ავტორი Irina

11.08.2020 12:08

მთელი ცხოვრება ერთ შენობაში - ხანგრძლივი პედიატრიული მოვლა საქართველოში

ხანგრძლივი პდიატრიული მოვლა

ილუსტრაცია: მარიამ ჩაგელიშვილი

 

“ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, ანდა, მისივე ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში, უფლება აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობითა და დახმარებით სარგებლობდეს.” - ბავშვის უფლებათა კონვენცია; მუხლი 19.

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ჩვილ ბავშვთა სახლი მდებარეობს. იქ მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აქვს დაკისრებული. უკეთესი საცხოვრებელი პირობების მისაღებად, ბავშვების ნაწილი სულ მალე საოჯახო ტიპის საცხოვრებელში გადავა, ნაწილი კი ამას ვერ მოახერხებს - ჩვილ ბავშთა სახლის ბევრი აღსაზრდეკლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს. იმ გარემოში კი, რომელიც ეს ბავშვები იზრდებიან, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. 

Ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ცდილობს ვითარება შეცვალოს - 2017 წლიდან, ქვეყანაში ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მთავარი გამოწვევა აქ ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებაა: 

“ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების საჭიროებები მრავალფეროვანია” - მიამბობს ჩეხეთის კარიტასის წარმომადგენელი, თამარ კურტანიძე. - “მათი ნაწილი ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატს საჭიროებს. ასეთი ტიპის დახმარების გაწევა დღეს არც საოჯახო ტიპის საცხოვრებელშია შესაძლებელი, ამიტომ ჩვენ სრულიად ახალი სერვისი უნდა შევქმნათ.”

ამ ახალ სერვისს ხანგრძლივი პედიატრიული მოვლა ჰქვია. 

რა არის ხანგრძლივი მოვლა? 

ხანგრძლივი მოვლა პაციენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდება ჯანრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის შესანარჩუნებლად. ხანგრძლივი მოვლის პროცესში სამედიცინო პერსონალთან ერთად ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ოკუპაციური თერაპევტები არიან ჩართული - მათი მიზანია, პაციენტის ჯანრთელობასთან ერთად, მისი სოციალური უნარების განვითარება და ინტეგრაციაც უზრუნველყონ. 

შესაბამისად, სერვისი, რომელიც ბავშვებისთვის იქმნება, განსხვავდება ჩვეულებრივი ჰოსპიტალური მომსახურებისგან.

“ეს არ იქნება ჰოსპიტალის ტიპის განყოფილება” -  განამრტავს თამარ კურტანიძე, - აქ წამყვანი იქნება ზრუნვის კომპონენტი, რადგან  ეს ბავშვები მთელ ცხოვრებას გაატარებენ ამ გარემოში. შესაბამისად გარემოც უნდა იყოს მიახლოებული ოჯახურ გარემოსთან.” - თამარი მიამბობს, რომ აქ პერსონალის დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი, რადგან ისინი ბავშვებისთვის ოჯახის წევრებს ანაცვლებენ. 

ხანრძლივი პედიატრიული მოვლის პირველი განყოფილება გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკაში განთავსდება. განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო მას არა უბრალოდ განყოფილება, არამედ სამედიცინო სოციალური სახლი დაერქმება. 

მთავარი გამოწვევები

რთული სათქმელია, რამდენი ბავშვი საჭიროებს ხანგრძლივ მოვლას საქართველოში. ჩეხეთის კარიტასში ზუსტ სტატისტიკას ვერ ასახელებენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ საჭიროება იმაზე დიდია, ვიდრე ჩატარებული სამუშაო - ჟვანიას კლინიკაში ხანგრძლივი ზრუნვა მხოლოდ ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, დედაქალაქს გარეთ კი ასეთი სერვისის მიღება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. 

“საერთაშორისო გამოცდილება ხაზს უსვამს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ჩვენთან კი ყველაფერი დედაქალაქშია თავმოყრილი. “ - მეუბნება თამარ კურტანიძე და იმედოვნებს, რომ პროექტის მარეგულირებელი ჩარჩო სხვა დაინრერესებული პირებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება. 

ეს მარეგულირებელი ჩარჩო მართლაც არის წინ გადადგმული ნაბიჯი - აქამდე, ტერმინი “ხანგრძლივი ზრუნვა” კანონმდებლობაში არც კი ფიგურირებდა, ახლა კი უკვე სამართლებრივადაა განსაზღვრული, რა არის და ვის ეხება ეს სერვისი. 

 

“დღეს ეს თემა აღარაა უხილავი, ყველამ იცის, რომ საჭიროება არსებობს, ამიტომ მხარდაჭერაც აღარ არის მცირე.” - მეუბნება თამარ კურტანიძე. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო და სამედიცინო პერსონალი ერთად მუშაობენ. 

როდესაც ბავშვი 18 წლის ხდება 

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ყველანაირ სერვისს დაწესებულების შიგნით იღებენ და მას არ ტოვებენ. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა ისინი სრულწლოვნებას აღწევენ?

ჩვილ ბავშვთა სახლის ბევრი ბენეფიციარი დუშეთისა და მარტყოფის შმმ პირთა საცხოვრისებში გადადის, სადაც 50-60 ზრდასრული ადამიანი ერთად ცხოვრობს. თამარ კურტანიძე განმარტავს, რომ ეს მიზანშეწონილი არ არის - დიდი ზომის დახურულ ინსტიტუციაში უბრალოდ ვერ ხერხდება ადამიანის ინდივიდაუალური საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება. 

ჩეხეთის კარიტასს, შემდეგ პროექტში,  ზრდასრულთა საოჯახო ტიპის სერვისის განვითრება აქვს დაგეგმილი:

“ბენეფიციარები გადანაწილდებიან მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებში. იქ მეტი დამოუკიდებლობაც ექნებათ და საკუთარი თავის მეტად რეალიზებასაც შეძლებენ.”

ეს ორი პროექტი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და საბოლოოდ, შშმ პირებზე კომპლექსურ, განგრძობით ზრუნვას ისახავს მიზნად. 

და მაინც, რჩება კითხვა

თუმცა, პროგრესის მიუხედავად, ერთი რამ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ჟვანიას კლინიკის სამედიცინო და სოციალური სახლი მხოლოდ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებზეა გათვლილი, ამ დაწესებულებისა და დედაქალაქს გარეთ კი სხვა ბავშვები რჩებიან, რომლებზეც ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ. 

“საქმე ბავშვებს ეხება. თემა სასაუბროდაც კი რთულია.” - მეუბნება თამარ კურტანიძე და მისი ემოცია ჩემთვის გასაგებია. შეიძლება ზუსტად ამიტომ ვიმეორებ ამ კითხვას მეორედ. 

როგორც არ უნდა იყოს, პირველი ნაბიჯი იმედის მომცემია - ხანგრძლივი ზრუნვის სამართლებრივი გაგება აქამდე არც არსებობდა, ახლა კი ბავშვების ნაწილი მაინც მოახერხებს მისთვის შესაფერის, ღირსეულ პირობებში ცხოვრებას. დანარჩენი, ალბათ, საზოგადოების აქტიურობაზე იქნება დამოკდებული.

სახელი

კომენტარის დამატება