flash

ავტორი Sandro

01.07.2020 16:56

პუტინი აღარასდროს წავა?

ვლადიმერ პუტინი

რეჟიმის ოპონენტები ამბობენ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა - პრეზიდენტის "დიდ ძმად" გადაქცევა კრემლში დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ახლა პუტინს შეუძლია, რუსეთი 2036 წლამდე მართოს.

 

“განულება”

პუტინი ქვეყანას თითქმის 20 წელია აკონტროლებს. პრეზიდენტობის პირველი ორი ვადა 2000-2008 წლებში მოიხადა. აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე პოლიტიკური როქი გააკეთა - დიმიტრი მედვედევი 4 წლით პრეზიდენტი გახდა, პუტინმა კი პრემირ-მინისტრის სკამი დაიკავა. 2012 წელს დაბრუნდა. ამჯერად უკვე 6-წლიანი ვადით. 2018 წელს იგივე განმეორდა.  კონსტიტუციის ძველი ვერსიით, 2024 წელს ის კენჭს ვეღარ იყრიდა. ოპონენტების აზრით, კონსტიტუციურ ცვლილებებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - პუტინს საპრეზიდენტო ვადის განულება. ეს კი შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანა 2036 წლამდე მართოს.  

პოლიტტექნოლოგი გლებ პავლოვსკი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც. ოპონენტების დადუმება, კონტროლი სასამართლოებსა და მედიაზე - ამ ბერკეტებს ხელისუფლება დიდი ხანია იყენებს. თუმცა ახლა ეს აღარ კმარა.  

ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ერთ სახელმწიფოს მეორე ჩაანაცვლებს. ალფა სახელმწიფოში პუტინის წასვლის მნიშვნელოვანი, ნორმალური საკითხი იყო. ბეტა სახელმწიფოში კი მას მნიშვნელობა აღარ ექნება. პუტინი მოექცევა ინსტიტუტების ქსელის შიგნით, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული: სახელმწიფო საბჭო, ადმინისტრაცია, მთავრობა. ამ სახელმწიფოში პუტინი არასდროს წავა",- უთხრა პოლიტტექნოლოგმა გლებ პავლოვსკიმ გამოცემა მედუზას.  

პუტინის ინიციატივით, საერთაშორისო სამართლის ნორმები და შეთანხმებები რუსეთის კონსტიტუციაზე მაღლა აღარ უნდა იდგეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ევროსასამრთლოს გადაწყვეტილებების შესრულება რუსეთისთვის სავალდებულო აღარ იქნება. ანუ რუსეთის მოქალაქეები საკუთარ უფლებებს საერთაშორისო ინსტანციების დახმარებით ვეღარ დაიცავენ. ვეღარც ხელისუფლებას მოედავებიან. 

ამ კომბინაციის გათამაშება მან ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაიწყო. მაგრამ პანდემიამ გეგმები აურია. ერთმორწმუნე ეკონომიკა დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ეკონომისტების ვარაუდით, ეკონომიკა სულ ცოტა, 5%-ით შემცირდება. გარდა ამისა, კატასტროფულად დაეცა ნავთობის ფასი. ყველა ეს გარემოება მოსახლეობის ჯიბეებზე უკვე აისახა. ის ეიფორია, რომელიც საზოგადოებაში ყირიმის ანექსიის შემდეგ შეინიშნებოდა, წარსულს ჩაბარდა. პუტინის რეიტინგი კი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

 

“ხალხთან, მაგრამ ოდნავ ზემოთ”

32 წლის სამოქალაქო აქტივისტი ანტონ შეინინი ქალაქ იაროსლავლში ცხოვრობს. იგი მიიჩნევს, რომ პანდემიამ პუტინის “ერის მამობა” კითხვის ქვეშ დააყენა. 

“აქამდე იგი პოლიტიკაზე ამაღლებული იყო და მთელ პასუხისმგებლობას გარემოცვას აკისრებდა. კორონავირუსმა კი ისევ ჩვეულებრივ მოკვდავად აქცია, მას მოუხდა, ქვეყანა უშუალოდ ემართა, და მოსახლეობისთვის დაპირებები გაეცა. ერთია, როცა რამეს პრემიერ-მინისტრი ამბობს და მეორეა, როცა თავად პუტინი. ამ ჯერზე პირადად მისი დაპირებები ვერ ასრულდა და ეს მის რეიტინზე აისახა კიდეც”, - ყვება ანტონი.  

პოლიტოლოგები განმარტავენ  - მოსახლეობაში ცვლილებების მოთხოვნა მწიფდება, თუმცა ხელისუფლება მას ალტერნატივას ვერ სთავაზობს.  ამიტომაც კრემლი ფიქტიურ ცვლილებებს მიმართავს - თან “ხელისუფლების ცვალებადობის მნიშვნელობაზე” საუბრობს, თან სისტემას უფრო კეტავს და მის ვერტიკალურობას ამტკიცებს.  

პუტინის იდეის თანახმად, ქვეყნის აღმშენებლობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. ცვლილებები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ მას მხარს მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს. რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ მართალია, ამის საჭიროება არ იყო, თუმცა მან კეთილი ნება გამოიჩინა და საზოგადოებას საკუთარი აზრი დააფიქსირების საშუალება მისცა. თუმცა პუტინი არ აკონკრეტებს იმას, რომ პლებისციტზე ქვედა ზღვარი არ იქნება. ანუ რამდენი ადამიანიც არ უნდა მივიდეს ურნებთან, კენჭისყრა მაინც ჩატარებულად ჩაითვლება. 

რუსეთის “სიმართლის სამინისტრო” გაცილებით მეტ დროს უთმობს ცვლილებების მნიშვნელობას, ვიდრე მათ შინაარსს. ამიტომაც ავტორიტარული ლიდერის დიდსულოვნებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. სამოქალაქო აქტივისტები ყვებიან, რომ ხელისუფლება მოქალაქეების მობილიზებისთვის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს: დაშინებას, ზეწოლას, მოსყიდვას და… ჰომოფობიას.  

“გსურს, რომ გეებს შვილის აყვანის უფლება ჰქონდეთ? თუ არა, მაშინ ხმა მიეცი პუტინის პრეზიდენტობას” - ამ შინაარსის ვიდეორგოლი რუსულ სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ კარანტინის პირობებში გავრცელდა. იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთში ჰომოფობიის დონე ძალიან მაღალია, ბევრი ამ ვიდეოს სარკასტულად შეხვდა.

“ეს პროპაგანდა იმუშავებდა, ადამიანები მშივრები რომ არ იყვნენ და სამსახური რომ ჰქონდეთ. მაგრამ ახლა ამისთვის არავის სცხელა”, - ამბობს ანტონი. 

 

სუფთა ფურცლიდან

რუსეთში კარგად ხვდებიან - ეს კენჭისყრა და ლეგიტიმაცია პუტინს ძალიან სჭირდება. ახლა სამოქალაქო საზოგადოების აზრი ორ ნაწილად იყოფა: ზოგი ბოიკოტს ემხრობა, ზოგი კი ფიქრობს, რომ “არას” თქმა აუცილებელია.  მათ სწამთ, რომ მოქალაქეების დუმილი, საბოლოო ჯამში, ისევ პუტინის ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს. მტკიცე უარი ცვლილებებზე მკაფიო სიგნალი შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის. ამასობაში უკვე გამოიცა კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელსაც აწერია “ძალაში შევა რეფერენდუმის შემდეგ”.  არის თუ არა ეს არჩევანის ილუზია? ანტონი დარწმუნებულია, რომ არა.

“ყველაფერი მარტივადაა - ამოწმებენ, გაუვათ, თუ არა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გაუვათ” - ამბობს ანტონი.

მისივე თქმით, ჩუმი პროტესტი მოსახლეობაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მწიფდება. ახლა კი იდეალური დროა საიმისოდ, რომ საპროტესტო მუხტი გაძლიერდეს და ხელისუფლებამ წინაამღდეგობა იგრძნოს. 

ახლა რეჟიმის მოწინააღმდეგეები პლებისციტის მასობრივ გაყალებებზე საუბრობენ. როგორც უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვამ აჩვენა, საკონსტიტუციო ცვლილებების მოსახლეობის 30%-ზე მეტი ეწინააღმდეგებოდა. ანტონი ამბობდა, რომ პირველ ივლისს ბევრმა ადამიანმა ნიჩვრიტები მოიმარჯვა. ისინი საზოგადოებაში ხედავდნენ ნაპერწკლებს, რომელსაც ხანძრად გადაქცევის პოტენციალი აქვს. თუმცა კრემლის ოპონენტები კარგად ხვდებიან, რომ ჩუმი პროტესტის ხმამაღალით ჩანაცვლება მარტივი არ იქნება - პლებისციტის შედეგები პუტინისთვის მისაღები აღმოჩნდა. ახლა “ერის მამა” ყველაფერს სუფთა ფურცლიდან დაიწყებს. მაგრამ მათთვის, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის, ამ ფურცელზე ადგილი ნამდვილად აღარ გამოიძებნება. 

 

გარეკანის სურათი: ხარება ქავთარაძე

ფოტო: Konstantiv Lenkov/Shutterstock

guest

guest

NOOOOOOOOO

25.12.2020 12:53

chtobi on ni sdelal vsioravno vigliadit luchshe chem liuboi pravitel potomu chto on protiv geev i vsex satanistskix seqt.

05.06.2020 13:00

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი