქცევად, როდესაც ბავშვი მცირეწლოვანია და ჯერ არ უსწავლია საკუთარ ფრუსტრაციასთან გამკლავება, ან მოზარდია, რომელიც მიმართავს აგრესიულ ქცევას, რადგან ვერ მართავს საკუთარ ემოციებს, არ აქვს დასწავლილი ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები, არ იცის კონფლიქტების  კონსტრუქციული მართვა. თუმცა თუ აგრესიული ქცევის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იმატებს, მაშინ აუცილებელია მივმართოთ პროფესიონალს, პრობლემაში გასარკვევად და დახმარებისთვის.

ბავშვებში აგრესიის გამოვლენა უკავშირდება როგორც სხვადასხვა ფსიქიკურ მდგომარეობას, ასევე სამედიცინო პრობლემებს, და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს. 

ყველაზე გავრცელებული პრობლემის, ჰიპერაქტივობის და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვების ქცევა ხშირად აღიქმება, როგორც აგრესიული, სასტიკი და მავნებლური, თუმცა ისინი, მათი პრობლემიდან გამომდინარე, უბრალოდ არ ფიქრობენ საკუთარი ქცევის შედეგებზე. ქცევითი აშლილობების დროს, აგრესიული ქცევა არის პრობლემის ძირითადი მდგენელი, და აგრესიაც მიზანმიმართული და წინასწარ განზრახულია, იმ შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც ბავშვები უბრალოდ არ ფიქრობენ შედეგებზე. ამ პრობლემის მართვის ტაქტიკაც განსხვავებულია;

ბავშვს შეიძლება ჯერ არ ჰქონდეს ჩამოყალიბებული ემოციური პრობლემები, მაგრამ ხშირი და განმეორებითი აგრესიული ქცევა უკვე მიუთითებს მათი ჩამოყალიბების მაღალ რისკზე. რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება ბავშვის „აგრესიული ქცევის“ აღმოჩენა და ანალიზი პროფესიონალების დახმარებით, მით უფრო მარტივია შემდგომ ამ ქცევასთან გამკლავება, რადგან ოჯახის წევრებისთვის ადრეული ასაკიდანვე ცნობილია არსებული სირთულეები და დახმარების გზები, რაც ამ ქცევის გამყარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

როგორ ვმართოთ აგრესიული ქცევა

აგრესიული ქცევის შესწავლა და მისი მართვა რეალურია. ბავშვის ქცევის შესწავლის დროს აუცილებელია იმ წინაპირობაზე დაფიქრება, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის კონკრეტული აგრესიული ქცევა მასში. კვლევების თანახმად, აგრესიული ქცევის მართვაზე ყველაზე კარგად მოქმედებს ქცევითი თერაპია, რომელიც ქცევის გამოყენებით ანალიზს ეფუძნება. ეს ანალიზი შეისწავლის ფაქტორებს, რაც შემდგომ ადამიანების ქცევის ჩამოყალიბებას განაპირობებს.

ბავშვობაში ტვინი სტრუქტურულად და ფუნქციურად ვითარდება. ბავშვის მიერ აგრესიის მართვას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ესენია: ტვინის შემაკავებელი ფუნქციების გააქტიურება (რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდება ნორმაში); მშობლის მხრიდან კონსტრუქციული რეაგირების უნარი; იმ საზოგადოების თანმიმდევრული და არაძალადობივი ფუნქციონირება, რომელშიც ბავშვი იზრდება. ბავშვის ქცევის გასაანალიზებლად, ჯერ უნდა დავფიქრდეთ, რა ასაკისაა ბავშვი, როგორ ქცევას ვეძახით ამ ასაკში „აგრესიულს“ და რა სიხშირითა და ინტენსივობით ვლინდება ეს ქცევა, ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

იმისთვის, რომ მშობლები საკუთარ შვილებს აგრესიის მართვაში დაეხმარონ, მათ უპირველეს ყოვლისა უნდა შეეძლოთ საკუთარი ემოციების მართვა, რათა მოახერხონ გამიჯვნა საკუთარი და ბავშვის ემოციების, შესაბამისად უკეთ შეძლებენ არ აყვნენ ბავშვის აგრესიულ ქცევას, შეძლებენ უკეთ დააკვირდნენ ქცევას და იმოქმედონ აქ და ამჟამად რეჟიმში, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მშობლებს ჰქონდეთ წარმოდგენა ბავშვის განვითარების ძირითად ეტაპებსა და კრიზისებზე, რათა უნებურად, ასაკთან შეუსაბამო მოთხოვნებით არ გახდნენ დამატებითი ფრუსტრაციის წყარო ბავშვებისთვის და ხელი არ შეუწყონ აგრესიულ ქცევას. ასევე მნიშვნელოვანია, მშობლებმა დაისწავლონ ან გაიუმჯობესონ ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები, ხმის ტემბრის რეგულირება, ასერტული კომუნიკაცია, ისწავლონ კონფლიქტების კონსტრუქციული მართვა, რაც ძალიან დაეხმარებათ ბავშვების აგრესიული ქცევის მართვისას.

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი