flash

ავტორი გიორგი ჩაჩხიანი

19.04.2021 00:00

UNFPA-ის ანგარიში: „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“

Original Artwork by Hulya Ozdemir

განა რამდენ ქალსა და გოგონას შეუძლია, თქვას - „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“ და გააკეთოს საკუთარი არჩევანი? მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს უფლება, უარი თქვას სექსზე, თავად შეარჩიოს  მეუღლე ,გადაწყვიტოს, როდის ეყოლება შვილები, ან ეყოლება თუ არა საერთოდ. ამის მიზეზი მრავალია - რასა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, ასაკი, ან შესაძლებლობები. უფლებას, გააკეთო არჩევანი შენი სხეულის შესახებ, სხეულის ავტონომიის უფლება ეწოდება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშის „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“ მიხედვით, ამ უფლების დაცვის შესაძლებლობა გლობალურად, თითქმის ყოველ მეორე ქალს არ აქვს. 57 ქვეყანაში მცხოვრები ქალების თითქმის ნახევარს არ შეუძლია, თავად გადაწყვიტოს ვისთან და როდის ექნება სექსი, დაიცავს თუ არა თავს, ან მოიძიებს თუ არა სამედიცინო დახმარებას.

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის, ალანა არმიტაჯის, თქმით:  „სხეულის ავტონომია არის საფუძველი ადამიანის ყველა უფლებით, მათ შორის, ჯანმრთელობისა და ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრების უფლებით სარგებლობისთვის“. სხეულის ავტონომიის უფლება ნიშნავს ძალადობისა და იძულების გარეშე დამოუკიდებლად გააკეთო არჩევანი შენი სხეულისა და მომავლის შესახებ, მაგრამ მონაცემები ცხადყოფს, რომ:

  • ქალების მხოლოდ 55 პროცენტს შეუძლია, გამოთქვას თანხმობა ან უარი სექსზე და გააკეთოს არჩევანი  ჯანდაცვასა და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით.
  • ქვეყნების მხოლოდ 71 პროცენტშია გარანტირებული დედათა ჯანმრთელობის მომსახურებაზე წვდომა.
  • ქვეყნების მხოლოდ 75 პროცენტშია სამართლებრივად უზრუნველყოფილი კონტრაცეფციაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა.
  • ქვეყნების მხოლოდ 80-მდე პროცენტს აქვს სექსუალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშემწყობი კანონები.
  • ქვეყნების მხოლოდ 56-მდე პროცენტში არსებობს ადამიანის სექსუალობის შესახებ მხარდამჭერი კანონები და პოლიტიკა.

ქალების 19%-ს უკრაინაში, 23%-ს ყირგიზეთში, 31%-ს ალბანეთში, 34%-ს სომხეთში და 67%-ს ტაჯიკეთში ჯერ კიდევ არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილება ჯანდაცვის, კონტრაცეფციისა და სექსის შესახებ.

სხეულის ავტონომიის უფლების ხელყოფა სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, ბავშვთა/ადრეულ ასაკში ქორწინება, ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, ღირსების მკვლელობები, ქორწინებით დაკავშირებული პარტნიორის გაუპატიურება, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, იძულებითი ქორწინება, გაუპატიურების შემთხვევაში მოძალადეზე ქორწინების წესი, ქალწულობაზე შემოწმება და სხვა.

კვლევა ცხადყოფს, რომ გოგონებმა და ქალებმა ხშირად არც იციან, რომ მათ უარის თქმის უფლება აქვთ. მაგალითისთვის, ინდოეთში ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალდაქორწინებული ქალების აზრით, სექსი ქორწინებაში მოსალოდნელია და ეს საქორწინო მოვალეობად მიიჩნევა და არა თანხმობის საკითხად (UNFPA, 2019).  ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ქალი ყოველთვის უნდა დათანხმდეს ქმარს ინტიმურ კავშირზე, არამედ იმასაც, რომ მას პირველს არ შეუძლია თავად გამოხატოს საკუთარი სურვილები.

ზოგ ქვეყანაში, განსაკუთრებით სოფლებში, ქმარს უფრო მეტი შვილი უნდა, ვიდრე ცოლს და მიიჩნევა, რომ ოჯახის ზომისა და კონტრაცეფციის გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მათი უფლებაა. ხშირია იძულებითი ქორწინების შემთხვევებიც, როცა ადამიანები თანხმობის გარეშე ქორწინდებიან და ბავშვთა ქორწინებებიც, როცა ერთ-ერთს ჯერ კიდევ არ შესრულებია 18 წელი. ორივე ფორმის ქორწინება არღვევს სხეულის ავტონომიისა და მთლიანობის უფლებას.

20 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი „მოძალადეზე დაქორწინების შესახებ“, რაც გულისხმობს იმას, რომ მამაკაცს შეუძლია გაექცეს სასჯელს, თუ ის იმ ქალზე ან გოგოზე დაქორწინდება, რომელიც გააუპატიურა. მსგავსი კანონი მოქმედებს ალგერიაში, ანგოლაში, ბაჰნეირში, ბოლივიაში, კამერუნში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეკვატორულ გვინეაში, ღაზაში, ერიტრეაში, ერაყში, ქუვეითში, ლიბიაში, ფილიპინებში, რუსეთში, სერბეთში, ტაჯიკეთში, ტაილანდში, ტონგასა და ვენესუელაში (Equality Now, 2020). 2017 წლის მიმოხილვით დადგინდა, რომ, მაგალითისთვის, ერაყში თუკი დამნაშავე დაქორწინდება დაზარალებულზე,  მის წინააღმდეგ ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება ძალადაკარგული გახდება. რუსეთში კი, თუკი დამნაშავეს მიღწეული აქვს 18 წლისთვის და 16 წელს მიუღწეველთან ინტიმურ კავშირს დაამყარებს, დაზარალებულზე დაქორწინების შემთხვევაში, სასჯელისგან გათავისუფლდება. (Equality Now, 2017).

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორმოცდასამ ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა დაქორწინებულ პირებს შორის გაუპატიურების შესახებ (გაუპატიურება მეუღლის მიერ).  2020 წლის მონაცემებით, თანამეგობრობის 54 ქვეყნიდან 34 ჯერ კიდევ იყენებს ქორწინებას სქესობრივი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამონაკლისად(Richardson, 2020).

ზოგ ქვეყანაში გვხვდება ღირსების მკვლელობები, ძირითადად იმ თემებში, სადაც ოჯახის „ღირსება“ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევა, ვიდრე ადამიანის სიცოცლე, როგორც წესი, ქალის, რომელიც ე.წ. გარკვეულ წესებს არღვევს (Gibbs and others, 2019). ღირსების მკვლელობების მოტივებად მიჩნეულია მეუღლისგან განშორება, რომელმაც პატარძლის საფასური გადაიხადა, შეთანხმებულ ქორწინებაზე უარის თქმა, სხვა რელიგიის, ეთნიკური ჯგუფის ან კასტის პირთან ურთიერთობა, ქორწინებამდე ან ქორწინების გარეთ სქესობრივი კავშირი, გაუპატიურების ან თავდასხმის მსხვერპლობა ან ჰომოსექსუალობა(Selby, 2016).

ანგარიშში ასევე იკვეთება, რომ 30-ზე მეტ ქვეყანაში ქალების უფლება, გადაადგილდნენ სახლის გარეთ, შეზღუდულია, ხოლო ალბათობა იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებსა და ბიჭებზე განხორციელდეს სექსუალურ ძალადობა, სამჯერ უფრო მეტია და ამ  მხრივ გოგოები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან.

 „ქალი, რომელიც საკუთარ სხეულს თავად აკონტროლებს, უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს თავისი ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ის უფრო მეტს აღწევს არა მარტო ავტონომიის კუთხით, არამედ ასევე ჯანმრთელობისა და განათლების, შემოსავლისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ წარმატებული იყოს ქალი და ასევე მისი ოჯახიც,“ - აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ნატალია კანემი. 

ჩვენ გვაქვს უფლება, ვფლობდეთ ჩვენს სხეულს. ეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებითაცაა გათვალისწინებული. პროგრესის შესაფასებლად კი ორი ინდიკატორი არსებობს. პირველი ინდიკატორი 15-49 წლის იმ ქალთა პროპორციული ოდენობაა, ვინც სხეულის ავტონომიის შესახებ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე ინდიკატორი იმ ქვეყნების რაოდენობაა, რომლებშიც არსებობს კანონები 15 წლისა და უფროსი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისათვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაზე, ინფორმაციასა და განათლებაზე სრული და თანაბარი წვდომისათვის. საკუთარი სხეულის შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა კი ეფუძნება სამ მთავარ კითხვას:

ვინ იღებს, ჩვეულებრივ, გადაწყვეტილებას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ? იღებს ჩვეულებრივ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, უნდა მიმართოთ თუ არა კონტრაცეფციას? შეგიძლიათ უარი უთხრათ მეუღლეს ან პარტნიორს სქესობრივ კავშირზე, თუ არ გაქვთ სურვილი დაამყაროთ სქესობრივი კავშირი?

მხოლოდ ის ქალები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას სამივე საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნევიან, რომ სარგებლობენ სხეულის ავტონომიის უფლებით. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ ქალთა რაოდენობა მხოლოდ 55%-ია.

მეორე ინდიკატორთან მიმართებით ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ 80% აქვს კანონები, რომლებიც ხელს უწყობს სექსუალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, 75% აქვს კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს კონტრაცეპტივებზე სრულ და თანაბარ წვდომას და 56% აქვს კანონები, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველ განათლებას.

საზოგადოება და ქვეყნები მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ წინსვლას, როდესაც ყველა ადამიანს ექნება საკუთარი სხეულისა და მომავლის შესახებ არჩევნის გაკეთების უფლება. როდესაც ქალები და გოგოები გადაწყვეტილებებს საკუთარი სხეულის შესახებ თავად მიიღებენ, ამით არა მხოლოდ მათი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზრდება, არამედ ეს ხელს შეუწყობს მათ ჯანმრთელობას, განათლების დონის ამაღლებასა და შემოსავლების ზრდას. დღეს თუკი ბევრი ამბობს - „ჩემი სხეული, მაგრამ არა ჩემი არჩევანი,“ ხვალ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვთქვათ - „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“.

„მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის“ ანგარიში UNFPA-ს ყოველწლიურ გამოცემას წარმოადგენს, რომელიც 1978 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება და მასში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ახალი და აქტუალური საკითხებია გაშუქებული.

 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი