flash

ავტორი Mariam

17.09.2020 00:00

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების შესახებ

საარჩევნო ინსტრუქციები

(სანამ კორონავირუსის დროს საარჩევნო წესებზე შევთანხმდებით)

კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქორწილები, ქელეხები, იუბილეები აკრძალულია, წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ღონისძიებები - არა. მოკლედ, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით, მაინც, სად დადის კორონავირუსი. თუმცა, ჩვენთვის 2020 წლის 31 ოქტომბერი „ივენთების“ კალენდარში უკვე ჩანიშნულია - ყველანი მივდივართ არჩევნებზე. სანამ გაგვარკვევენ, როგორ, რა ფორმით, რა წესების დაცვით მოგვიწევს ჩვენი კუთვნილი ხმის მიცემა სასურველი პოლიტიკური პარტიისთვის, იქამდე გადავიმეოროთ საარჩევნო პროცედურები.

დავიწყოთ მარტივი ჭეშმარიტებებით

წელს, ოქტომბერში, მეათე მოწვევის პარლამენტს ვირჩევთ, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა ემსახუროს საქართველოს ყველა მოქალაქეს. არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება. ახალ პარლამენტს 150 წევრი ეყოლება, მათგან 77 პროპორციული, 73 კი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული.

ამ საიუბილეო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც არჩევნების დღემდე, ან კენჭისყრის დღეს შეუსრულდა 18 წელი. არჩევნების დღეს დაბადებულებს განსაკუთრებით გაუმართლათ - თუ სხვა ყველა გზა მოჭრილი იქნება, სულ ცოტა, საარჩევნო უბანზე მაინც შეეძლებათ იზეიმონ საკუთარი დაბადების დღე სხვა ამომრჩეველთან ერთად.    

ადამიანების უმრავლესობას ხმის მიცემის თანასწორი უფლება აქვს. თუმცა,  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.

არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას ატარებს ცესკო, იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უფლება-მოვალეობები აკისრია. ცესკო ადგენს ჩვენი, ამომრჩევლის სიებს; აქვე ხდება  ე.წ. საარჩევნო სუბიექტების, იგივე, არჩევნებში მონაწილე პარტიების თუ საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატების დარეგისტრირება, არჩევნების შემდეგ ხმის დათვლა, საჩივრების მიღება/განხილვა და საბოლოო შედეგების გამოცხადებაც.

ნამდვილი არჩევნები დამკვირვებლების გარეშე წარმოუდგენელია. არჩევნებზე დაკვირვების უფლება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააჩნიათ. დამკვირვებელი თვალს ადევნებს საარჩევნო პროცესს, შეუძლია დაესწროს საარჩევნო კომისიის სხდომებს, არჩევნების დღეს თავისუფლად იმოძრაოს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, დააკვირდეს საარჩევნო ყუთის გახსნა-დალუქვის ცერემონიას, ხმების დათვლას, და რაც მთავარია - თუ იმდენად დაკვირვებულია, რომ საარჩევნო უბანზე რაიმე დარღვევას შეამჩნევს, მაშინვე აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მაგრამ, თუ მოხდება სასწაული და დამკვირვებელი კენჭისყრის დღეს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ დაიწყებს აგიტაციას და ყველაფერთან ერთად, სამკერდე ნიშანიც დაავიწყდება, მისი სადამკვირვებლო კარიერა იქვე დასრულდება.

არჩევნების მძიმე დღე რომ ჩაივლის და კენჭისყრა დასრულდება, იწყება ხანგრძლივი და საპასუხისმგებლო პროცედურა - ხმების დათვლა. პირველ ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისია ითვლის მის უბანში დაგროვილ ხმებს, ამ მონაცემებს კი აჯამებს საოლქო საარჩევნო კომისია. ყველაფერი კი, საბოლოოდ, ცესკოში იყრის თავს, რომელიც კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-19 დღეს, სხდომას მართავს და აჯამებს მიღებულ მონაცემებს. აქვე წყდება, მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო თუ პირველივე ტურის მონაცემებია საკმარისი არჩევნების შედეგების გამოსავლენად.

ვინ იყრის კენჭს

თუ ვინმე ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება ნებისმიერ პარტიას, საარჩევნო ბლოკს თუ მაჟორიტარ კანდიდატს შეუძლია, მწარედ ცდება.

პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის მომავალი წევრი სულ მცირე 25 წლის უნდა იყოს და საქართველოში ცხოვრების 10 წლიანი ისტორია მაინც უნდა ჰქონდეს. თუ პარლამენტის წევრობის მსურველს სასამართლო განაჩენით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, შეუძლია წინასწარვე დაემშვიდობოს ფუჭ იმედებს - საქართველოს კანონით ასეთი მოქალაქე არჩევნებში კენჭს ვერ იყრის. იმისთვის, რომ ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის ღირსად ჩაგთვალოთ, რეგისტრაციის მომენტში სულ მცირე 25 000 ხელმომწერთა არმია უნდა გედგათ უკან. არჩევნებამდე 30 დღით ადრე ცესკო ყველა რეგისტრირებული პარტიის სიას აქვეყნებს.

არჩევნებში მონაწილე პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს უფლება აქვთ წარადგინონ საარჩევნო სია. ამ სიაში 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი პარლამენტის წევრობის კანდიდატის შეყვანა დაუშვებელია. თუ რომელიმე კანდიდატი მოულოდნელად რამდენიმე პარტიის საარჩევნო სიაში აღმოჩნდება, საერთოდ ეთიშება საარჩევნო მარათონს. და რაც მთავარია, თუ არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 დღისა, სიაში შეყვანილი კანდიდატი მიხვდება, რომ პარლამენტარობა მისი ნამდვილი მოწოდება სულაც არ არის, თავისუფლად შეუძლია არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას - ცესკო ამ შემთხვევაშიც არ დაწყვეტს გულს პარლამენტარობის აღარ მსურველ კანდიდატს.  

წინასაარჩევნო კამპანია, იგივე აგიტაცია 

აგიტაცია ლათინური სიტყვაა და „აღძვრას“, ამოძრავებას“ ნიშნავს. უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში აგიტაციას ასეთი ფართო აღწერაც ახლავს:

“ზეპირი ან ბეჭდვითი მოღვაწეობა, რომლის მიზანია მოახდინოს ზეგავლენა ფართო მასების შეგნებასა და განწყობილებაზე, დარაზმოს ისინი გარკვეული საზოგადოებრივ - პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად.”

საბჭოთა წარსულის მქონე საზოგადოებისთვის, პარტიული აგიტაცია არც ისე სასიამოვნო, ხშირად, აბსურდულ ასოციაციებსაც იწვევს. თუმცა, ამომრჩეველთა „დარაზმვა“ თუ „ამოძრავება“ დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება და პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო სენტიმენტების აღძვრას არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყებენ.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკა მოსაწყენია და შემოქმედების ადგილი იქ არ არის, ძალიან ცდება. წინასაარჩევნო მოწოდებები, გამოსვლები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალა - მოკლედ, ყველაფერი ის, რაც აგიტაციისთვის არის ნებადართული, დიდ შემოქმედებით პოტენციალს ატარებს. ამის გადამოწმება ადვილად შეგიძლიათ ჩვენი ქვიზის დახმარებით, თან მეხსიერებასაც გაივარჯიშებთ. 

წინასაარჩევნო კამპანიის დროს შენობებზე, ქუჩებში სააგიტაციო მასალის გამოფენა რომ ნებადართულია, ამ აზრს უკვე დიდი ხანია შევეგუეთ. არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შეუძლიათ საკუთარი პროგრამა გააცნონ მომავალ ამომრჩეველს. მთავარია, ეს პროგრამა არ შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სახელმწიფო გადატრიალების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებებს.

დამოუკიდებელი საქართველოს არჩევნების ისტორიის მანძილზე, როგორ დარღვევებს არ შევსწრებივართ - ფქვილის და კარტოფილის დარიგებით დაწყებული, ამომრჩეველთა სიების „მკვდარი სულებით“ დაკომპლექტებით გაგრძელებული და „კარუსელების“ საარჩევნო უბნებზე ტრიალით დამთავრებული. თუმცა, ოფიციალურად, საქართველოს კანონმდებლობით, დაწესებულია შეზღუდვები, რომელთა გათვალისწინება ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს ევალება.

მაგალითად, აკრძალულია კენჭისყრის ჩატარების ადგილას ნებისმიერი სახის საარჩევნო აგიტაციის ჩატარება. ის კი არა, 25 მეტრის რადიუსში სააგიტაციო მასალის გავრცელებაც კი არ შეიძლება. და თუ ვინმეს ტოტალიზატორის გამართვის იდეა მოუვა არჩევნებთან დაკავშირებით, წინასწარვე უნდა იცოდეს, რომ დიდ კანონდარღვევასთან აქვს საქმე.

გარდა ამისა, აკრძალულია უშუალოდ საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების ან თუნდაც მათი წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალური ფასეულობების დარიგება. დაპირებების ნაწილშიც სიფრთხილეა საჭირო, სადმე ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემაზე მინიშნება არ გაიპაროს.

ცალკე აკრძალვას ექვემდებარება წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს შენობა, ტექნიკა/საკომუნიკაციო საშუალებები თუ ტრანსპორტი. 

წინასაარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები. შეიძლება მათი ქმედება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. ამ დროს აკრძალულია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვება, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის წარმართვა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მოულოდნელად, თუ პენსია გაგეზარდათ, ან ბოლო 30 წლის მანძილზე გადათხრილი გზის შეკეთება დაიწყო, ძნელია არ გაგიხარდეთ. თუმცა, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ - წინასაარჩევნო კამპანიის კანონდარღვევით ხომ არ ხდება მსგავსი ქმედება, რადგან თუ ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე 60 დღის შემდეგ იქნა მიღებული, იცოდეთ, რომ ეს აკრძალული ქმედებაა. მაგრამ, თუ სამოც დღემდე ადრეც იყო ბიუჯეტით გათვალისწინებული, შეგიძლიათ მშვიდად მიიღოთ ყველა ეს სიკეთე და ამან გავლენა არ მოახდინოს თქვენს საარჩევნო გადაწყვეტილებაზე.

ერთი სიტყვით, სანამ საარჩევნო სუბიექტი კანონით დაწესებულ აკრძალვას შემთხვევით თუ შეგნებულად გადაუხვევს, აჯობებს კარგად დაფიქრდეს - ასეთი ფაქტების გამოვლენამ, სულ ცოტა საარჩევნო კოდექსით, მისი არჩევნებიდან მოხსნა და ფულადი ჯარიმა შეიძლება გამოიწვიოს.

არჩევნები და მედია

არავის აქვს ილუზია, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები მხოლოდ კარდაკარ სიარულის, ბაღებში და სკვერებში შეკრებილი ადამიანებისთვის აგიტაციის ჩატარებით ან ქუჩებში გამოკრული ბანერების/პოსტერების იმედად არიან. წინასაარჩევნო აგიტაციის ყველაზე მძლავრი იარაღი სატელევიზიო ეთერია, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ისევ ტელევიზიის აქტიური მაყურებელია.

ნებისმიერმა ლიცენზირებულმა სატელევიზიო არხმა, წინასაარჩევნო კამპანია ობიექტურად, არადისკრიმინაციულად უნდა გააშუქოს და თანაბარი დრო დაუთმოს ყველა საარჩევნო სუბიექტს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი ყოველ საათში 5 წუთი უნდა დაუთმოს უფასო პოლიტიკურ რეკლამას. ხოლო ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი დრო 90 წამს არ უნდა აღემატებოდეს.

წინასაარჩევნო პერიოდში ტელე ან რადიოკომპანიამ ერთ დღეში საეთერო მოცულობის მაქსიმალურად 15 პროცენტი შეიძლება გამოყოს ფასიანი რეკლამისთვის, ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს. მაუწყებლებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ თავიანთ საეთერო ბადეში პოლიტიკური რეკლამის განთავსების ზუსტი დრო.

ნებისმიერი სახის საარჩევნო შინაარსის რეკლამას უნდა ჰქონდეს ფასიანი ან უფასო პოლიტიკური რეკლამის შესახებ მინიშნება.

არჩევნებამდე 48 საათით ადრე მედიას ეკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. ხოლო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, ამ ტიპის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კვლევის დამკვეთი ორგანიზაცია.

ცესკო პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად ჯერ კიდევ მსჯელობს პანდემიის პირობებში საარჩევნო პროტოკოლის შემუშავებაზე. მალე გავიგებთ, ჩვენი კალმებით მივდივართ არჩევნებზე, ღია სივრცეში ეწყობა საარჩევნო ოლქები თუ გზების გადაკეტვა გახდება საჭირო დისტანციის დაცვით რიგში მდგომი ამომრჩევლების კომფორტისთვის. ჩვენთვის, რიგითი ამომრჩევლებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენი თავისუფალი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობაა.

და ბოლოს, გადაამოწმე რამდენად კარგად გაიგე საკუთარი უფლებები და საარჩევნო კანონი ამ ქვიზის მეშვეობით:

 

სახელი

კომენტარის დამატება