ავტორი Sandro

06.05.2020 18:40

ვის ეხმარება კორონავირუსი?

“ვეღარ გადაწყვეტთ, სად წახვალთ და სად არა. ვეღარ შეიკრიბებით. თქვენს სახლიდან გამოსვლას გავაკონტროლებთ და თქვენს კონტაქტებსაც”, - სამიოდე თვის წინ ამ წინასწარმეტყველებას ბევრ ქვეყანაში არასერიოზულად მოეკიდებოდნენ.

ახლა მოცემულობა შეიცვალა. ორ მილიარდზე მეტი ადამიანისთვის ეს სცენარი ყოველდღიურობად იქცა.  COVID-19-მა სამყაროს აჩვენა - კონსტიტუციით ბოძებული თავისუფლებები იმაზე გაცილებით მარტივი დასაკარგია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.  მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც მოსახლეობის მკაცრი კონტროლი ისედაც ხელისუფლების სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო. პანდემია კი მშვენიერი საბაბია კონტროლის გასამკაცრებლად. ამ ქვეყნებში ჩნდება კითხვა - დათმობს კი ხელისულება იმ დამატებით ინსტრუმენტებს, რომლითაც ახლა მოქალაქეების თავისუფლებებს ზღუდავს და რომელიც ძალაუფლების განმტკიცებაში ეხმარება?  და თუ კი, როდის მოხდება ეს?  საქმე ისაა, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თითქმის სრულად ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.  



თურქმენეთში “ყველაფერი რიგზეა” 

თურქმენეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერაც არ დაფიქსირებულა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად. პრეზიდენტმა ბერდი ნურმუხამედოვმა ყველაზე მარტივი გამოსავალი იპოვა - მან დაადუმა ხელისუფლება და მედიასაშუალებების დიდი ნაწილი.   ახლა კი ცდილობს, დაადუმოს საზოგადოება:  სიტყვა “კორონავირუსი” საინფორმაციო ბროშურებიდან ამოიღეს,  ადამიანებს მასზე საუბრის გამო აპატიმრებენ.  

“ჩვენ არაფერს არ ვმალავთ. ყველაფერი რიგზეა!” - ცოტა ხნის წინ ასე გამოეხმაურა შექმნილ ვითარებას ქვეყნის ვიცე-პრემიერი, რაშიდ მერიდოვი.

თურქმენეთის ლიდერს მსოფლიოში მისი ექსცენტრულობის გამო იცნობენ. იგი წერს ლექსებს, წიგნებს სახალხო მედიცინაზე და ცხენების მოშენებაზე. პრეზიდენტი ეწევა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და კამერების წინ მინისტრებთან ერთად ვარჯიშობს. ამასთანავე, იგი გატაცებულია მუსიკით - მღერის, უკრავს სინთეზატორზე და კითხულობს რეპს.  მისი სასცენო ფსევდონიმია “DJ გურბანგული”. 

საზღვარგარეთ მასზე ბევრს ხუმრობენ, თუმცა ქვეყნის შიგნით “მცველ მამას” უწოდებენ. 94% და 97% - ასეთია მისი შედეგები ორ უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ცნობით, თურქმენეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და რეპრესიული სახელმწიფოა. ხელისუფლება საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეს მთლიანად აკონტროლებს. იმ მედია-საშუალებების საიტები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ქვეყნის შიგნით დაბლოკილია. პოლიტიკური ოპონენტებს წინააღმდეგ კი დაშინებას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და პატიმრობას იყენებენ.



“მეხუთე კოლონასთან” ბრძოლა აზერბაიჯანში 

მსგავსი დღის წესრიგი არც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანისთვისაა უცხო. კოროავირუსის გავრცელებეასთან ერთად, ოპონენტების დასადუმებლად პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დამატებითი საბაბი გაუჩნდა. 

ოპიზიცია ხელისუფლებას ვირუსთან არაეფექტური ბრძოლის გამო აკრიტიკებდა.  მედია-მენეჯერი ლალა ალიევა ყვება, რომ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები დაგროვდა. 

“ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ხალხისთვის ადეკვატური დახმარების გაწევა. თანხა მწირია - 190 მანათი, ანუ 110 დოლარი. თუმცა ამასაც ყველა ვერ მიიღებს. დახმარება ერგებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვის ოჯახშიც ყველა უმუშევარია. ხელისუფლების უნიათობაზე ასობით, თუ არა ათასობით მაგალითი მეტყველებს” - ამბობს ლალა. 

პრეტენზიების პასუხად, პრეზიდენტმა ოპოზიციას მეხუთე კოლონა უწოდა, და ქვეყნის განადგურების მცდელობაში დასდო ბრალი. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში დაპატიმრებების სერია დაიწყო. სამიზნეში ხელისუფლების ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები მოექცნენ.  ოპოზიციონერ ნიჯათ აბდულაევს 30 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch” იტყობინება, რომ აპატიმრებენ ასევე ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს.

საკარინტენე ზომების დაცვა მკაცრად კონტროლდება. მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეუძლიათ. 16 მარტს ხელისუფლებამ საკარინტინე ზომების დაღვევისთვის სასჯელი გაამკაცრა. ჯარიმა, ან პატიმრობა 30 დღემდე ვადით - ამ ზომებს აზერბაიჯანში ახლა ოპოზიციასთან და სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლაში იყენებენ. 

 

“ვიქტატორის” აბსოლუტური ძალაუფლება 

ოპონენტები მას “ვიქტატორს” უწოდებენ. პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უნგრეთს უკე ათი წელია მართავს. ელიტარული კორუფცია, მედიაზე და არასამთავრობოებზე ზეწოლა, ნაციონალისტური მოძრაობების წახალისება - ევროკავშირი ამ და სხვა დარღვევებზე ყურადღებას დიდი ხანია ამახვილებს.  თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.  უნგრეთს ხელისუფლებამ ევროპული ოჯახის უახლეს ისტორიაში ეუპრეცედენტო კანონი მიიღო  - სანამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს, ორბანის ძალაუფლება შეუზღუდავი იქნება. მას ახლა ერთპიროვნულად შეუძლია დაამტკიცოს ახალი კანონები და გააუქმოს ძველი. ამისთვის პარლამენტის თანხმობა საჭირო აღარაა. როდის გააუქმებენ საგანრგებო მდგომარეობას? “მაშინ, როდესაც საჭირო იქნება” - უფრო ზუსტი პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო.

ფრილანსერი ჟურნალისტი ტიბორ რაცი საგანგაშო სიგნალებზე საუბრობს. “ხელისუფლებამ საგულდაგულოდ აგვიხსნა, რომ ვირუსთან ბრძოლა ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება” - გვითხრა მან.

უნგრეთში ასევე მიიღეს კანონი, რომლითაც ეპიდემიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება. ჟურნალისტები და უფლებადამცველები უკვე შიშობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონს რეჟიმისთვის არასასურველი ჟურნალისტების დასადუმებლად გამოიყენებენ. თუმცა არსებობს პროტესტის დადუმების სხვა ხერხებიც.  

“ოპიზიციამ პროტესტის ასეთ ფორმას მიმართა - მანქანებით პრეზიდენტის სასახლის გარშემო მოძრაობდა და ასიგნალებდნენ. თუმცა პოლიციამ ისინი დააკავა და მიზეზად “უკანონო დასიგნალება” დაასახელა. ეს თუ ტირანია არაა, მაშინ აღარ ვიცი…” - ყვება ტიბორი.

 

 

ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდ ხანს შეიძლება: თურქეთი, რუსეთი, თურქმენეთი, ირანი, უგანდა… ზოგან შეზღუდვების გარშემო დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ზოგან ხელისუფლებამ მათი  ჩახშობა უკვე მოახერხა… და რაც უფრო სუსტად ჟღერს კრიტიკული ხმები, მით უფრო ნაკლები კითხვა რჩება ამ ქვეყნების უახლოეს მომავალთან დაკავშირებით. 

 

გარეკანის სურათი: Shutterstock

სტატიაში გამოყენებული ფოტოები: South China Morning Post, Azadliq Radiosu/RFERL, Shutterstock

სახელი

კომენტარის დამატება