flash

ავტორი Tamta

25.10.2019 17:45

საუბრები ამბებს მიღმა სასულიერო პირებთან

საუბრები ამბებს მიღმა სასულიერო პირებთან

24 ოქტომბერს, სასტუმრო მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, მორიგი ცოცხალი დისკუსია გაიმართა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი მსგავსი ფორმატის შეხვედრა საქართველოში.

ამჯერად, ამბებს მიღმა სასაუბროდ, სასულიერო პირები და ჩვენი ერთგული მკითხველები შეიკრიბნენ. 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან თანამშრომლობით მოწყობილ შეხვედრაზე, კითვა-პასუხის რეჟიმში ღიად, კონსტრუქციულად, უშუალოდ მოხდა ისეთი საკითხებზე მსჯელობა, რაც დიდი ხანია საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს. 

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ლეგიტიმაციითაა. ეს სამსახური მთლიანად საქართველოს ეკლესიის პოზიციას წარმოადგენს, თუმცაღა, ჩვენ ასევე ვართ მღვდლები, რომლებსაც ჩვენი კონკრეტული პოზიცია გაგვაჩნია კონკრეტულ საკუთხებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ იქნება როგორც ოფიციალური პოზიცია, ასევე პირადი მოსაზრება” - სწორედ ასე გახსნა დისკუსია მამა გურამმა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ. 

დისკუსიის მსვლელობისას, განსაკუთრებული ინტერესი ეკლესიაში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. ეს პრობლემები შეეხება როგორც რიგ მაღალმთიან სოფლებში, ძველ ეკლესიებში ღვთისმსახურების აღსრულების სირთულეებს, ასევე, რეგიონებში მღვდლების ნაკლებობას, გარკვეულ ეკლესიებში, სხვადასხვა ღვთისმსახურების აღსრულებისათვის დაწესებულ ტარიფებს, “მამაოებს და ჯიპებს”, რაც საზოგადოებაში ეკლესიის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას უფრო მეტად ამძაფრებს. 

ერთ-ერთი პრობლემური საკითხი საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტაძრებში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რაც უმეტეს შემთხვევაში, ძეგლის კულტურულ ღირებულებას აზიანებს. 

თუმცა, ზოგადად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დღესდღეობით, ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებას და ეკლესიას შორის არსებული ნაპრალია, რომლის აღმოფხვრაზეც, თანაბრად უნდა იზრუნოს როგორც ეკლესიამ, ასევე, საზოგადოებამ. ეს შეხვედრაც, სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა.

ასევე, დისკუსიაზე დიდი დრო დაეთმო უკრაინის ავტოკეფალიის  შესახებ მსჯელობას. სასულიერო პირების მხრიდან ცალსახად დაფიქსირდა აზრი, რომ უკრაინა იმსახურებს ავტოკეფალიას, თუმცა, ამ საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება, სასურველია, ნაჩქარევად არ იყოს მიღებული, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არ მოხდეს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მამაოების მოსაზრება თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის იმის გაცნობიერება, რომ როგორც არ უნდა წარიმართოს მათი ცხოვრებისეული ძიებები, ეკლესია ყოველთვის ღიაა მათთვის. ამ დროს მნიშვნელოვანია სტერეოტიპებისა და შტამპებისგან ახალგაზრდების გათავისუფლება და ეკლესიის, როგორც მათ თანამოაზრედ აღქმა.

მთლიანობაში, დისკუსიის ოფიციალური ნაწილი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. იყო კითხვები, რასაც ბოლომდე გაეცა პასუხები. ისეთი კითხვებიც დაიბადა, რაზეც ამ ფორმატში საუბარი ვერ მოხერხდებოდა, რადგან გაცილებით ღრმა და საფუძვლიან ახსნას მოითხოვს. იყო აღმოჩენებიც, როგორიცაა მოწვეული სასულიერო პირების საფეხბურთო წარსული, მათი გატაცება თანამედროვე მუსიკით… 

საერთო ჯამში, მთლიანი პროცესი სწორედ ისეთი ღია, უშუალო და კონსტრუქციული აღმოჩნდა, როგორი მოლოდინიც თავიდანვე ჰქონდა ორივე მხარეს. შეხვედრის ბოლოს მამაოებმა ისიც კი აღნიშნეს, რომ გაცილებით პროვოკაციული კითხვებისთვის იყვნენ მომზადებულები, თუმცა, ეს დიალოგის მხოლოდ დასაწყისია. კიდევ არაერთი კითხვა დარჩა დასასმელი, რისი შესაძლებლობაც აუცილებლად ექნებათ ჩვენს მკითხველებს. 

მანამდე კი, გამოგვყევით ამბებს მიღმა, და აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე მრავალფეროვანი და მოულოდნელი პასუხები.         

 

 


 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი