flash

ავტორი ამბებს მიღმა

24.08.2020 17:45

საწამლავი - რუსეთის საყვარელი იარაღი

საწამლავი - პუტინის იარაღი

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

 

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი კომაშია. გავრცელებული ვერსიით, ის მოწამლეს, თუმცა, სახელმწიფოს წარმომადგენლები ამას უარყოფენ და ჯერ-ჯერობით, ოფიციალურ კომენტარსაც არ აკეთებენ. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთის სპეც-სამსახურს ადამიანების მოწამვლაში ადანაშაულებენ  -  უკვე რამდენჯერმე დადასტურდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ისევე ხიბლავს საწამლავი, როგორც, თავის დროზე,  საბჭოთა ბელადებს. ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომ яблоко от яблони недалеко падает, ანუ, კვიცი გვარზე ხტის. 

ჩვენც, არ დავიზარებთ და შეგახსენებთ, ვის გაუსწორდა ჯერ საბჭოეთის, მერე კი რუსეთის ხელისუფლება. იმასაც მოგიყვებით, შუა საუკუნეებში აპრობირებული რომელი  მეთოდი გამოიყენა. 

მოწამლული ქოლგა

ეს ამბავი 1978 წელს, ლონდონში მოხდა. ბულგარელი დისიდენტი მწერალი, გეორგი მარკოვი სამსახურში მიდიოდა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე მის უკან მომავალი უცნობი დაეჯახა და ქოლგის წვეტით ფეხში უჩხვლიტა. ბოდიშის მოხდის ნაცვლად, უცნობი ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა. იმავე საღამოს მარკოვი ცუდად გახდა. 

“ამბობდა, რომ სამი თვის წინ გააფრთხილეს, სიფრთხილე გამოეჩინა” - ყვება ექიმი, რომელიც ჟურნალისტის გადარჩენას ცდილობდა. - “დარწმუნებული იყო, რომ კგბ-მ მოწამლა.” 

ლონდონში ჩატარებულმა გაკვეთამ აჩვენა, რომ მარკოვი საწამლავმა რიცინმა მოკლა. წლების შემდეგ, კგბ-ს ყოფილმა გენერალმა, იგორ კალიუგინმა აღიარა, რომ ავტორის მკვლელობა შეკვეთილი იყო, თუმცა,მომხდარის გამო  დღემდე არავინ დასჯილა. 

პოლონიუმი 

კგბ-ს სამართამემკვიდრის, ფსბ-ს ყოფილი აგენტი ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წელს უკვე ბრიტანეთის მოქალალაქე იყო და კრემლს ღიად აკრიტიკებდა. იმავე წლის ნოემბერში ლიტვინენკო ორ სხვა ყოფილ აგენტს შეხვდა ჩაის დასალევად. მალევე, ლიტვინენკოს  ღებინება დაეწყო. საავადმყოფოში მისი დახმარება ვერ შეძლეს - ლიტვინენკოს ორგანიზმში მომწამვლელი პოლონიუმი აღმოჩნდა, რომელმაც მისი სიცოცხლე რამდენიმე დღეში შეიწირა. 

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ყოფილი აგენტი  ყვებოდა, რომ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეს იკვლევდა. ამ საკითხის წინ წამოწევა კი რუსეთს არაფერში აწყობდა. 

ერთი ჭიქა ჩაი 

ანა პოლიტკოვსკაიას იმავე 2006-ში  საკუთარი სახლის ლიფტში ესროლეს - იმ ჟურნალისის საქმიანობა, რომელიც აქტიურად აშუქებდა რუსეთის ქმედებებს ჩეჩნეთში, კრემლისთის ცალსახად მიუღებელი იყო. 

ცოტა ხნით ადრე, 2004 წლის პირველ სექტემბერს ბესლანის სკოლის ალყა დაწყო. ანა პოლიტკოვსკაია ტეროსიტებთან მოლარაკებებში უნდა ჩართულიყო და ბესლანისკენ მიფრინავდა, თუმცა, თვითმფირნავში შეუძლოდ გახდა. 

პოლიტკოვსკაია თავისივე  სტატიაში იხსენებს მომენტს, როდესაც საავადმყოფოში გაეღვიძა. 

“საყვარელო, მათ შენი მოწამლვა სცადეს.” - უთხრა მას მედდამ. 

საწამლავმა ვერ გაამართლა, ამიტომ 2006-ში ჟურნალისტის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. 

ორი ცდა

რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზას საეჭვო სიმპტომები პირველად 2015 წელს დაეწყო. 

“კარგად ვგრძნობდი თავს, მერე კი, 20 წუთში გულისცემა გამიხშირდა, მაღალი წნევა მქონდა და ღებინება დამეწყო. საბოლოოდ, გონება დავკარგე.” - იხსენებდა პოლიტიკოსი 2016 წელს. ექიმებმა უთხრეს, რომ ის მოწამლეს.

2017 წელს მას იგივე რამ დაემართა. როგორც ყვება, მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე, რადგან იდენტური სიმპტომები დაეწყო. 

ვლადიმირ კარა-მურზას ადვოკატმა რუსეთის ხელისფლებას გაუგზავნა მოთხოვნა, დაეწყოთ გამოძიება მოწამვლის მცდელობაზე. გამოძიება დღემდე არ დაწყებულა.

ნავიჩოკი

ეს შემთხვევა ისევ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა და ყოფილ აგენტს უკავშირდება. ამჯერად, სპეც-სამსახურებმა სამიზნედ სერგეი სკრიპალი ამოიღეს. 

2018 წლის მარტში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია შეუძლოდ გახდნენ, ქალაქ სეილსბურის პარკში. მათ გაუმართლათ, რადგან ახლომახლო ექიმი და მედდა აღმოჩდნენ. საავადმყოფოში დადგინდა, რომ სერგეისა და იულიას ორგანიზმში ძლიერი ნერვული აგენტი იყო შეყვანილი - “ნავიჩოკი,” რომელიც რუსეთშია წარმოებული. 

სკრიპალების საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული, ყოფილი აგენტი და მისი შვილი კი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში, შეცვლილი სახელებით იმყოფებიან. 

მეტალის გემო

ბოლოსთვის, ალბათ ყველაზე კარგად ნაცნობი ისტორია შემოგინახეთ - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო 2004 წელს მოწამლეს, როცა არჩენების პერიოდში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მეუღლეს შეხვდა. საარჩევნო კამპანიის დროს არსებობდა მოლოდინი, რომ იუშენკოს თავს დაესხმებოდნენ, ამიტომ მის საკვებს წინასწარ ამოწმებდნენ ხოლმე. ამჯერად, იუშენკო სიფთხილის გარეშე მივიდა ძველ ნაცნობებთან შეხვედრაზე. სახლში დაბრუნებულმა მეუღლეს აკოცა და ასეთი სიტყვები მოისმინა:

“ტუჩებზე მეტალის გემო გაქვს.” 

იუშენკოს მდგომარეობა მალე გაუარესდა და ის ავსტრიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. გაირკვა, მის საკვებში მომწამლავი ნივთიერება დიოქსინი იყო შერეული. 

ამ შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა იუშენკოს ჯანრთელობის მდგომარეობა და გარეგნობა, თუმცა, მან მაინც მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და გაიმარჯვა კიდეც. 

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი ლიკვიდაციის ბრძანება პირადად  პირადად ვლადიმერ პუტინმა გასცა, იუშენკომ ჟურნალისტს ასე უპასუხა

“მე მაქვს პასუხი, მაგრამ არ შემიძლია მისი გახმოვანება.”

იუშენკოს ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა, მაგრამ მომხდარიდან 16 წლის შემდეგაც მისი მოწამვლის საქმე გამოძიებული არ არის.


ირკვევა, რომ რუსული თამაში საწამლავით ყოველთვის წარმატებული არ არის - არის შანსი, რომ ალექსეი ავალნის საქმე ისე არ განვითარდეს, როგორც ეს კრემლში სურთ. როგორც არ უნდა იყოს, ერთი კითხვა მაინც რჩება - რამდენად არის 21-ე საუკუნის პოლიტიკაში მოწამლული ქოლგების, სასმისების და ბრინჯის ადგილი? ვეჭვობთ, ვლადიმირ პუტინს ამ კითხვაზე ძალიან კონკრეტული პასუხი აქვს.

 

*ილუსტრაციები: Getty Images; BBC; The Guardian; CNN

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი