flash

ავტორი სალომე ხაჟომია

20.09.2021 17:18

უმუშევრობა, როგორც მთავარი პრობლემა

უმუშევრობა ახალგაზრდებში

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, უფრო მეტი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. ზოგიერთს საკუთარი მცირე ბიზნესის დახურვაც კი მოუწია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, უმუშევრობის დონემ 2021 წლის მეორე კვარტალში 22,1%-ს მიაღწია, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უმუშევრობის უფრო მაღალი მაჩვენებლი კაცებში ვლინდება. ყველაზე ნაკლებად ეს პრობლემა კახეთს უდგას, ყველაზე მეტად კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს. 2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,7%-ით გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ემპირიული კვლევა  ეისითის (ACT) მიერ “ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე”, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა ფაქტი, რომ ყველა რეგიონში მწვავედ დგას  უმუშევრობის საკითხი.

აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა თუ ქვემო ქართლის რეგიონებში, თვისებრივი კვლევის ფარგლებში, დასაქმების პრობლემა უმეტესწილად 24-29 წლის ახალგაზრდების წინაშე დგას, ძირითად მიზეზებს კი წარმოადგენს სამუშაო ადგილების სიმცირე, სტუდენტებზე მორგებული სამუშაო გრაფიკის არარსებობა და დამსაქმებელთა შეუსაბამო მოთხოვნები . ოთხივე რეგიონში, რომელშიც კვლევა ჩატარდა, რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარ მუნიციპალიტეტში დასაქმება ძალიან რთულია. თითოეულ მათგანში თანაბრად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობასა და ინგლისური ენის ცოდნას. 

დასაქმებულთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც ისინი სამსახურს ტოვებენ არის ის, რომ საკმაოდ ბევრი მოვალეობა აქვთ, თუმცა ანაზღაურება მცირეა. ახალგაზრდების კატეგორიაში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარება და სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა არის ის ძირითადი საჭიროებები, რასაც ისინი ითხოვენ. ამიტომ მათივე თქმით, საჭიროა ტრენინგებისა და კურსების ორგანიზება. 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული ახალგაზრდების 90%-ს მიაჩნია, რომ სკოლის ასაკში მოსწავლეებისთვის  სხვადასხვა პროფესიას გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა სტაჟირების პროგრამების არსებობა და პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში დახმარება. 

ახალგაზრდები დასაქმებისთვის სამცხე-ჯავახეთში ორ მთავარ ფაქტორად შესაბამის განათლებას და სანაცნობო წრეს ასახელებენ. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სამუშაო ადგილების არსებობა ახალგაზრდებს თავისავე მუნიციპალიტეტში დასაქმებაში ხელს შეუწყობდა, ასევე ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და ინგლისური ენის ფლობა დაეხმარებოდათ. თუმცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არამხოლოდ ინგლისური, არამედ ქართული ენის შესწავლაშიც სურთ დახმარების აღმოჩენა. 

ქვემო ქართლში რთულ საკითხს წარმოადგენს სკოლისშემდგომი განათლება. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ამგვარ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ არსებობს და მუნიციპალიტეტში პროფესიული სასწავლებელი არ არის. მათივე თქმით, თეთრიწყარო საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია და სასწავლებლის არსებობა ახალგაზრდებს შანსს მისცემდა, რომ სხვაგან არ წასულიყვნენ სამსახურის საძებნელად. 

“ამბებს  მიღმამ” გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით უმუშევრობასთან დაკავშირებულ კვლევებში ჩართულ ადამიანებს და მათი აზრი გაგვერკვია ამ საკითხთან დაკავშირებით.

კესო ესებუა, კვლევის ავტორი

ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის, ასევე სხვადასხვა კვლევის შედეგების გათვალისწინებით,  ის, რომ უმუშევრობა დასახელდებოდა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად, მოსალოდნელიც იყო. ყველა რეგიონსა თუ სამიზნე მუნიციპალიტეტში სწორედ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები იკვეთება განსაკუთრებულ პრობლემად, რომლის გადაჭრაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რთულია იმის თქმა, რომ რომელიმე რეგიონისთვის ის ნაკლებად აქტუალურია. ერთადერთი, შესაძლებელია აღინიშნოს ბათუმის მუნიციპალიტეტი, სადაც სხვა სამიზნე მუნიციპალიტეტებთან შედარებით, დასაქმების მაჩვენებელი ახალგაზრდებში უფრო მაღალია, თუმცა აქაც დასაქმება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

თუ კვლევის მიმდინარეობას შევაფასებთ, მიუხედავად პანდემიური რეალობისა, ახალგაზრდების გამოპასუხების მაჩვენებელი და ჩართულობა მაღალი იყო. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის (სკოლის ასაკის თუ უფროსი ახალგაზრდები), განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე  ახალგაზრდებმა, ასევე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებმა (შშმ პირები, სოციალურად დაუცველები) და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის.

ზოგადად, კვლევების ჩატარება და, მათ შორის, ამ ტიპის კვლევებისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ეხმარება შესაბამის აქტორებს გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ. ეს არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები სწორედ იმ საჭირობებს უპასუხებს, რომლებიც ახალგაზრდებისა თუ სხვა ჯგუფების წინაშე რეალურად არსებობს.

ახალგაზრდობის სააგენტო

ახალგაზრდების დასაქმებაზე ხარისხიანი სტაჟირება დადებით გავლენას ახდენს, ეს აღიარებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში ახალგაზრდების უფლებებთან ხელმისაწვდომობის შესახებ. 

კვლევის ჩატარების იდეა ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდობის სფეროს ეკოსისტემის შექმნის რეფორმის დასაწყისში იღებს სათავეს, რათა ახალგაზრდების საჭირობებისა და ინტერესების შესაბამისად მოხდეს, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების სტარტეგიებისა და სამოქმედო გეგმების შექმნა. თუმცა მანამდეც არსებობდა გარკვეული ღონისძიებები ახალგაზრდების საჭიროებების ანალიზისთვის. 

ჯერჯერობით მუნიციპალიტეტების მერიაში ახლახანს დაიწყეს კვლევის შესახებ ინფორმაციის დისემინირება, შემდეგი ნაბიჯია კონსულტაციები, რომლის პროდუქტი უნდა იყოს კვლევაში ამოსული პრობლემების გადაჭრის გზები.

კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა მისი პოტენციალი, ადგილობრივი ახალგაზრდობის პოლიტიკა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და რეალური პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული.

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი