flash

ავტორი Irina

24.07.2020 19:50

სად დადის კორონავირუსი?

კორონავირუსი

ილუტრაცია: მარიამ ყანჩაველი

 

“მათე, მოდი ხიდზე სურათი გადავიღოთ!!” - დარწმუნებული ვარ, ეს უკვე ორმოცდამეშვიდე სურათია, რომელიც მათემ და დედამისმა დენდროლოგიურ პარკში გადაიღეს. არ ვუთვლი, ღმერთმა შეარგოთ, თუმცა, საცობს კი ქმნიან. თან, ხედის მაგივრად მაინც ვიღაცების თავები გამოჩნდება. 

პარკის შესასვლელში ნაგავი ყრია. ბევრი და სხვადასხვანაირი - სანამ მოვიდოდით, ბროშურა ყველას სჭირდებოდა, არაფერი რომ არ გამორჩენოდათ, მერე კი დახიეს და იქვე დაყარეს. წყლის ბოთლებიც შემოუწყვეს გვერდით. კი, ბუნებას უხდება. 

ლემური არასდროს მინახავს. ახლა ვნახე. ცდილობდა, ხის ფოთოლს მიწვდენოდა, მაგრამ გალიის გისოსი უშლიდა ხელს. თუთიყუშები ვერ ვნახე, იმალებოდნენ. ისინიც გალიაში. სულ “ჰარი პოტერი და ფისლოსოფიური ქვა მახსენდება” - გველს რომ ელაპარაკება ჰარი ტერაიუმში. გისოსების გაქრობა მაინც შემეძლოს გაბრაზებულზე. 

მიხვდებოდით, გალიები რომ არ მიყვარს. სამაგიეროდ, ბაღები მიყვარს და სეირნობა.მაგრამ თურმე ამისთვის ძალიან ცუდი დრო ავარჩიე  - დენდროპარკამდე მისასვლელას მონდომებულმა საზოგადოებამ ორმხირივი გზა ცალხრივად აქცია და ისე გაჭედა, თავი ჰოლივუდის პოკალიპტურ ფილმში მეგონა. რიგის დაცვაში, მოლაპარაკებასა და გზის დათმობაში ქართველი ერი ძლიერი არასდროს ვყოფილვართ, ამიტომ თქვენთვისაც ადვილი წარმოსადგენი იქნება, იქ რა ხდებოდა. პარკამდე ფეხით მივედით. კი, თავს საკმაოდ უხერულად ვგრძნობდი, თუმცა, დიდგორის ტრადიციის დაცვით, უკან დასაბრუნებელი გზა საგულდაგულოდ ჩახერგილი იყო. 

არ გეგონოთ, რომ ხეებს ვერჩი. არანაირად. ბაბუაჩემი მეტყევე იყო და ადრევე მასწავლა, რომ ხე ცოცხალია. მეტიც, მისგან ბევრი რამის გაგება და შეგრძნება შეიძლება - ხეს მხოლოდ ფოტოსთვის არასდროს ეხუტები, მასთან შეხება რაღაცას გიზიარებს, ისეთს, აქამდე რომ არ იცოდი. ამიტომ, ხეებს არ ვერჩი. მათ გადატანა-გადმოტანას - კი. მე მჯერა, რომ სადაც დარგეს და გაიხარა, ხე იქ უნდა იყოს. თუმცა, მესმის, ბოტანიკური ბაღები სხვანაირად არ კეთდება. მე სხვა რამეს ვერჩი - მათეს, დედამისს, საკუთარ თავს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ხის სანახავად პარკის შიგნით და გარეთ საცობი შექმნა. 

 

რატომ? იმიტომ, რომ კორონავირუსია. ოღონდ, რატომღაც, ყველგან არა. აი, დენდროპარკში არ არის -  სადაც ფლამინგოა სანახავი, იქ ვირუსს არაფერი ესაქმება. არც თბილისის ერთ-ერთ სკვერში არ არის - იქ ქვეყნის მეთაური და ექიმების არმადა იყო, კორონავირუსი შესვლას გაბედავდა? 

სხვაგან, ან გაგიმართლებს ან არა. მაგალითად, ერთი კვირის წინ, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვიყავი. სცენასთან ახლოს ვიდექი და ვოკალისტთან ერთად გავკიოდი სიმღერის ტექსტს. ვირუსი არ შემინიშნავს. თუმცა, სხვაგან, მთაწმინდის ფერდობზე, ან ბარში, სადაც თითო ჭიქა დავლიეთ და სამაგიდო თამაში გავშალეთ, ვირუსი მძვინვარებს. მის მოთოკვას კი  მხოლოდ 10 ათასი ლარით მოახერხებთ. 

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, შაბათ-კვირას ლისზე რომ ავიდე, იქ იქნება ვირუსი? თუ ინდი-როკს არ უსმენს და მარტო ელექტონულ მუსიკას ეტანება? ამბობენ, მაჟორიტარების წარდენაზე მისვლა დაეზარა,  მაგრამ მზესუმზირაზე ნახეს, მაგრად ერთობოდაო. რას გაიგებ.

მე მართლა ვერ გავიგე. ალბათ ვერც მათემ და დედამისმა. თუმცა, შეიძლება ამაზე არც უფიქრიათ, ხიდზე სურათი იყო გადასაღები - მჯერა, ფონზე სიმწვანის ნაცვლად, ვიღაცების დასიცხული თავები გამოჩნდა.

სახელი

კომენტარის დამატება