flash

ავტორი სალომე ხაჟომია

28.06.2021 18:30

ვინ როგორ ხედავს ონლაინ სწავლებას

ონლაინ სწავლება

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

მას შემდეგ, რაც Covid-19-ის პანდემია დაიწყო, სწავლება ელექტრონულ ფორმატში გადავიდა და  სხვადასხვაგვარად იმოქმედა მოსწავლეზე, მასწავლებელსა თუ მშობელზე. 2020-2021 წლები უცხო დ ახალი აღმოჩნდა მათთვის, თითოეულ მათგანს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხთან მიმართებით. ზოგ შემთხვევაში, ონლაინ სწავლება დადებითად აისახა, სხვა შემთხვევაში კი - უარყოფითად.

მასწავლებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა და შესაძლებლობა არ მიეცათ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდათ მოსწავლეებთან, აეხსნათ მასალა პირისპირ. გაკვეთილების ხანგრძლივობაც შემცირდა, რამაც, გარკვეულწილად, გაართულა პროცესი. თუმცა, ამავდროულად, დადებითი ფაქტორი ისაა, რომ მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ ელექტრონულად უფრო მეტი რესურსი გამოეყენებინათ. 

დაბალკლასელი მოსწავლეების შემთხვევაში, განსაკუთრებულად საჭირო იყო მშობლების ჩართულობა, რადგან ისინი დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ დავალებების შესრულებას და ტექნიკის გამოყენებას. გამორჩეულად აღსანიშნავია ისინი, ვინც წელს პირველად წავიდა სკოლაში და თან არ წავიდა, რადგან მათ სკოლის გარემოსთან შეგუებაც ვერ მოახერხეს ბოლომდე, პირდაპირ ონლაინ სწავლებაზე გადაერთვნენ. “ამბებს მიღმა” გაესაუბრა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს ონლაინ სწავლების გამოწვევებთან დაკავშირებით.

ნანკა ტუღუში, პირველკლასელის მშობელი

ჩემი შვილი წელს პირველად წავიდა სკოლაში, მის ცხოვრებაში ახალი და საინტერესო ეტაპი დაიწყო, თვითონაც დიდი სიხარულით და ინტერესით შეხვდა სასწავლო პერიოდის დაწყებას. დაახლოებით 2 კვირა იარა სკოლაში და შემდეგ, შექმნილი ვითარების გამო, იძულებული გავხდით გადავსულიყავით ონლაინ სწავლებაზე. სახლიდან ჩართვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან მას ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება ძალიან უჭირდა. მიუჩვეველი იყო კომპიუტერს, დამოუკიდებლად არ შეეძლო ჩართვა, სხვადასხვა გაკვეთილზე შესვლა, აუცილებელი იყო ვინმე ჰყოლოდა გვერდით. ამასთან ერთად, იღლებოდა, სურდა რომ მალე დასრულებულიყო გაკვეთილი, ყოველ დღე მეკითხებოდა სკოლაში როდის შეძლებდა სიარულს. 

როგორც პირველკლასელის დედისთვის, რა წარმოადგენდა ყველაზე დიდ სირთულეს

რადგან ბავშვისთვის ახალი  იყო საერთოდ სწავლის რეჟიმი, განსაკუთრებით ონლაინ,  ასევე კომპიუტერთან ურთიერთობა,  მშობლისგან მეტ რესურსს და ჩართულობას მოითხოვდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ იყო ტექნიკური პრობლემები, ხშირად შუა გაკვეთილის დროს ითიშებოდა პროგრამა, გამოვდიოდით სისტემიდან და ვერ ვახერხებდით ჩართვას, რასაც ძალიან განიცდიდა ბავშვი. პროგრამული ხარვეზის გამო მასწავლებელიც ვერ ახერხებდა ჩართვას ხშირ შემთხვევებში. ბავშვს ასეთ დროს სჭირდებოდა დახმარება, გარდა ამისა, ზუსტად იმ დროს, როცა ეჩვევა სწავლის რეჟიმს და მისთვის პირველია ერთ ადგილას ამდენ ხანს გაჩერება და საერთოდ მასწავლებელთან ურთიერთობა, საჭირო იყო ვინმე ჰყოლოდა გვერდით, რაც, თავისთავად, ითხოვდა მშობლის დიდი დროის გამოყოფას. მშობელზე იყო ორმაგი დატვირთვა, მასწავლებლის მიცემული დავალება ჩვენ უნდა გადაგვეცა ბავშვისთვის და განგვენმარტა დამატებით. ონლაინ სწავლების დროს საათები შემცირებული იყო და სკოლაში თუ მასწაველებლი წერის და სხვა აქტივობების დროს უთმობს ბავშვებს, აქ უკვე ძირითადად ზეპირი სწავლება იყო. 10 საათიდან 12 საათამდე დედას ან სხვა ნებისმიერ ბავშვზე პასუხისმგებელ პირს უწევდა სახლში ყოფილიყო ონლაინ გაკვეთილების დროს. 

თავად ბავშვის განწყობა და დამოკიდებულება როგორი იყო

ბავშვისთვის საკმაოდ დამღლელი იყო ონლაინ სწავლება, ერთი სული ჰქონდა სკოლაში როდის წავიდოდა. იქ ბავშვებს ნახულობდა, ერთობოდა და თან სწავლობდა და ეს პროცესი მისთვის უფრო სასიამოვნო იყო.  თუმცა, ბოლო პერიოდში უკვე როდესაც  მოერგო ონლაინ სწავლებას, საწყისი სირთულეები გადალახა, კომპიუტრეთანაც საკმაოდ ადაპტირდა და დამოუკიდებლად შეეძლო ყველა ქმედების შესრულება. ასევე ის ფაქტი, რომ ვიდეო თვალი სულ ჩართული ყოფილიყო, ამას მასწავლებელიც მუდმივად ითხოვდა. ის, რომ იყოს აქტიური, გამოთქვას საკუთარი აზრი და სრულად იყოს ჩართული გაკვეთილის პროცესში, ამის გათავისებაში მოსწავლეს მშობელი უნდა დაეხმაროს. შევეცადე, მისთვის ეს უნარები გამომემუშავებინა, ეტაპობრივად საკმაოდ აქტიურიც გახდა და ჩემი დაჯდომაც აღარ სჭირდებოდა, ოთახის კარს მოვუხურავდი და დამოუკიდებლად ერთვებოდა გაკვეთილებზე.

როდესაც ხელახლა მოგვიწია ონლაინ სწავლების გაგრძელება, ეს უფრო გაუჭირდა, თავიდან მიიღო ეს ფაქტი, სკოლაში სიარულის გამოცდილება არ ჰქონდა და შემდეგ სკოლაში რომ იარა და კიდევ  ონლაინ  მოგვიწია გადასვლა, დიდი პროტესტი ჰქონდა და სულ წუწუნებდა, არ მიყვარს ონლიან სწავლებაო . მშობლებისგანაც ვიცი, რომ ბევრს ჩართვა არ უნდოდა და დიდი ბრძოლა ჰქონდათ ბავშვებთან. მასწავლებელი აღნიშნავდა, რომ მეტ-ნაკლებად ბავშვებს ის უნარები, რაც კლასში უვითარდებათ, თუნდაც  ის, რომ დაფიდან უნდა გადაიწერონ რაიმე წინადადება, ესეც კი საკმაოდ გაუჭირდათ ბავშვებს. 

სასწავლო პროცესის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ასევე მშობლის როლი, თუ როგორ დაანახებენ ისინი გარკვეულ საკითხებს მოსწავლეებს და რა განწყობას შეუქმნიან. ნანკა ტუღუში, როგორც მშობელი, მიიჩნევს, რომ მასწავლებლის დამოკიდებულება ონლაინ სწავლის პროცესის საინტერესოდ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მისი ბავშვის მასწავლებელი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სასწავლო მასალებით, კლასგარეშე საინტერესო მოთხრობებს უკითხავდა და ონლაინ ვიდეოებსაც აყურებინებდა. ასევე, დამატებით ითხოვდა თითოეული ბავშვის კითხვის და დავალებების გაგზავნას და ბავშვებს წამახალისებელ ჩანაწერებს უგზავნიდა შექების მიზნით. “ყოველივე ამან ჩემი შვილის შემთხვევაში  და არა მარტო, დიდი ზეგავლენა მოახდინა. ვფიქრობ ეს პროცესი ყველა პირველკლასელისთვის დიდი გამოწვევაა”-თქვა ნანკა ტუღუშმა. 

მასწავლებლების ნაწილს, უფრო მეტად ასაკოვან მასწავლებლებს, გაუჭირდათ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა, რადგან მათ არ ჰქონდათ აქტიური შეხება ტექნოლოგიებთან, თუმცა საინტერესოა, რა მოხდა ახალგაზრდა მასწავლებლების შემთხვევაში. გვანცა მეტრეველმა, რომელმაც ორი წლის წინ დაამთავრა უნივერსიტეტი, პანდემიის დროს ორი სკოლა გამოიცვალა. თავდაპირველად ის 51-ე საჯარო სკოლაში ასწავლიდა. მას შემდეგ, რაც მან სკოლაში მუშაობა დაიწყო, ზუსტად ერთ სემესტრში სასწავლო პროცესი გადავიდა სრულიად ელექტრონულ ფორმატზე. ის გაკვეთილებისთვის იყენებდა პროგრამა “თიმსს”. 

გვანცა მეტრეველი, მასწავლებელი

მე ვიღებდი დავალებებს მოსწავლეებისგან და მათ ვუგზავნიდი შეფასებებს და კომენტარებს ინდივიდუალურად. სკოლის ცხოვრება შეიცვალა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, რაც განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, რადგან მათ ნაკლებად ჰქონდათ ტექნიკური შესაძლებლობები განვითარებული, დახმარებას საჭიროებდნენ მშობლებისგან.

პანდემიის დროს, Emis-მა წამოიწყო ახალი პროექტი და შექმნა ელექტრონული პლატფორმა el.ge, რომელზეც მასწავლებლების მიერ სხვადასხვა წყაროები იყო დამატებული. ერთ-ერთი მათგანი იყო ვებინარები სამოქალაქო განათლებაში. აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას ვებინარების სახლიდან მომზადებაში, რაც გარკვეული ხნის შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდა. 

პანდემიის პერიოდში, ერთ-ერთი ახალი მიღწევა იყო ტელესკოლის არსებობა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი იყო განათლების სამინისტროსთვისაც. გვანცა მეტრეველი იყო ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა ტელესკოლაში. ამ კუთხით საინტერესოა მისი გამოცდილება

ამ შემთხვევაში კომპიუტერების ნაცვლად, კამერებით დავიწყე სტუდენტებთან საუბარი სამოქალაქო განათლების შესახებ, რაც ძალიან დიდი გამოწვევა და აბსოლიტურად სხვა გამოცდილება იყო. პანდემიის მიუხედავად, ჩემთვის ეს წელი საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიულია.

სექტემბრიდან დავიწყე  მუშაობა სამოქალაქო განათლების მასწავლებლად 122-ე საჯარო სკოლაში, ვასწავლიდი დაბალ და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. კომუნიკაცია მქონდა ახალ მოსწავლეებთან ონლაინ და კომპიუტერის ეკრანიდან მათთვის თავის გაცნობა ცოტა რთული აღმოჩნდა. თუმცა, 122-ე სკოლა მონაწილეობას იღებდა ბევრ პროექტში და ამან უფრო გაადვილა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია. 

რა კეთდებოდა იმისთვის, რომ დაბალკალსელებისთვის სწავლის პროცესი არ იყოს მოსაწყენი

ზოგიერთი მოსწავლე არ რთავდა კამერას, შესაბამისად მე მიწევდა მათ ხმასთან და სურათებთან საუბარი. ის შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, ამიტომ შემდეგ ერთად შევიმუშავეთ წესები ყველა კლასში, რაც გულისხმობდა კამერების ჩართვასა და ერთმანეთის ყურებას საუბრის დროს. 

ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ 20 და 30 წუთი უფრო საინტერესო და ინფორმატიული გამეხადა მოსწავლეებისთვის, ამიტომ ვიძიებდი ბევრ დამატებით მასალას. დღეს შედარებით უფრო მიჩვეულები არიან ონლაინ კლასებს, დავალებების გაგზავნას და შეფასების მიღებას.

ლიკა ჯოხარიძე, მოსწავლე

საინტერესოა მესამე მხარის დამოკიდებულება როგორია ამ საკითხში და რამდენად დიდი გამოწვევა იყო ონლაინ სწავლა მოსწავლეებისთვის

ონლაინ სწავლებას ჰქონდა როგორც უარყოფითი,ისე დადებითი მხარეები. უარყოფითად შეგვიძლია ჩავთვალოთ მოსწავლეებისთვის საჭირო ტექნიკის არქონა. იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეების ნაწილს არ ჰქონდა პერსონალური კომპიუტერი და გაკვეთილებზე დასწრება მათთვის პრობლემას წარმოადგენდა. ასევე პრობლემა იყო ისეთი სასწავლო პროგრამის გაუმართაობა როგორიცაა Microsoft Teams, ზოგჯერ მოსწავლეების შემთხვევაში იყო პრობლემა, ზოგჯერ კი თავად მასწავლებლების. დღევანდელი მსოფლიოს მდგომარეობის მიერ გამოწვეული სტრესი მოსწავლეებზე დიდი იყო.

 ჩემთვის უფრო კომფორტულია სკოლაში სიარული, რადგან სწავლის ასეთ მეთოდს უფრო ნაკლები პრობლემა ახლავს თან და უფრო შედეგისმომცემია,ასევე საკლასო ოთახში უფრო მიადვილდება კონცენტრაცია და მასწავლებლის მოსმენა.

საზოგადოების დიდი ნაწილი ონლაინ სწავლების მომხრე იყო ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, როგორია ამასთან დაკავშირებით მაღალკლასელი მოსწავლეების აზრი

ონლაინ სწავლების დადებითი მხარეებიდან სწორედ ჩვენი ჯანმრთელობის დაცვას გამოვარჩევდი. პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების უსაფრთხოება და ნაკლებად დაინფიცირებული ადამიანი იყო, რასაც ნაწილობრივ ხელს უწყობდა ელექტრონული სწავლების არსებობა. გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდა და ამ ცვლილებამ გამოიწვია სწავლების მეთოდების შეცვლაც, რაც გულისხმობს ფიზიკური აქტივობების შემცირებას. ეს უარყოფითად არ ასახულა სასწავლო პროცესზე, რადგან საგნების რაოდენობა არ შემცირებულა, მხოლოდ ფიზიკური აქტივობა, რაც სახლიდან შეუძლებელი იყო. 

მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ეს სწავლება ყოფილიყო სკოლაში სწავლების მსგავსად ნაყოფიერი,მიუხედავად იმისა რომ 45 წუთის ნაცვლად უწევდათ 30 წუთიანი გაკვეთილების ჩატარება. პირადად მე არ მქონდა ტექნიკური პრობლემა ონლაინ სწავლების დროს, თუმცა ჩემს კლასში იყვნენ ბავშვები, რომლებსაც არ გააჩნდათ საშუალება, რომ გაკვეთილებს დასწრებოდნენ.

 

 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი