flash

ავტორი Sandro

15.07.2020 19:03

სიყვარულით რუსეთიდან - რას აკეთებს პროპაგანდა?

საზოგადოების სუსტი წერტილების პოვნა და ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაჭერა - მკვლევარების თქმით, სწორედ ასე მოქმედებს რუსული პროპაგანდა. მისი შედეგები თან შთამბეჭდავია, თან ძალიან სახიფათო, რადგან დიდი ტყუილები პატარაზე გაცილებით დამაჯერებლად ჟღერს.

 

“სახეში გალაწუნება”

30 ივნისს ლატვიამ მის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხის, “Russia Today-ს” მაუწყებლობა აკრძალა. ფორმალური მიზეზი ასეთია - ამ არხების ქსელის მფლობელი დიმიტრი კისილოვია, რომელსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. ამასთანავე, “Russia Today” ლატვიას “არშემდგარ სახელმწიფოდ” მოიხსენიებდა. 

ლატვიის ელეტრონული მედიის ეროვნული საბჭოს (NEPLP) თავმჯდომარე, ივარშ აბოლინში აცხადებს: “მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მეტად დამაჯერებელია. ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის მარეგულირებლებს, მოგვბაძონ და RT-ს მაუწყებლობა სხვა ქვეყნებშიც აკრძალონ. მსგავსი გადაცემების ადგილი არაა არც ლატვიაში, და არც მთლიანად ევროკავშრიში”. აღსანიშნავია, რომ შარშან ლატვიამ მის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერალური ტელეარხების მაუწყებლობაც აკრძალა.

ევროპელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ რუსული პროპაგანდა არსებობს. ევროპარლამენტი რუსეთს “დეზინფორმაციის მთავარ წყაროდ” მოიხსენიებს. თუმცა ქვეყნების დიდი ნაწილი რადიკალურ მიდგომას მაინც არ იზიარებს. ისინი ცენზურის პოტენციურ საფრთხეებს საუბრობენ და მათი აზრით, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მოქნილი ხერხებითაა საჭირო. ექსპერტების ფიქრობენ, რომ სწორედ ამ “მოქნილობის” წყალობით, ევროკავშირი პროპაგანდის მიმართ უფრო მოწყვლადი ხდება. 

ჩეხეთში “ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევითი ლაბორატორიის” (DFRLab) წარმოამდგენელი იაკუბ კალენსკი დარწმუნებულია - რუსებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ დასავლეთთან საინფორმაციო ომს აწარმოებენ. დასავლეთში კი ამას ჯერ ვერ ხვდებიან. ამის შესახებ კალენსკიმ “ჯორჯია თუდეისთან” საუბარში განაცხადა.

“ევროპას ჯერაც მოსწონს კრემლთან ჭადრაკის თამაში, მაშინ როდესაც კრემლი მათ სახეში ულაწუნებს. ცხადია, ჩვენ შეგიძლია თავი მოვიკატუნოთ, თითქოს ჭადრაკს ვთამაშობთ, რადგან ჩვენ ჯენტლმენები ვართ და პარტნიორს არ ვურტყამთ. მაგრამ როდესაც პარტნიორი გირტყამს, შენ კი არ პასუხობ, შედეგი იქნება ერთი და თან სავალალო” 

 

“ბოძზე გაკრული ბიჭი”

მართლაც, შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნოა. პროექტ EU VS DISINFO-ს თანახმად: “პლურალისტულ საზოგადოებებში განსხვავებების პოვნა და მათი ექსპლუატაცია, სამიზნე აუდიტორიებზე ინფორმაციის საგულდაგულოდ მორგება, სიმართლის ბირვთზე ყალბი განცხადებების გარშემორტყმა, ნარატივების განზრახ და გაუაზრებლად მტყუანი ხმებით გაძლიერება - სწორედ ესაა კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მახასიათებლები. და ისინი ძალზედ ეფექტურია”.

რუსული პროპაგანდა როგორ მუშაობს, ერთ კონკრეტულ მაგალითზეც კარგად ჩანს. 2014 წლის 12 ივლისს, რუსეთის პირველმა არხმა ეთერში გაუშვა სიუჟეტი “ბოძზე გაკრული ბიჭის” შესახებ. სიუჟეტის თანახმად, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ქალაქ სლავიანსკის შუაგულში,  დედისა და სხვა მოქალაქეების თანდასწრებით, ბავშვი სიკვდილით დასაჯეს. ეს ისტორია ჟურნალისტებს შუა ხნის ქალმა უამბო, რომელიც თავს დევნილად ასაღებდა.  

რამდენიმე დღეში, ჟურნალისტურმა გამოძიებამ ამ ისტორიის პირველწყაროს მიაკვლია. იგი კრემლთან დაკავშირებული პოლიტილოგი აღმოჩნდა. სიუჟეტის ეთერში გასვლამდე რამდენიმე დღის ადრე, მან თითქმის იდენტური ამბავი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

ტყუილი გაიშიფრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო - ამბავი “ბოძზე გაკრული ბიჭის” შესახებ სოც. ქსელების მეშვეობით გავრცელდა და ის უამრავმა ადამიანმა შეიტყო. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული დეზინფორმაციული კამპანიები საკვანძო მომენტებში აქტიურდებდა. მაგალითად: 2016 წელს - დიდ ბრიტანეთში, როდესაც რეფერენდუმით ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის ბედი წყდებოდა. 2017 წელს - კატალონიაში, როდესაც ასიათასობით ადამიანი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვდა. 2018-2019 წლებში -საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” გამოსვლების დროს. ასევე 2019 წელს - ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. 

ყველაფრისდა მიუხედავად, ბრიუსელში ჯერაც არ აღიარებენ, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ არც არაფერი შეცვლილა და კრემლი ისევ ძველ რიტორიკას მიმართავს. 

“ეს არის მარქსისტული ნარატივები ”პროლეტარების” ჩაგვრით დაკავებული “კაპიტალისტების”  შესახებ. ოღონდ მათი პოსტმოდერნისტული, პოპულისტური ვერსია” - ასე აფასებს რუსულ პროპაგანდას ინგო მანტოიფელი, რომელიც გერმანულ “დოიჩე ველეში” რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის სამსახურებს ხელმძღვანელობს. 

მოკლედ, მოსკოვი სენსიტიურ და არაერთმნიშვნელოვან საკითხებს სათავისოდ იყენებს. კრემლი ცდილობს ემიგრანტების დისკრედიტირებას, უბიძგებს ადამიანებს, ეჭვქვეშ დააყენონ ევროკავშირის სტაბილურობა და აძლიერებს ანტი-ამერიკულ სენტიმენტებს.

2019 წელს, ლონდონის სამეფო კოლეჯის პოლიტიკის ინსტუტიტუს მკვლევარებმა, გორდონ რემზიმ და სემ რობერტშოუმ, “Russia Today”-სა და მედიაჰოლდინგ “სპუტნიკის” შესახებ კვლევა გამოაქვეყნეს. მათ დაასკვნეს, რომ 2 641 სტატიიდან, რომელიც მკითხველს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთის, იტალიის და უკრაინის შიდა საქმეებზე უამბობდა, 2 157 სტატია (81.7 პროცენტი) შეიცავდა მონაკვეთებს, სადაც საუბარი იყო პოლიტიკური სისტემების ვერფუნქციონირებაზე. 

ეს პინგ-პონგი ასევე ძველი სტრატეგიაა. ბრალდებები, რომელსაც კრემლი ისმენს, ევროპულ საზოგადოებას ბუმერანგით უბრუნდება. ამ სტრატეგიის მიზანია, დაარწმუნოს ადამიანები, რომ სინამდვილეში ყველა სისტემა ერთნაირად კორუმპირებული და მოშლილია.

 

ალტერნატივის საჭიროება - რატომ მუშაობს პროპაგანდა?

მართალია, რუსეთი პროპაგანდაზე ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს, თუმცა რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს. ელიოტის საერთაშორისო საკითხების სკოლის დოქტორი, რობერტ ორთნუნგი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ევროპაში, პირველ რიგში, საინტერესო და თავშესაქცევია. მისი აზრით, სწორედ ესაა მისი წარმატების მთავარი მიზეზი. 

“იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენ მტყუან-მართლის გარჩევა შეგიძლიათ, საინტერესო და თავშესაქცევი ამბის ყურება მაინც გესიამოვნებათ. და რაც უფრო მეტს უყურებთ, რაც უფრო უღრმავდებით მათ მიერ შემოთავაზებულ საკითხს, მით უფრო იწყებთ მის დაჯერებას”. იგი ამატებს, რომ ის ადამიანები, ვინც დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში საკუთარი აზრების და შეხედულებების გამოძახილს ვერ პოულობენ, უფრო დიდი ალბათობით დაუჯერებენ “Russia Today-ს”.

სანქტ-პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორის ივან კურილას აზრით კი, რუსული პორპაგანდა მუშაობს იმიტომ, რომ იგი ოსტატურად იყენებს ადამიანებში ალტერნატივის საჭიროებას. ამერიკელი კოლეგის მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ თუკი უმრავლესობის აზრს არ ეთანხმები, მაშინ პროპაგანდის მიმართ პოტენციურად უფრო მოწყვლადი შეიძლება გახდე. 

“პროპაგანდა ამ ადამიანებს ეუბნება: შეხედეთ, არსებობს განსხვავებული ახსნა იმისა, თუ რა ხდება ახლა სამყაროში… შეხედეთ, როგორი საინტერესო, როგორი ფუნდამენტურად განსხვავებულია ეს პერსპექტივა იმისგან, რასაც აქამდე იყავით მიჩვეული”.

პროფესორის თქმით, შემოთავაზებული ალტერნატივა რაც შეიძლება რადიკალური უნდა იყოს. რადიკალიზმი კი ადამიანებს იზიდავთ. ესაა და ეს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმირ პუტინმა კონსტიტუცია შეცვალა და იგი აპირებს ქვეყანა "დიდი ძმის" სტილში, სულ ცოტა, 2036 წლამდე მართოს, რუსული პროპაგანდის საფრთხე კიდევ დიდ ხანს იქნება აქტუალური. ტელევიზია, ციფრული მედია და სოც. მედია - იარაღები, რომელსაც კრემლი საინფორმაცია ბრძოლაში იყენებს მართლაც მრავალფეროვანია. როგორ მუშაობს რუსული ტროლების ქარხანები, რა არის ე.წ. deepfake-ების უპირატესობა, როგორ გადაიქცა ჩინეთი რუსეთის მოკავშირედ პანდემიის პირობებში და რას ნიშნავს “პოსტ-სიმართლის” კონცეფცია დემოკრატიული სამყაროსთვის? ამის შესახებ ჩვენი მომავალი სტატიებიდან შეიტყობთ. 

 

გარეკანის სურათი: ხარება ქავთარაძე

ილუსტრაცია: Shutterstock

რა ფერის ფულს გიხდიან...?

10.08.2020 13:34
Читаем Любим

Читаем Любим

Маладец Маладец Генсцвале

22.07.2020 17:23
dav1dov1ch

dav1dov1ch

ეჰმ.... 5-10 წელიწადში რომ დაიშლება რუსეთის ფედერაცია პუტინის დახმარებით მაგაზეც ვისაუბროთ ))) მემგონი შემდეგი თაობა პუტინის მადლიერი უნდა იყოს, რომ ამხელა პრობლემას გადაჭრის რასაც რუსეთი ქვია.

20.07.2020 01:43

"ურდო" პროგრესული კაცობრიობის მტერი და ტერორისტთა, გამყიდველთა, პარაზიტთა თუ ტვინგამორეცხილთა "მეგობარია"

18.07.2020 02:22
ბორის ბოხუა

ბორის ბოხუა

ისე აქ საქართველოში თუ დახურავენ რუსული ფულით დაფინანსებულ არაერთ ბეჭდურ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და ერთ ტელევიზიას კარგი იქნება, ამ ბოლო წლებში რაღაც ძალიან გაშალეს ფრთები მაგრამ ვის აწუხებს ეგ მთავრობაში

17.07.2020 21:25
ბორის ბოხუა

ბორის ბოხუა

ყველაფერში ვეთანხმები ავტორს გარდა ერთისა. ემიგრანტებს ევროპაში დისკრედიტირება არ სჭირდებათ ისედაც დისკრედიტირებულნი არიან და ისეთ დანაშაულს სჩადიან, როგორიცაა მკვლელობა, ძარცვა-ყაჩაღობა, გაუპატიურებები..თავად ევროპელები არიან უკვე საგონებელში როცა ნორვეგიასა და ჰოლანდიაში მიტინგზე შარიათის კანონებს ითხოვენ, ისე გათავხედდნენ უკვე შევიცარიის დროშაზე ჯვრის გამოცვლას ითხოვენ, ეს ყველაფერი ინტერნეტშია და არამარტო რუსულ წყაროებზე, ევროპამ ღრმად შეტოპა და ეხლა ვეღარ გამოდის. ასე რომ, თუ აქ საქართველოშიც გააშუქებენ ამ თემას კარგი იქნება, რასაც ანტიევროპული განწყობის ზრდის შიშით ტაბუ აქვს დადებული. არ გამოიწვევს ეს ანტიევროპულ განწყობას, სიმართლე უნდა ვიცოდეთ რა ხდება!

17.07.2020 21:19
ზაზა მართალი

ზაზა მართალი

კაი განხილვაა, მართლა.

15.07.2020 20:52

სახელი

კომენტარის დამატება