flash

ავტორი Tamta

31.03.2021 16:00

ზამთარი, თოვლი და სრიალი საქართველოში

მთის კურორტები

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

მთებს საქართველოს ტერიტორიის 65% უკავია. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ამ პატარა ქვეყანაში უკვე ოთხი სათხილამურო კურორტი გვაქვს. “უკვე” იმიტომ, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ბაკურიანსა და გუდაურს თეთნულდი და გოდერძი მიემატა. ჩვენ ამ უკანასკნელზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას და გაგაძნობთ ყველაზე ,,ახალგაზრდა’’ კურორტს. 

კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მრავალფეროვანი ბუნებით.

სამთო-სათხილამურო კურორტზე ჯერ სულ ორი საბაგირო ხაზია და ტრასების საერთო სიგრძე, დაახლოებით, 8 კილომეტრია. 

მისი განვითარების პოტენციალი პირდაპირ არის დაკავშირებული განთავსების ობიექტების მატებასთან. აღსანიშნავია, რომ კურორტმა უკვე მიიქცია როგორც დამსვენებლების, ასევე ინვესტორების ყურადღება და 2021 წლის სეზონს ,,ამბასადორი ჯგუფის’’ ახალი სასტუმროთი შეხვდა.

ჩვენი ვიდეოს გმირი, ქეთო ბერაძე, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნისთანავე გოდერძის ეწვია, შეხვდა სასტუმრო ამბასადორის წარმომადგენლებს და გადაწყვიტა, გაერკვია, თუ რა პოტენციალი აქვს კურორტს და რა მნიშვნელობას ატარებს რეგიონისთვის. 

პანდემიამ ტურიზმის სექტორი განსაკუთრებულად დააზარალა. სამთო-სათხილამურო კურორტებზე 2020-2021 წლის სეზონი, დეკემბრის ნაცვლად, მხოლოდ 8 მარტს გაიხსნა.

,,ამბასადორი ჯგუფის’’ მარკეტინგის მენეჯერი, ნინო ნადიბაიძე აღნიშნავს, რომ  სასტუმრო უკვე თებერვლის დასაწყისში იყო მზად გასახსნელად და სტუმრების მისაღებად, თუმცა რეგულაციებიდან გამომდინარე გახსნის თარიღმა 1 მარტისთვის გადაიწია. 

ეს შეზღუდვა შეეხო ოთხივე მთის კურორტებზე განთავსებულ სასტუმროებს. 

,,დარწმუნებულები ვართ, რომ გოდერძის აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის საყვარელი დასასვენებელი და გასართობი ადგილი. ამისთვის ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და აქტიურად ვიმუშავოთ კურორტის პოპულარიზაციაზეც’’- განაცხადა ნინო ნადიბაიძემ. 

რესპონდენტი აქვე აღნიშნავს, რომ კურორტი გოდერძის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს აჭარის რეგიონის განვითარებისთვის. ერთი მხრივ ინვესტიციების მოზიდვისა და მეორე მხრივ სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

ბოლოს კარგი ამბით უნდა დავამთავროთ და გითხრათ, რომ ვისაც სრიალი გენატრებოდათ, 2021 წლის სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. რეგულაციებისა უსაფრთხოების დაცვით შეგიძლიათ საქართველოს ოთხივე მთის კურორტს ეწვიოთ. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი