flash

ავტორი Iris

03.12.2018 10:33

სტრესის გავლენა ცხოვრების ხარისხზე

სტრესის გავლენა ცხოვრების ხარისხზე

 

სტრესი ჩვენს ცხოვრებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს - სამსახურში ან სწავლისას განცდილი სტრესი, ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობა, პარტნიორის ძებნა, სოციალური ზეწოლა და ა.შ. 

მოაქვს თუ არა რაიმე სარგებელი ამგვარ სტრესს? შეგვიძლია თუ არა მასთან ეფექტურად გამკლავება? თუ საბოლოოდ მას მაინც მივყავართ თამბაქოს, ალკოჰოლის, მარიხუანას ან ტრანკვილიზატორების მოხმარებამდე? ან კიდევ ფსიქოლოგებისა და სხვე თერაპევტების ძებნამდე, რათა ოდნავ მაინც შეგვიმუსუბუქონ ცხოვრება? 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტრესს ყოველთვის ობიექტური რეალობა არ იწვევს - ეს მეტწილად იმის გამოხატულებაა, თუ როგორ აღვიქვამთ რეალობას და როგორ ვრეაგირებთ მასზე.

ThroughTheNews-მა შეკრიბა საჭირო ინფორმაცია, რათა გაგიკვალოთ გზა სტრესსა და მის სხვადასხვა ასპექტებში, რათა მალე შეძლოთ მისი იდენტიფიცირება და უფრო ადვილად გაუმკლავდეთ მას. 

სტრესის შესახებ
დღესდღეისობით ფაქტობრივად შეუძლებელია პროგერსირებდე და აღწევდე წარმატებას ისე, რომ წნეხს არ განიცდიდე.  ხანდახან ეს წნეხი გვეხმარება - ის გვმატებს ენერგიასა და მოტივაციას ყოველდღიური საქმეებსა და გამოწვევებთან გასამკლავებლად, გვეხმარება ჩავეტიოთ დროში და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. ასეთ დროს უფრო ფხიზლად ვართ და ადვილად ვერგებით ახალ სიტუაციებს. გარკვეულ მომენტამდე, წნეხი გვაძლევს სტიმულს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიოლოგიურ დონეზე და ახალი უნარ-ჩვევების ათვისებაში გვეხმარება.  

თუმცა, კერძზე მარილისა და პილპილის მოყრის არ იყოს, აქაც ზომიერების ცოდნაა საჭირო. პრობლემები მაშინ იწყება, როცა ზეწოლის შედეგად მიღწეული წარმატებები აღარ გვაკმაყოფილებს; როდესაც დაღლილობა, ფრუსტრაცია და ნეგატიური აზრები დასვენების დროსაც კი აღარ გვასვენებს.

ადამიანი, რომელიც წნეხის ქვეშ, მუდამ გამძაფრებული სიფხიზლის მდგომარეობაში ცხოვრობს, საფასურს საკუთარი ენერგიის მარაგის ამოწურვით იხდის. მუდმივი ზეწოლა ქრონიკულად აზიანებს ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებას, ცხოვრების ხარისხს და საგრძნობლად ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას.

განმარტება
სტრესი ჩნდება მაშინ, როდესაც გარე სტიმულაცია (ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური) და ჩვენი მასთან გამკლავების უნარი არ ემთხვევა ერთმანეთს - მაგალითად, როდესაც გვაქვს უამრავი საქმე და ვთვლით, რომ მათ ვერასოდეს მოვაგვარებთ ბოლომდე. სტრესი ასევე ჩნდება კონფლიქტების, რთული გადაწყვეტილებების, ავადმყოფობის, ახლო ადამიანის დაკარგვისა და უბედური შემთხვევების შედეგად, ხშირად კი - პოზიტიური ცვლილებების გამოც (როგორიცაა ქორწინება, ბავშვის დაბადება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ა.შ.).

ყველაფერი ქიმიის ბრალია?
როდესაც ადამიანს საფრთხე ემუქრება, კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე მის ორგანიზმში იმატებს, რათა დაეხმაროს მას ამ საფრთხესთან გამკლავებაში (“გაიქეცი, თავს დაესხი ან გაშეშდი”). ეს ექსტრემალური სიტუაციაა, რომელმაც არ უნდა მიიღოს ხანგრძლივი ან რეგულარული ხასიათი. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებაში ეს მდგომარეობა უკვე ნორმად იქცა: უამრავი საქმე, გრძელი სამუშაო საათები, ყოველთვის უფრო მეტის მიღწევის მოთხოვნილება, აუარებელი ინფორმაცია, რომელიც ყოველდღე გვეხვევა თავს, ცხოვრების მნიშვნელოვანი საფეხურების გავლა (განქორწინება, სამსახურის დაკარგვა), სხვადასხვაგვარი კომპლექსი - ამ და ბევრ სხვა ფაქტორს მივყავართ სტრესის გახშირებულ მაღალ დონემდე. 

სტრესული სტატისტიკა
“The Anxiety and Depression Association of America” აცხადებს, რომ პაციენტთა დაახლოებით 75%-90% განიცდის სტრესთან დაკავშირებულ სიმპტომებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად იმყოფებიან ძლიერი შფოთვის მდგომარეობაში, მოულოდნელი გულის შეტევის რისკი 4.5-ჯერ უფრო მეტია; აშშ-ში მოზრდილთა 40 % განიცდის სტრესს ყოველდღე. სტრესის გლობალური ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მოზრდილთა დაახლოებით 75 %-მა გამოცადა ძლიერი სტრესი გასული თვის განმავლობაში, დაახლოებით ამ მოზრდილთა ნახევარი კი თვლის, რომ მათ მიერ განცდილი სტრესის დონემ ზოგადად აიწია ბოლო წლების განმავლობაში.

სტრესის გავლენა
ქრონიკული სტრესის შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში იმატებს კორტიზოლის დონე, რაც გარკვეული დროის შემდეგ მისთვის საზიანო ხდება. სხვადასხვა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კორტიზოლის მაღალი დონე საგრძნობლად ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების რისკს. ყველაფერი ისეთი, შედარებით მცირე პრობლემებით იწყება, როგორებიცაა დაღლილობა, ქრონიკული უძილობა, თავის ტკივილი, მადისა და მონელების პრობლემები, ცუდი ხასიათი და აკვიატებული აზრები. დროთა განმავლობაში, სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობები და დეპრესია, ფსიქოსომატური დაავადებები და ტკივილები, ჭარბწონიანობა, იმუნური სისტემის ხარვეზები, პრობლემები მეხსიერებასა და კონცენტრაციაში, გულის დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ალცჰაიმერი, კიბო, ინსულტი, დიაბეტი და ა.შ. 

რა გავლენა აქვს სტრესს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
 

ფიზიკური

დისკომფორტი, ციებ-ცხელება, აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა, დაძაბულობის გრძნობა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში (მხრები, სახე და ა.შ.), ოფლიანობა, კანკალი, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ან თავის ტკივილები. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი იწვევს დაქანცულობის შეგრძნებას, უძილობას, უნაყოფობასა და სექსუალური სურვილის გაქრობას ან სექსუალურ დისფუნქციას, არასასიამოვნო შედეგებს კუჭნაწლავზე და შენელებულ მეტაბოლიზმს.

 

ფსიქოსომატური აშლილობები და ტკივილები
ფსიქოსომატური აშლილობებს წინ ყოველთვის მაპროვოცირებელი ფაქტორი უძღვის. გარკვეული მოვლენები ნებისმიერი კრიტერიუმით სტრესულად ითვლება: საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მაგალითად, ხშირად იწვევს ფსიქოსომატურ აშლილობებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეს მოულოდნელად ან ტრაგიკულად მოხდა. 

თუმცა, ყველაზე ხშირად საქმე მხოლოდ ერთ მოვლენას არ ეხება და ფსიქოსომატური აშლილობის მიზეზი მცირე, მაგრამ ქრონიკული სტრესი ხდება, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ფაქტორი იწვევს. ასეთი ფაქტორებია ცხოვრების ცუდი პირობები, სამსახურის პრობლემები, შეუთავსებლობა ქორწინებაში და ა.შ. ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციები, ან უცებ გაჩენილი საფიქრალი, ხშირად პოულობენ გამოვლინებას ფიზიკური ტკივილის სახით, რადგან ჩვენ გვიჭირს მათი გადახარშვა ემოციურ დონეზე.

ხანდახან, როდესაც ფიზიკური ტკივილის ან ავადმყოფობის დიაგნოზირება შეუძლებელია, პაციენტს ფსიქიატრთან აგზავნიან. ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია, რადგან ფსიქიატრიული დაავადებების გარშემო ჯერ კიდევ ბევრი სტიგმა და სტერეოტიპი არსებობს. შედეგად კი უამრავი ადამიანი რჩება დიაგნოზისა და მკურნალობის გარეშე. ისინი კი, ვისი დიაგნოზირება და მკურნალობაც დროულად ხდება, საბოლოოდ ახერხებენ, დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას შეზღუდვების გარეშე. 

სიკვდილიანობა
ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება ნაადრევი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. 2014 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში ჩანს, რომ დაძაბული ურთიერთობები (მეუღლესთან, ოჯახის წევრებთან ან მეზობლებთან) და სიკვდილიანობა პირდაპირ კავშირში იყო ერთმანეთთან ათასობით 36-50 წლის ასაკის ადამიანისთვის. კვლევა ითვალისწინებდა ისეთ ფატორებს, როგორებიცაა ასაკი, სქესი, ქორწინების სტატუსი, სოციალური და პროფესიული სტატუსი, ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის ისტორია, დეპრესიის სიმპტომები და ემოციური მხარდაჭერის საჭიროება. 

შვილების ან პარტნიორების მხრიდან მოთხოვნების ან პრეტენზიების წამოყენება დაკავშირებული იყო სიკვდილის რისკის 50%-100%-ით გაზრდასთან. ხშირი დაპირისპირება ნათესავებთან კი უკავშირდება სიკვდის რისკის 2-3-ჯერ გაზრდას. 

შეჯამება
ცხოვრების მანძილზე ყველა ადამიანი სხვადასხვა დონეზე განიცდის სტრესს. მთავარია დროზე მივაქციოთ ყურადღება ზემოხსენებულ სიმპტომებს, რათა მაქსიმალურად შევძლოთ მათი უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება.

მთელი მსოფლიოს სხვადასხვა თერაპევტული დარგების ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი რეალობა მხოლოდ ნაწილობრივ შედგება იმისგან, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, მეტწილად კი ეს რეალობის ჩვენი აღქმისა და სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავების საკითხია. 
აქედან კი ის დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ჩვენ გვძალუძს სტრესის დამარცხება.არსებობს სტრესის შემცირების ბევრი მეთოდი, რომლებშიც ნამდვილად ღირს ინვესტირება, რათა შევინარჩუნოთ წონასწორობა ცხოვრების სხვადასხვა არეალებს შორის.

ერთი ძველი ანდაზა გვეუბნება, გამოსავალის პოვნის ნახევარი სირთულის აღიარებაში მდგომარეობსო. მომავალში უფრო დეტალურად განვიხილავთ სტრესის გამომწვევ მიზეზებს და შემოგთავაზებთ კონკრეტულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ დახმარების გზებს.

არ მოიწყინოთ! 

სახელი

კომენტარის დამატება